თამარ იაკობიძის განმარტებით, წიქარიშვილის საქმეში სულ ორი დღის წინ ჩაერთო, ამიტომ საქმის მასალების შესწავლისა და დაცვის სიტყვის მოსამზადებლად გონივრული ვადა ესაჭიროება. ჯერჯერობით უცნობია, როდის გაიმართება მომდევნო პროცესი. მოსამართლე ლელა ნოზაძის განმარტებით, თარიღის შესახებ ინფორმაციას ადვოკატსა და პროკურორს სასამართლო ახლო მომავალში მიაწვდის. სასამართლო პროცესზე დარჩენილია დაცვის მხარის სიტყვით გამოსვლა, რის შემდეგაც მოსამართლემ გადაწყვეტილება უნდა მიიღოს.
დაცვი მხარის განცხადებით, ბრალდება საპროცესო შეთანხმების გაფორმებაზე უარს ამბობს. დღევანდელ პროცესზე პროკურორმა ელენე ჩხეიძემ განაცხადა, რომ ბრალდების მოთხოვნაა, ბექა წიქარიშვილი ცნობილ იქნას დამნაშავედ 260–ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული სასჯელის ჩადენისთვის.
“ბექა წიქარიშვლი დაახლოებით წელიწადნახევარია, საზოგადოებრივ ცხოვრებას ეწევა, საქმიანობს, მუშაობს, აკეთებს სხვადასხვა საინტერესო პროექტებს და რაც მთავარია, ამ პერიოდის განმავლობაში მას არათუ დანაშაული არ ჩაუდენია, არამედ არ ყოფილა საზოგადოებისთვის საშიში. აქედან გამომდინარე, ჩემთვის გაუგებარია, პროკურატურა რა მიზეზით ამბობს უარს საპროცესო შეთანხმების გაფორმებაზე,”– განაცხადა ადვოკატმა თამარ იაკობიძემ.

ბექა წიქარიშვილს ბრალი ედება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, დიდი ოდენობით (65 გრამი) მარიხუანას შეძენა-შენახვისთვის, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით 7-დან 14 წლამდე. ბექა წიქარიშვილის დაკავებას მოჰყვა მოქალაქეების მიერ ორგანიზებული საპროტესტო კამპანია ამ მუხლის შემსუბუქების მიზნით სახელწოდებით – “ბექა კრიმინალი არ არის”, რომელშიც დეპუტატებიც ჩაერთვნენ.
ზემოხსენებული მუხლით გათვალისწინებული სასჯელის კონსტიტუციურობა არასამთავრობო ორგანიზაცია EMC–მ საკონსტიტუციო სასამართლოშიც გაასაჩივრა.