IRI-ის კვლევის თანახმად, საქართველოს მოსახლეობის 46% სრულად უჭერს მხარს რუსეთთან შემდგომ დიალოგს, 29% – ნაწილობრივ, 7% – ნაწილობრივ, 12% კი სრულად ეწინააღმდეგება ასეთ დიალოგს.
კვლევის საველე სამუშაოები თბილისში რუსეთის დუმის დეპუტატ სერგეი გავრილოვის ვიზიტისა და მის ირგვლივ განვითარებული მოვლენებამდე არის ჩატარებული.
IRI-ის წინა კვლევებთან შედარებით, დიალოგის მომხრეთა მაჩვენებელი ყველაზე დაბალ ნიშნულზეა. კერძოდ: 2018 წლის აპრილში რუსეთთან დიალოგს სრულად უჭერდა მხარს გამოკითხულთა 47%, ნაწილობრივ – 30%, ნაწილობრივ ეწინააღმდეგებოდა – 7%, სრულად ეწინააღმდეგებოდა – 13%;

რუსეთთან დიალოგის მომხრეთა მხარდაჭერა წლების მიხედვით, IRI
რუსეთთან დიალოგის მომხრეთა რაოდენობა ყველაზე მაღალი 2010 წელს იყო. ასეთ დიალოგს სრულად უჭერდა მხარს გამოკითხულთა 84%, ნაწილობრივ – 12%, ხოლო სრულად ან ნაწილობრივ ეწინააღმდეგებოდა სულ 2%.
ამასთან, გამოკითხულთა 33% პოზიტიურად აფასებს იმას, თუ როგორ ართმევს თავს საქართველოს მთავრობა რუსეთთან ურთიერთობას, 52% კი – ნეგატიურად.
რუსეთთან ურთიერთობების გათვალისწინებით, 53% ამბობს, რომ საქართველოში ცხოვრებისას თავს უსაფრთხოდ გრძნობს, 40 კი – არა.
გამოკითხულთა 5% მიიჩნევს, რომ რუსეთის აგრესია საქართველოს წინააღმდეგ დასრულებულია და დიდი ალბათობით არ განახლდება; 17%-ის აზრით, დასრულებულია, მაგრამ შესაძლოა განახლდეს; 71% კი მიიჩნევს, რომ რუსეთის აგრესია ისევ გრძელდება.
კვლევა IRI-ის დაკვეთით Baltic Surveys/The Gallup Organization-ის მიერ ჩაატარდა. საველე სამუშაოების დრო 2019 წლის 20 მაისიდან – 11 ივნისამდეა. სულ ქვეყნის მასშტაბით 1500 ადამიანი პირისპირ ინტერვიუების გზით გამოიკითხა. IRI-ის განცხადებით კვლევა რეპრეზენტატულია.