ახალი ამბები

სალიას მოსაზრებით, ხალვაშისთვის რ2-ის მყისიერი გადაფორმება კანონიერია

23 ივლისი, 2019 • 755
სალიას მოსაზრებით, ხალვაშისთვის რ2-ის მყისიერი გადაფორმება კანონიერია

“რუსთავი 2-ის” გენერალური დირექტორი პაატა სალია არ იზიარებს ყოფილი დირექტორის, ნიკა გვარამიასა და არხის იურისტების პოზიციას იმის შესახებ, რომ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებამდე ქიბარ ხალვაშისთვის რუსთავი 2-ის გადაფორმებით კანონი დაირღვა.

სალიას თქმით, სტრასბურგის გადაწყვეტილებაში ცალსახად წერია, რომ გაუქმდა ის დროებითი ღონისძიება, რომელიც უზენაესის მიერ მიღბული გადაწყვეტილების აღსრულებას აყოვნებდა:

“შეგახსენებთ, რომ სტრასბურგის სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება რომლითაც რუსთავი 2- ის სარჩელი და მისი იმდროინდელი მესაკუთრეების, ყარამანიშვილების და ტელეკომპანია საქართველოს სარჩელები არ დაკმაყოფილდა. მიუთითა, რომ გაუქმდეს ის დროებითი ღონისძიება, რაც იყო ერთადერთი დაბრკოლება საქართველოში მიღებული გადაწყვეტილების დასარეგისტრირებლად. სპეკულაციებია, რომ სამი თვის ვადაში არ შეეძლო იუსტიციის სამინისტროს დაერეგისტრირებინა ეს გადაწყვეტილება, ვინაიდან გამოირიცხა ეს საკითხი, რომ არსებობდა საფრთხე გამოხატვის თვისუფლების შეზღუდვის”, – ამბობს სალია. მისივე თქმით, ტელეკომპანიის მფლობელია ქიბარ ხალვაში და, შესაბამისად, რუსთავი 2 არ აპირებს არანაირი გადაწყვტილების გასაჩივრებას. როგორც სალია ამბობს,  არ იცის, რუსთავი 2-ის იურისტები ვისი ინტერესების გათვალისწინებით აპირებენ სტრასბურგის გადაწყვეტილების გასაჩივრებას, თუმცა ამას ტელეარხის სახელით ვერ შეძლებენ.

ტელეკომპანიის იურისტების განცხადებით, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე თანდართულ განმარტებაში წერია, რომ ეს გადაწყვეტილება საბოლოო არაა და ძალაში შევა, თუ 19 ოქტომბრამდე დიდ პალატაში არ გასაჩივრდება. “რუსთავი 2”-ის ადვოკატები აპირებენ მიმართონ დიდ პალატას, თუმცა პირველ ეტაპზე აპირებენ გაასაჩივრონ საჯარო რეესტრის მიერ 18 ივლისს მიღებული აქტები.

ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს 18 ივლისის გადაწყვეტილებით, ქართულ სასასმართლოებში მიღებული გადაწყვეტილება არის კანონიერი. სწორედ ამის შემდეგ, ქიბარ ხალვაში რეესტრში დარეგისტრირდა რუსთავი 2-ის მფლობელად, რომელმაც იმავე დღესვე დირექტორის პოსტიდან გადააყენა ნიკა გვარამია და ის თავისი ადვოკატით, პაატა სალიათი ჩაანაცვლა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი