ახალი ამბები

მეთოფიშვილი: ვადასტურებ, რომ რამდენიმე კოლეგასთან მქონდა საუბარი კანდიდატებზე

22 ივლისი, 2019 • 1117
მეთოფიშვილი: ვადასტურებ, რომ რამდენიმე კოლეგასთან მქონდა საუბარი კანდიდატებზე

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი სერგო მეთოფიშვილი ომბუდსმენის ანგარიშს აკრიტიკებს, სადაც სახალხო დამცველი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევისას ბიულეტენში დამთხვევებზე საუბრობს.

მოსამართლის თქმით, ანგარიშში აბსურდული არითმეტიკაა, თუმცა ადასტურებს, რომ რამდნიმე კოლეგასთან მართლაც გაიარა კონსულტაციები კანდიდატებთან დაკავშირებით:

“იცნობთ თუ არა რომელიმე კონსტიტუციურ ორგანოს, სადაც წინასწარი შეთანხმების ანდა კონსულტაციების გარეშე თუნდაც ორი-სამი ადამიანს შორის [იღებენ გადაწყვეტილებებს და სადაც] ეს კონსულტაციები ერთმანთში აკრძალულია. მე ახლაც ვადასტურებ, რომ რამდენიმე ჩემს კოლეგასთან მონდა საუბარი კანდიდატებთან მიმართებით; ზოგადად და არა, რა თქმა უნდა, 10 თან და 20 თან. 2-3 კოლეგასთან მქონდა საუბარი.

ვინმეს ეკრძალება ერთმანეთში კონსულტაციების გამართვა რაღაც საკითხთან დაკავშირებით? კიდევ ერთხელ ვადასტურებ, შეიძლება გავიარო კონსულტაციები, გავცვალოთ მოსაზრებები, მაგრამ, საბოლოო ჯამში, გადაწყვეტილებას მე ვიღებ. ეს არ ნიშნავს, რომ რაღაც შეთქმულებას აქვს ადგილი ჩვენ შორის”, – ამბობს მეთოფიშვილი.

20 ივნისს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უზენაესის მოსამართლეობის 50 კანდიდატი შეარჩია. ფარულ კენჭისყრაში მონაწილეობდა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 13 წევრი, რომელთაგან თითოეულს ჰქონდა 1 ბიულეტენი და 20 ხმა (გამოცხადებული ვაკანსიის ოდენობის შესაბამისად).

სახალხო დამცველის შეფასებით, ბიულეტენებისა და მიცემული ხმების დათვლის პროცესზე დაკვირვებამ გამოავლინა 13-დან 10 ბიულეტენი, რომელიც შემოხაზული იყო ერთნაირი სქემითა და დამთხვევების ძალიან მაღალი ხარისხით. კერძოდ:

გამოვლინდა 4 ბიულეტენი, სადაც, ჯამში, 137 კანდიდატიდან ზუსტად 20 ერთი და იგივე კანდიდატი იყო შემოხაზული;

გამოვლინდა სხვა 3 ბიულეტენი, სადაც, ჯამში, 137 კანდიდატიდან შემოხაზული იყო სხვა, ზუსტად 20 ერთი და იგივე კანდიდატი (და არა ისინი, ვინც პირველ პუნქტში ნახსენებ 4 ბიულეტენში იყო შემოხაზული);

გამოვლინდა სხვა 2 ბიულეტენი, სადაც შემოხაზული იყო მეორე პუნქტში მითითებულ 3 ბიულეტენში შემოხაზული 15 კანდიდატი და კიდევ სხვა 5 კანდიდატი;

გამოვლინდა სხვა 1 ბიულეტენი, სადაც შემოხაზული იყო პირველ პუნქტში მითითებულ 4 ბიულეტენში შემოხაზული 15 კანდიდატი და მესამე პუნქტში მითითებულ 2 ბიულეტენში შემოხაზული 5 კანდიდატი.

“მოცემული 10 ბიულეტენის, ჯამში, 5 ხმა მიიღო 30-მა კანდიდატმა, 4 ხმა – 5-მა კანდიდატმა, ხოლო 3 ხმა – 10-მა კანდიდატმა (სულ 45 კანდიდატი). ყველა მათგანი გადავიდა შერჩევის მომდევნო ეტაპზე. დანარჩენ 3 ბიულეტენში ამ ხარისხის დამთხვევა არ გამოვლენილა და მათში შემოხაზული 5 კანდიდატი, რომელსაც დარჩენილი 10 ბიულეტენიდან არცერთი ხმა არ მიუღია, გადავიდა შემდეგ ეტაპზე. ზემოაღნიშნულ 10 ბიულეტენს შორის ასეთი მაღალი ხარისხის დამთხვევა კითხვებს აჩენს. გასათვალისწინებელია ისიც, რომ შერჩევის ამ ეტაპისთვის კანდიდატების კეთილსინდისიერებისა და კომპეტენტურობის კრიტერიუმებით შეფასების მექანიზმი არ განსაზღვრულა, მაშინ როდესაც საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლი აღიარებს საქართველოს ყველა მოქალაქის უფლებას, დაიკავოს საჯარო თანამდებობა, თუ იგი აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს”, – ნათქვამია ომბუდსმენის განცხადებაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი