ახალი ამბები

ადვოკატის ინფორმაციით, ემზარ კვიციანი საპატიმროს 28 იანვარს დატოვებს

27 იანვარი, 2015 •
ადვოკატის ინფორმაციით, ემზარ კვიციანი საპატიმროს 28 იანვარს დატოვებს

“ერთი ფორმალური დეტალიღა დაგვრჩა, 28 იანვარს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში უნდა გაიმართოს პროცესი, სადაც სასამართლომ უნდა დაადასტუროს ეს საპროცესო შეთანხმება, იმ პირობებში, რაშიც ჩვენ ის მივიღეთ”, – ამბობს ადვოკატი კობაიძე ნეტგაზეთთან საუბარში.



 

რაც შეეხება საპროცესო შეთანხმების პირობებს, კობაიძის განმარტებით, მხარეები შეთანხმდნენ 11-თვიან პატიმრობაზე. ეს სწორედ ის პერიოდია, რაც კვიციანს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში უკვე გატარებული აქვს, ანუ მას ეს სასჯელი უკვე მოხდილი აქვს:


“28 იანვარს სრულდება 11 თვე და 4 დღე, რაც ემზარ კვიციანი პატიმრობაში იმყოფება. ჩვენ ბრალს ვაღიარებთ, თუმცა ვაღიარებთ სასჯელს, რის საშუალებასაც საპროცესო კოდექსი გვაძლევს”.


კობაიძის თქმით, პროკურატურამ კვიციანს საპროცესო შეთანხმება თვითონ შესთავაზა ზუსტად 3 დღის წინ. რაც შეეხება იმას, თუ რატომ გადაწყვიტა პროკურატურამ კვიციანთან საპროცესო შეთანხმების გაფორმება ახლა და არა 2 თუ 6 თვის წინ, ადვოკატი ამბობს:


“ჩვენი მოსაზრებები გვაქვს ამაზე, მაგრამ შეგნებულად არ გავახმაურებ. ჯობია, ბატონმა ემზარმა თავად გააკეთოს კომენტარი ჟურნალისტებთან, როცა ის ციხეს დატოვებს”, – აცხადებს იგი. ადვოკატის თქმით, პროკურატურის რიგები დატოვა პროკურორმა თენგიზ ხარებავამ, რომელიც კვიციანის საქმეში სახელმწიფო ბრალმდებელი იყო. კობაიძის თქმით, დაცვის მხარე მის აცილებას ითხოვდა, ვინაიდან 2006 წელს, როდესაც კვიციანს ბრალი წაუყენეს, მაშინაც ის მუშაობდა მის საქმეზე. პროკურატურაში ადასტურებენ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ხარებავა უწყებაში აღარ მუშაობს, რაც შეეხება გათავისუფლების მიზეზებს, პროკურატურაში ამ განცხადებაზე მიგვითითეს და განაცხადეს, რომ თემაზე დამატებით კომენტარს ვერ გააკეთებენ.


კვიციანს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 223–ე მუხლის პირველი ნაწილით (უკანონო შეიარაღებული ფორმირების შექმნა ან ხელმძღვანელობა) და 315–ე მუხლის მესამე ნაწილით (შეთქმულება ან ამბოხება საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შესაცვლელად) ქონდა წაყენებული. მას 12-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. 


ემზარ კვიციანი ყოფილი პრეზიდენტის, ედუარდ შევარდნაძის რწმუნებული იყო კოდორის ხეობაში. კვიციანი ვარდების რევოლუციის პერიოდში გადადგა და ნაციონალური მოძრაობის მთავრობის წარმომადგენლების განცხადებით, ხელისუფლებას დაუმორჩილებლობა გამოუცხადა. 2006 წლის ივლისში განხორციელებული სპეცოპერაციის შედეგად კვიციანმა საქართველო დატოვა და წინა ხელისუფლების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, რუსეთში გადავიდა. რუსეთიდან გასული წლის თებერვალში დაბრუნდა.

 

საქართველოს პოლიციამ კვიციანის ადგილსამყოფელზე ინფორმაციისთვის 100.000 ლარის ჯილდო დააწესა. მას ბრალი ამბოხებასა და ტერორიზმში ედებოდა. ემზარ კვიციანი 2014 წლის 28 თებერვალს, თბილისში ჩამოსვლისთანავე, აეროპორტში დააკავეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი