ახალი ამბები

სარედაქციო დამოუკიდებლობა არ ნიშნავს ვინმეს ახირებების შესრულებას – ხალვაში

22 ივლისი, 2019 • 1887
სარედაქციო დამოუკიდებლობა არ ნიშნავს ვინმეს ახირებების შესრულებას – ხალვაში

“მე, ბუნებრივია, საკუთარი სიტყვის ერთგული ვრჩები და კიდევ ერთხელ ვადასტურებ, რომ სარედაქციო დამოუკიდებლობა იქნება გარანტირებული. თუმცა აქვე მინდა ყველას ვუთხრა, რომ სარედაქციო დამოუკიდებლობა არ ნიშნავს ვინმეს ახირებების და კაპრიზების შესრულებას,  დესტრუქციული ამოცანების მქონე პირების გემოვნებაზე მორგებას და მათი ეთიკის ჩარჩოებში ოპერირებას”, – რ2-ის ინფორმაციით, ამის შესახებ ქიბარ ხალვაში საუბრობს მის მიერ დღეს გავრცელებულ განცხადებაში.

რ2-ის მფლობელმა განცხადება დღეს გაავრცელა.

ხალვაშის თქმით, სარედაქციო დამოუკიდებლობის სრულფასოვანი რეალიზება მხოლოდ საერთაშორისოდ აღიარებული მედიასტანდარტების პირობებშია შესაძლებელი. “რუსთავი 2”-ის მფლობელი აცხადებს, რომ ტელეკომპანიას უცხოელი მედიამენეჯერი უხელმძღვანელებს. ხალვაშის განცხადებიდან ნათლად არ ჩანს, საუბრობს უცხოელ დირექტორზე და, შესაბამისად, პაატა სალიას შემცვლელზე, თუ საინფორმაციო სამსახურის უფროსზე ან პროდიუსერზე, რომელიც შინაარსზე იქნება პასუხისმგებელი.

“მიმაჩნია, რომ ჩვენი სარედაქციო პოლიტიკა და ჟურნალისტთა დამოუკიდებლობა უნდა გამომდინარეობდეს იმ საერთაშორისოდ აღიარებული პრინციპებიდან, რომლებსაც ეფუძნება თანამედროვე ცივილიზებული მედია. ესაა ჟურნალისტის პროფესიული თავისუფლების პირობებში მიღწეული მიუკერძოებლობა და გავრცელებული ინფორმაციის სიზუსტე, რამაც სანდოობა და საზოგადოებრივი ანგარიშვალდებულების მაღალი ხარისხი უნდა უზრუნველყოს; ამავე დროს, გამოხატვის თავისუფლება იმგვარად უნდა იყოს უზრუნველყოფილი, რომ არ მიაყენოს ზიანი ან შეურაცხყოფა აუდიტორიას, დაიცვას ეთიკური სტანდარტი და არ დაუშვას შეგნებულად სიცრუის და ცილისწამებლური ინფორმაციის გავრცელება, ყველა მხარეს უნდა მიეცეს აზრის და პოზიციის გამოხატვის საშუალება.

ზემოთ ჩამოთვლილი პრინციპები, დარწმუნებული ვარ, ჟურნალისტებისთვის ახალი არაა და მჯერა, რომ ამ პრინციპების დაცვით შევძლებთ ერთობლივ მუშაობას. სწორედ ამ პრინციპების და სტანდარტების განუხრელად დაცვის ხელშესაწყობად ვარჩევთ მაღალი რეპუტაციისა და დიდი პრაქტიკული გამოცდილების მქონე უცხოელ მედიამენეჯერს და დარწმუნებული ვართ, რომ არხზე ამჟამად მომუშავე პროფესიონალები იოლად გამონახავენ მასთან საერთო ენას”, – აცხადებს ხალვაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი