ახალი ამბები

ნახეთ „ველური დასავლეთის სამყაროს“ მე-3 სეზონის ტრეილერი

21 ივლისი, 2019 • 1927
ნახეთ „ველური დასავლეთის სამყაროს“ მე-3 სეზონის ტრეილერი

20 ივლისს სან დიეგოს კომიქ-ქონზე უჩვენეს ტელეახ HBO-ს სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრის სერიალის, „ველური დასავლეთის სამყაროს“ („ვესტვორლდის“) მე-3 სეზონის ტრეილერი.

მესამე სეზონი 2020 წელს გამოვა. უფრო ზუსტი თარიღი ჯერჯერობით უცნობია. ახალი სეზონის ძირითადი მსახიობებს სიას დაემატა აარონ პოლი, რომელიც „მძიმე დანაშაულში“ ერთ-ერთი მთავარი — ჯესი პინკმენის — როლის შემსრულებელია.

აქამდე მაყურებელს მე-3 სეზონის მხოლოდ ტიზერი ჰქონდა ნანახი.

სერიალის შემქმნელები ცოლ-ქმარი, ჯონათან ნოლანი და ლიზა ჯოი არიან. ჯონათან ნოლანი ასევე ცნობილი რეჟისორის, კრისტოფერ ნოლანის ძმაა. ძმებს ერთად აქვთ ნამუშევარი ბეტმენის ეკრანიზაციებზე, „მემენტოზე“, „პრესტიჟსა“ და „ინტერსტელარზე“. სერიალის აღმასრულებელი პროდიუსერი ჯეი ჯეი აბრამსია, რომელიც სხვადასხვა პროექტით, მათ შორის „დაკარგულებით“, „არმაგედონით“, „სტარ-ტრეკით“, არის სახელგანთქმული.

სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრის “ვესტვორლდი” HBO-ზე გადის. სერიალი, ერთი შეხედვით, რობოტებზეა — ადამიანების სიმულაციებზე, რომლებსაც თითქოს საკუთარი “მე” არ გააჩნიათ. თუმცა, როგორც მაყურებელი სერიალის განვითარებასთან ერთად ხვდება, “მასპინძლების” (ასე უწოდებენ “ველური დასავლეთის სამყაროში ხელოვნურ ინტელექტს) რეალობები გაცილებით უფრო კომპლექსურია და, მათ, სწორი განვითარების შემთხვევაში, ცნობიერებაც შეიძლება ჩამოუყალიბდეთ.

„ველური დასავლეთის სამყაროს“ მეორე სეზონი 2018 წლის ზაფხულში დასრულდა. დასასრულმა პასუხები ისე გასცა წინა ეპიზოდებში წამოჭრილი კითხვების უმრავლესობას, რომ ცნობიერებაზე, არჩევანის თავისუფლებასა თუ სხვა საკითხზე მსჯელობისათვის ფართო სააზროვნო სივრცე დატოვა.

სერიალი იმავე სახელწოდების 1973 წლის ფილმზე დაყრდნობით არის გადაღებული.

მასალების გადაბეჭდვის წესი