ახალი ამბები

ვერძეულისთვის მოსამართლეობის კონკურსში თადუმაძის მონაწილეობა გაუგებარი და უხერხულია

23 ივლისი, 2019 •
ვერძეულისთვის მოსამართლეობის კონკურსში თადუმაძის მონაწილეობა გაუგებარი და უხერხულია

EMC-ის დირექტორთა საბჭოს წევრ სოფო ვერძეულისთვის გაუგებარია, რას უკავშირდება გენერალური პროკურორის მონაწილეობა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შესარჩევ კონკურსში. ამის შესახებ მან დღეს, 23 ივლისს, ჟურნალისტებთან ისაუბრა.

ვერძეულის თქმით, უცნაური და უხერხულია თადუმაძის ეს გადაწყვეტილება, როცა 1 წლის წინ გენერალური პროკურორის თანამდებობა კონკრეტული ხედვით დაიკავა.

“ჩემთვის არა მარტო უცნაური, არამედ უხერხულიცაა გენერალური პროკურორის ამ სტატუსში ნახვა. მით უმეტეს, როდესაც ის 1 წლის დანიშნულია ამ[გენერალური პროკურორის] თანამდებობაზე. ჩემი აზრით, შერჩევის ძალიან სერიოზული და მნიშვნელოვანი ეტაპები გაიარა და კონკრეტული ხედვით მივიდა იმ უწყებაში, სადაც მივიდა. ასე რომ, მე ვერ ვხსნი, როგორ შეიძლება 1 წლისთავზე გენერალური პროკურორი, რომლის ამ 1-წლიან საქმიანობასთან მიმართებითაც ძალიან ბევრი კითხვაა, ახლა ამბობდეს, რომ მას აღარ სურს გენერალური პროკურორობა და ურჩევნია, იყოს მოსამართლე. ეს რა ტიპის პროფესიული არჩევანი ან რა ტიპის განაცხადია საერთოდ თანამდებობის პირის მხრიდან, ჩემთვის არის გაუგებარი და უხერხულიც კი”, – აღნიშნავს ის.

საქართველოს მთავარი პროკურორი 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე იყო “ქართული ოცნების” ლიდერის, ბიძინა ივანიშვილის პირადი ადვოკატი და მის ინტერესებს წლების განმავლობაში იცავდა სასამართლოებში. ხელისუფლების ცვლილების შემდეგ კი მნიშვნელოვან პოზიციებზე მუშაობდა, მათ შორის, იყო მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, მთავრობის საპარლამენტო მდივანი. შალვა თადუმაძე 2018 წლის ივლისში პარლამენტმა აირჩია მთავარ პროკურორად 6 წლის ვადით.

თადუმაძე განმარტავს, რატომ აირჩია რეკომენდატორებად მხოლოდ “ოცნების” წარმომადგენლები

მასალების გადაბეჭდვის წესი