ახალი ამბები

პაატა სალია “რუსთავი 2”-ის ფინანსურ დირექტორს ხვდება

19 ივლისი, 2019 • 1420
პაატა სალია “რუსთავი 2”-ის ფინანსურ დირექტორს ხვდება

“რუსთავი 2”-ის ახალი გენერალური დირექტორი პაატა სალია ტელეკომპანიაში მივიდა. ტელეარხის თანახმად, ის ფინანსურ დირქტორს, ირაკლი ნიჟარაძეს, ხვდება.

შენობაში შესვლამდე სალიამ ჟურნალისტებს უთხრა, რომ გუშინდელის მსგავსად, სურს, თანამშრომლებს შეხვდეს და ტელეარხის ყოველდღიური საქმიანობისათვის საჭირო საკითხებზე გაესაუბროს.

“გუშინ მე სწორედ ამ მიზნით მოვედი, რომ დამეწყო გაცნობა კომპანიაში არსებული ვითარებისა: პირველ რიგში, გამეგო თანამშრომლების ვინაობა და შემდგომ შევხვედროდი მათ, ყველას, უკლებლივ, რა დროსაც მოითხოვდა ეს; გამეცნო ყველა თანამშრომელი და პარალელურად დაგვეწყო იმ საკითხებზე მუშაობა, რაც აუცილებელია კომპანიის ყოველდღიური, შეუფერხებელი საქმიანობისათვის. დღესაც იგივე მიზნით ვარ მოსული. გუშინ განმიცხადეს, რომ სამუშაო საათები დასრულებული იყო და ადამიანები, ვინც ამ ფუნქციებს ასრულებდნენ, წასულები იყვნენ. შესაბამისად, მოვედი ისეთ დროს, როცა ვვარაუდობ, რომ ყველა ადგილზე უნდა იყოს. შევალ, გავესაუბრები და შედეგებს შეგატყობინებთ”, – აღნიშნა მან.

კითხვას, მოსწონს თუ არა პროდუქტი, რომელსაც “რუსთავი 2”-ის თანამშრომლები ქმნიან, სალიამ უპასუხა, რომ მის პოზიციას აღნიშნულთან დაკავშირებით მნიშვნელობა არ აქვს და ინტერპრეტაციის თავიდან ასაცილებლად კომენტარის გაკეთება არ სურს.

“მე მინდა, რომ ჟურნალისტებს ხელი არ შეეშალოთ იმაში, რასაც აკეთებენ. შესაძლოა, ჩემი კომენტარი ზეგავლენის მქონედ მიიჩნიოს ვინმემ, ამიტომ არ მსურს ამაზე კომენტარის გაკეთება”, – თქვა მან.

პაატა სალია “რუსთავი 2”-ში გუშინ, 18 ივლისსაც მივიდა და ნიკა გვარამიას, ასევე საინფორმაციო სამსახურის თანამშრომლებს შეხვდა. სალია აცხადებდა, რომ ფინანსურ ნაწილზე პასუხისმგებელ ადამიანებთან შეხვედრაც სურდა, თუმცა უთხრეს, რომ სამუშაო საათების დასრულების გამო ისინი სამუშაო ადგილზე არ იმყოფებოდნენ.

“რუსთავი 2”-ის ჟურნალისტებმა, კერძოდ, ნანუკა ჟორჟოლიანმა, სალიასგან მოითხოვეს გარანტიები სარედაქციო პოლიტიკაში ჩაურევლობის შესახებ და შესთავაზეს, მეორე დღესვე მიეტანა შესაბამისი გრძელვადიანი კონტრაქტები თანამშრომლებისათვის, რომლებიც ხელისუფლებისთვის მიუღებელ კონტენტს ქმნიან; საუბარია ნოდარ მელაძეზე, ეკა კვესიტაძეზე და ა.შ. რაზეც სალიამ აღნიშნა, რომ კონტრაქტი 5 წუთში არ იწერება.

ფოტო გარეკანზე: რუსთავი2

მასალების გადაბეჭდვის წესი