ახალი ამბები

რა ბედი ელის რ2-ის “მესამე არხს”

22 ივლისი, 2019 • 3700
რა ბედი ელის რ2-ის “მესამე არხს”

სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ შპს სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ის ახალი მფლობელი, ქიბარ ხალვაში, მთავარი არხის, „რუსთავი 2“-ის გარდა, ტელეარხ „მარაოსა“ და „მესამე არხსაც“ ფლობს. უფრო ზუსტად, მათ ავტორიზაციებს/სიხშირეებს;

თუმცა „მესამე არხის“ ლოგო, ბრენდი და არხზე გასული კონტენტის ნაწილი არ არის რ2-ის საკუთრება. ეს ყველაფერი ეკუთვნის „ფორმულა კრეატივს“ (იგივე შპს „ფორმულა პროესკო ფროდაქშენს“), რომლისთვისაც შპს რუსთავი 2-ს სამართავად გადაცემული აქვს „მესამე არხი“. რაც შეეხება სტუდიას და აპარატურას (კამერები და ა.შ) — რ2-ის საკუთრებაა; რა ბედი ელის „მესამეს“?

ერთი კომპანია, სამი ავტორიზაცია

როგორც ნეტგაზეთს „რუსთავი 2“-ის ადვოკატმა, თამთა მურადაშვილმა განუცხადა, შპს სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ს (რომელიც ამჟამად უკვე ბიზნესმენ ქიბარ ხალვაშს ეკუთვნის) სამი ავტორიზაცია აქვს. ეს ნიშნავს, რომ კომპანია სამ სამაუწყებლო სიხშირეს ფლობს, რომლებზეც გადის „რუსთავი 2“, „მესამე არხი“ და „მარაო“.

„შესაბამისად, სამივე არხი, რომელიც შპს სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ის შემადგენლობაშია, ქიბარ ხალვაშის საკუთრებაშია“, — გვითხრა მურადაშვილმა. იგივე გვითხრა არხის მეორე ადვოკატმა, დიმიტრი საძაგლიშვილმაც.

როგორც საძაგლიშვილი გვეუბნება, ეს არ გულისხმობს, რომ კონტენტი — ანუ ის, რაც ამ არხებზე გადის — მთლიანად ეკუთვნის შპს სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ს. „მაგალითად, რ2-ის მაგალითზე, „ჩემი ცოლის დაქალები“ არ არის მისი საკუთრება. უბრალოდ, ყიდულობს… არის გადაცემები, რაც რ2-ის არის, არის გადაცემები, რომლებიც მათი არ არის“, — ამბობს იგი.

რა ელის „მესამე არხს“

სამეწარმეო რეესტრში 2019 წლის 25 მარტიდან დარეგისტრირებულია შპს „მესამე“, რომლის მესაკუთრეც თავად დიმიტრი საძაგლიშვილი (50%) და შპს „ფორმულა პროესკო ფროდაქშენი“ (50%) არიან.

თუმცა, როგორც საძაგლიშვილი ამბობს, შპს „რუსთავი 2“-ს „მესამე არხი“ სამართავად გადაცემული აქვს „ფორმულა პროესკო ფროდაქშენისთვის“ და არა შპს „მესამისთვის“. „მართვაში გადაცემა იმას გულისხმობს, რომ ხარჯებსაც ის [„პროესკო ფროდაქშენი“] იღებს, რ2 უბრალოდ სიხშირეს აძლევს“, — ამბობს ის.

დიმიტრი საძაგლიშვილის თანახმადვე, „მესამის“ კონტენტის დიდი ნაწილი ეკუთვნის „ფორმულა პროესკო ფროდაქშენს“; იმ ადამიანებს, ვინც ამ კონტენტზე მუშაობს და მას ქმნის, ხელფასებს უხდის „პროესკო ფროდაქშენი“.

როგორც „ნეტგაზეთს“ „მესამე არხის“ ერთ-ერთმა პროდიუსერმა, ზუკა გუმბარიძემ განუცხადა, „მესამის“ ლოგო და ბრენდი „ფორმულა კრეატივს“ ეკუთვნის, თუმცა, რამდენად გამოიყენებენ მას უახლოეს მომავალში, სხვა საკითხია.

შესაბამისად, ჯერ უცნობია, გააგრძელებს თუ არა “მესამე” არსებული ფორმით მაუწყებელობას ამ ან სხვა სიხშირეზე.

„შეიძლება საერთოდ არ გამოვიყენოთ. მაგრამ რაც შეეხება საავტორო უფლებებს, ნაწილობრივ ჩვენი დამზადებული კონტენტი იყო (მაგალითად, მიშა მშვილდაძის გადაცემა), და ძირითადად დიდი ნაწილი იყო რ2-ის კონტენტი, — უცხოური სერიალები, რაც რ2-ს აქვს ნაყიდი; ამასთან, კამერები, აპარატურა, რაც რ2-ის იყო, რ2-ს რჩება“, — გვითხრა მან.

მასალების გადაბეჭდვის წესი