ახალი ამბები

გამოძიება წინ უსწრებდა ხაზარაძის განცხადებას პოლიტიკურ გეგმებზე – თალაკვაძე

24 ივლისი, 2019 • 1012
გამოძიება წინ უსწრებდა ხაზარაძის განცხადებას პოლიტიკურ გეგმებზე – თალაკვაძე

პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე “თიბისი ბანკის” დამფუძნებლების – მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძისთვის – ბრალის წარდგენას ეხმაურება. თალაკვაძე ამბობს, რომ მიუხედავად ბრალის წარდგენისა, სახელმწიფო ყველანაირად ეცდება, რომ ანაკლიის პორტის პროექტი წარმატებით დასრულდეს.

ანაკლიის პორტს აშენებს კონსორციუმი, რომელსაც სწორედ მამუკა ხაზარაძე ხელმძღვანელობს.

პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, როგორც მხარეებისთვის, ასევე სახელმწიფოსთვის მნიშვნელოვანია, რომ საქმის ყველა დეტალი იყოს საჯარო და სახელმწიფომ, მათ შორის პროკურატურამ, გადაწყვეტილებასთან და საქმის წარმოებასთან დაკავშირებით ინფორმაცია სრულად გაავრცელოს.

“მე ვფიქრობ, რომ მთავარი არის საქმე ამოიწუროს და გაეცეს პასუხები იმ კითხვებს, რომელიც ამ საქმეში არსებობს. ეს იქნება როგორც სახელმწიფოსთვის, ასევე ბატონი ჯაფარიძისთვისა და ბატონი ხაზარაძისთვის ძალიან მნიშვნელოვანი“, – ამბობს თალაკვაძე.

ჟურნალისტის კითხვაზე, ხომ არ უკავშირდება ხაზარაძისთვის  ბრალის წაყენება მის გადაწყვეტილებას, შექმნას საზოგადოებრივი მოძრაობა, თალაკვაძე უარყოფით პასუხს სცემს:

“შესაძლოა, მან დააანონსა გარკვეული პოლიტიკური გეგმები, მაგრამ ეს საქმე ინიცირებულია გაცილებით უფრო ადრე. ჩვენ თვეების განმავლობაში ვადევნებთ თვალს დისკუსიას, საჯარო განხილვებს ამ თემაზე, შესაბამისად, ეს დროში წინ უსწრებდა პოლიტიკური გეგმების შესახებ გაკეთებულ განცხადებებს.

მივესალმებთ პროკურატურის მხრიდან საჯაროობას და მივესალმებით, რომ რეგულარულ რეჟიმში ბრიფინგში და სხვა საჯარო საშუალებებით მოხდეს საზოგადოების ინფორმირება  საქმესთან დაკავშირებით. რაც შეეხება პალამენტს, როგორც გითხარით – პარლამენტი ყურადღებით აკვირდება ამ საქმეს“.

რაც შეეხება ანაკლიის პორტს, თალაკვაძე ამბობს, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლება დემოკრატიასთან ერთად ეკონომიკასა და ინფრასტურქტურას ავითარებს, რაშიც ანაკლიის პორტიც მოისაზრება.

“აქ სახელმწიფოს მხრიდან ვადები განუხრელად იქნება შესრულებული. ეს იყო სწორედ მთავრობის ინიცირებული პროექტი, ამაში სწორედ მნიშვნელვოანი რესურსები გვაქვს დახარჯული სახელმწიფოს და მომავალშიც, სახელწმიფო გააკეთებს ყველაფერს თავის ვალდებულების ფარგლებში, რომ პორტის პროექტი წარმატებით განხორციელდეს.  ჩვენ ამაში გვეხმარებიან ჩვენი პარტიორებიც.

ეკონომიკას აქვს თავისი ლოგიკა და, როგორც გითხარით, ეკონომიკური თვალსაზრისით ამ პროექტს აქვს სრული მხარდაჭერა სახელწმიფოს მხრიდან, მართლმსაჯულებას აქვს თავისი ლოგიკა და წესები“, – განმარტავს ის.

კითხვაზე, როგორ აშენდება პროექტი, თუ ხაზარაძეს დააკავებენ, თალაკვაძე ამბობს, რომ ანაკლიის პორტი სახელმწიფოს, კერძო სექტორისა და საერთაშორისო ინვესტორების თანამშრომლობას ეფუძნება.

“სწორედ ეს არის მისი განხორციელების მთავარი პირობები და გარანტიები, სახელმწიფო გააკეთებს ყველაფერს, რომ ინვესტორებთან და კერძო სექტორთან ერთად ეს პროექტი წარმატებით განხორციელდეს. რაც შეეხება მართლმსაჯულების ნაწილს, მას აქვს თავისი ლოგიკა, რომელიც კანონში გაწერილია,“.

მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს პროკურატურა ბრალად სდებს ჯგუფურად 16 754 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება (დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194 მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით).

ხაზარაძე-ჯაფარიძეს ბრალი წარუდგინეს, პროკურატურა აღკვეთისთვის სასამართლოს მიმართავს

 

მასალების გადაბეჭდვის წესი