ახალი ამბები

ბიძინა ივანიშვილმა “რუსთავი 2”-ის ოკუპაცია მოახდინა – ოპოზიციის განცხადება 

19 ივლისი, 2019 • 1236
ბიძინა ივანიშვილმა “რუსთავი 2”-ის ოკუპაცია მოახდინა – ოპოზიციის განცხადება 

ოპოზიციურმა პოლიტიკურმა პარტიებმა “რუსთავი 2”-თან დაკავშირებით ერთობლივი განცხადეება გააკეთეს.

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის”, “ევროპული საქართველოს”, “თავისუფალი დემოკრატების”, “რესპუბლიკური პარტიის”, ედპ-ის, “კანონი და სამართალის”, “ახალი საქართველოსა” და “რეფორმატორების” წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ “რუსთავი 2”-ის ირგვლივ განვითარებული მოვლენები ქვეყანაში ჯანსაღ პოლიტიკურ პროცესებს აფერხებს.

“ოპოზიციას არ შეეძლო არ გაეკეთებინა განცხადება იმ რეიდერულ ხელში ჩაგდებაზე, რაც ხელისუფელბამ გუშინ განახორციელა. ჩვენ არასოდეს შეგვიტანია ეჭვი ევროპული სტრუქტურების ობიექტურობაში, მაგრამ ისიც გასაგებია, რომ სტრასბურგის სასამართლო პროცედურული ასპექტების განხილვისას ვერ გაითვალისწინებდა ჩვენს სახელმწიფოში არსებულ კონტექსტს და ვერ გაითვალისწინებდა, ალბათ, იმას, როგორ ისარგებლებდა ე.წ. ხელისუფლება ამ გადაწყვეტილებით. შედეგად ვღებულობთ იმასა, რომ დამოუკიდებელი, ობიექტური, თავისუფალი სიტყვის სადარაჯოზე მდგომი ტელევიზია ხელში ჩაუვარდა ოლიგარქატს, რაც ჯანსაღ პოლიტიკურ პროცესებს აფერხებს და ოპოზიციის ხმას, ჩვენს წვდომას ჩვენს ამომრჩეველთან საგრძნობლად ასუსტებს”, – განაცხადა ენმ-ის ერთ-ერთმა ლიდერმა გრიგოლ ვაშაძემ.

“ევროპული საქართველოს” წარმომადგენელი და “რუსთავი 2”-ის ყოფილი ჟურნალისტი ირმა ნადირაშვილი აცხადებს, რომ ბიძინა ივანიშვილს სურს, გააჩუმოს ყველაზე მსხვილი კრიტიკული მაუწყებელი.

“დღეს “რუსთვი 2″ ოკუპირებულია ბიძინა ივანიშვილის მიერ. თავისუფალი სიტყვის ჩახშობა არ ხერხდება და ეს სიტყვა ყოველთვის ამოხეთქავს. ჩვენ, ოპოზიცია ვეცდებით, რომ სარედაქციო პოლიტიკის შეცვლა, თუ ეს მოახერხა, უფრო ძვირი დაუჯდეს პოლიტიკურად”, – განაცხადა ირმა ინაშვილმა.

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ, 18 ივლისის გადაწყვეტილებით, ძალაში დატოვა საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის ბიზნესმენ ქიბარ ხალვაშისთვის მიკუთვნებაზე. სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებამ აღიარა საქართველოს სასამართლოს სამივე ინსტანციაში დამდგარი განაჩენი. იმავე დღეს, სასამართლოს გადაწყვეტილებიდან რამდენიმე საათში, საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ “რუსთავი 2” ქიბარ ხალვაშს ოფიციალურად გადაუფორმა.

მალევე ცვლილება “რუსთავის 2”-ის გენერალურ დირექტორსაც შეეხო და ნიკა გვარამიას ადგილზე ხალვაშის იურისტი, პაატა სალია დაინიშნა. მოგვიანებით, სალია “რუსთავი 2”-ის ოფისში მივიდა და ნიკა გვარამიას და ტელეკომპანიის ჟურნალისტებს შეხვდა. გვარამიამ ახალ დირექტორთან თანამშრომლობაზე უარი განაცხადა, თავად სალია კი ჟურნალისტებს განმეორებით, სავარაუდოდ, დღეს შეხვდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი