რას (არ) ადასტურებს უსუფაშვილი ოქრუაშვილის დღევანდელი მონათხრობიდან

საქართველოს პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე, დავით უსუფაშვილი ადასტურებს, რომ 2014 წელს ირაკლი ოქრუაშვილს მართლაც შეხვდა და გადასცა მისი ორი გზავნილი ბიძინა ივანიშვილს, რაზეც ქართული ოცნების დამფუძნებლის პასუხიც დაუბრუნა, თუმცა ამის მეტი არაფერი იცის.

დავით უსუფაშვილი ნეტგაზეთთან საუბრისას ასე აღწერს 2014 წელს ირაკლი ოქრუაშვილთან შეხვედრას:

“2014 წელს ირაკლი ოქრუაშვილი დამიკავშირდა საკუთარი ინიციატივით და მთხოვა შეხვედრა. მე მას შევხვდი იუსტიციის სახლში, პარლამენტის თავმჯდომარის ოფისში. ამ შეხვედრაზე ოქრუაშვილმა მითხრა, რომ მას ჰქონდა მზაობა მნიშვნელოვან სისხლის სამარლის საქმეებზე ჩვენებების მიცემის და ჰქონდა სურვილი, ქართული ოცნების ლიდერებთან პოლიტიკური თანამშრომლობის. მან მთხოვა, რომ ეს ორი ფაქტი, რომ მზად იყო ჩვენებების მისაცემად და რომ მას სურდა ივანიშვილთან პოლიტიკური ურთიერთობების დამყარება, გადამეცა ივანიშვილისთვის.

მე ამის თაობაზე ვესაუბრე პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს და ბიძინა ივანიშვილს, ხოლო ოქრუაშვილს დავუბრუნე მათი პასუხი, რაც დაახლოებით ასეთი იყო: პროკურატურასთან თანამშრომლობისა და ჩვენებების ნაწილში ირაკლი შოთაძე [ყოფილი მთავარი პროკურური] დაუკავშირდებოდა, ხოლო დანარჩენ საკითხებზე მომავალში იფიქრებდნენ და იმსჯელებდნენ.

წერტილი.

ამის შემდეგ მე არ მქონია არანაირი შეხება ამ თემასთან, მათ უერთიერთობასთან და ა.შ. ანუ, ყოველგვარი საუბარები იმის თაობაზე, რომ ის რაიმე ყალბი ჩვენების მიცემას აპირებდა, მზად იყო სიცრუისთვის და რაღაც ამ ტიპის ნონსენსები, ჩემთან ოქრუაშვილის საუბარში, ცხადია, არ ყოფილა ნახსენები და ვერც იქნებოდა. ასევე, ამ თემაზე არანაირი საუბარი არ ყოფილა ღარიბაშვილი-ივანიშვილის მხრიდან, რომ თუ ირაკლი იცრუებდა, მაშინ მას შესაძლოა სხვანაირად დალაპარაკებოდნენ.

ჩემი მონაწილეობით და ჩემი თანდასწრებით ცრუ ჩვენებებზე, სიყალბეებზე არც ოქრუაშვილს უსაბრია ჩემთან, როცა შემხვდა, და არც ივანიშვილ-ღარიბაშვილს, როცა მე მათ ამაზე ვესაუბრებოდი. ესაა სიმართლე. დანარჩენი ახლა, ვის რა და როდის სჭირდება, ეს ცოტა რთული საქმეა”.

როგორც დავით უსუფაშვილმა ნეტგაზეთს განუცხადა, დღეს დილას დაურეკა ირაკლი ოქრუაშვილმა და ჰკითხა, წინააღმდეგი ხომ არ იყო, გაესაჯაროებინა 2014 წლის მათი შეხვედრის ფაქტი:

ცხადია, მას ვუთხარი, რომ დასამალი არც მაშინ მქონდა რამე და არც დღეს მაქვს. ამიტომ ამ ფაქტის თაობაზე მე არანაირი პრობლემა არ მაქვს, თუ თვითონ, ივანიშვილი ან სხვა ვინმე ილაპარაკებდა ამაზე. ეს არის სიმართლე. მე შემიძლია ვისაუბრო მხოლოდ იმაზე, რისი მომსწრეც ვიყავი. ოქრუაშვილი მოვიდა ჩემთან და მითხრა, რომ ის მზად არის ითანამშრომლოს გამოძიებასთან და მისცეს მნიშვნელოვანი ჩვენებები, ასევე, აქვს სურვილი პოლიტიკური თანამშრომლობის ოცნებასთან. ეს არის, რაც მე ვიცი. ამის იქით, ვინ რა მოტივით მოქმედებდა მაშინ ან დღეს და ა.შ., ეს არ ვიცი”.

დავით უსუფაშვილის განცხადებით, ირაკლი ოქრუაშვილთან დაკავშირებით ნამდვილად სწყდება გული:

ოქრუაშვილს ვიცნობ 27-28 წელია და ამ წლების განმავლობაში, არ ვიცი, იგი მერამდენედ აღმოჩნდა იმ ვითარებაში, როდესაც რაღაც ჩვენებებს ცვლის. თუ მაშინ ასე ამბობდა, ახლა ისე ამბობს და ა.შ. ეს მე ადამიანურად ძალიან არ მსიამოვნებს”.


დღეს, 22 ივლისს, ირაკლი ოქრუაშვილმა განაცხადა, რომ 2014 წელს ჩვენება, სადაც საუბრობს იმის შესახებ, რომ რუსთავი 2 დავით დვალსა და ჯარჯი აქიმიძეს წაართვეს, ბიძინა ივანიშვილის თხოვნით მისცა. ოქრუაშვილმა ჟურნალისტებს 2014 წლის SMS წაუკითხა, სადაც, მისი თმქით, დავით უსუფაშვილი გადასცემს ბიძინა ივანიშვილის გზავნილს, რომ ირაკლი შოთაძე დაუკავშირდებოდა, ისაუბრებდნენ და დანარჩენზე მერე ილაპარაკებდნენ.

ოქრუაშვილის თქმით, 2014-ში დვალი/აქიმიძეზე ჩვენება ივანიშვილის თხოვნით მისცა

 

ოქრუაშვილმა გამოძიებას უთხრა, რომ დვალს და აქიმიძეს აიძულეს რუსთავი 2-ის წილების დათმობა – დვალი

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
გიორგი დიასამიძე არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2014 წლიდან. აშუქებს საზოგადოებრივ-პოლიტიკურ თემებს, სპორტს და სხვა მიმდინარე მოვლენებს. ასევე, მუშაობს განათლების, ადამიანის უფლებებისა და სოციალურ საკითხებზე.