როგორც Financial Times წერს, ამით ალექსის ციპრასმა ევროპელ პარტნიორებს მიანიშნა, რომ ევროკავშირსა და საბერძნეთს შორის ეკონომიკურ სფეროში არსებული უთანხმოება შესაძლოა საგარეო პოლიტიკაზეც გავრცელდეს.
საბერძნეთის მმართველი კოალიციის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ საბერძნეთს არ დაუკმაყოფილებია საგარეო საქმეთა მინისტრებისადმი ევროკავშირის ხელმძღვანელების მიმართვა რუსეთისთვის სანქციების დაწესების განხილვის შესახებ. ევროკავშირი რუსეთისთვის უფრო მეტი სანქციის დაწესებას აღმოსავლეთ უკრაინაში ვითარების გამწვავების გამო აპირებს.
პირველი უცხოელი დიპლომატი, რომელიც ციპრასმა ოფიციცლურად, პრემიერის რანგში მიიღო, იყო რუსეთის ელჩი ათენში, ანდრეი მასლოვი, რომელმაც ციპრასს ვლადიმერ პუტინის მისალოცი დეპეშა გადასცა.
16 იანვარს რუსეთის სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ნიკოლაი ფიოდოროვმა კი განაცხადა, რომ თუ საბერძნეთს ვალები აიძულებს, რომ ევროკავშირი დატოვოს, კრემლი ათენს რუსეთში საკუთარი პროდუქციის ექსპორტში დაეხმარება, რაც მანამდე ევროკავშირის სანქციების გამო აკრძალული ჰქონდა.
საბერძნეთის საპარლამენტი არჩევნებში, რომელიც 25 იანვარს გაიმართა, მემარცხენე პარტია “სირიზამ” გაიმარჯვა და პარლამენტში 300–დან 149 მანდატი მოიპოვა. პარტიის ლიდერმა, ალქესის ციპრასმა მალევე შექმნა კოალიცია პატარა, დამოუკიდებელ ბერძნულ პარტიასთან, რომელიც ასევე ეწინააღმდეგებოდა ევროკავშირისა და საერთაშორისო სავალუტო ფონდის დახმარების პროგრამას. სირიზას ლიდერმა პირობა დადო, რომ საბერძნეთში სიღარიბე დამარცხდებოდა და ევროკავშირის ფინანსური დახმარების პირობები გადაიხედებოდა.
2010 წლის შემდეგ საბერძნეთმა 240 მილიარდი ევროს ოდენობით დახმარება მიიღო. სამაგიეროდ, საერთაშორისო სავალუტო ფონდმა, ევროკომისიამ და ევროპის ცენტრალურმა ბანკმა მოითხოვეს გადასახადების გაზრდა, სახელმწიფო პენსიის გაყინვა, პენსიაში ადრე გასვლის აკრძალვა და ასევე, მნიშვნელოვანი წილი სახელმწიფო ბიუჯეტიდან.