ახალი ამბები

თუ გგონიათ, რომ აქ შიმშილობას მოვაწყობ, ცდებით – გვარამია სალიას

18 ივლისი, 2019 • 1893
თუ გგონიათ, რომ აქ შიმშილობას მოვაწყობ, ცდებით – გვარამია სალიას

“რუსთავი 2”-ის ახალი გენერალური დირექტორი პაატა სალია ტელეკომპანიაში მივიდა, სადაც ჟურნალისტები და ნიკა გვარამია დახვდნენ.

სალიას თქმით, მისი სურვილია, ტელევიზიის მმართველობის ცივილიზებული გადაბარება მოხდეს.

“იმ ადამიანებთან შეხვედრა მინდა, ვინც არხის ყოველდღიურ მენეჯმენტში არის ჩართული და განვსაზღვროთ, ხვალიდან რას ვაკეთებთ. რაც შეეხება ჟურნალისტებს, მე ამ ნაწილში არ ვერევი”, – განაცხადა სალიამ.

“შეხვდით, ჩემგან რა გინდათ?! მე ვერ ვითანამშრომლებ კოლაბორაციონისტებთან. თქვენ ნებსით თუ უნებლიეთ ხართ თანამონაწილე ამ ქვეყანაში მიმდინარე უკიდურესად მძიმე პროცესების”, – განაცხადა საპასუხოდ “რუსთავი 2”-ის ყოფილმა გენერალურმა მდივანმა ნიკა გვარამიამ.

გვარიამიას თქმით, ის არ აპირებს კაბინეტში გამაგრებას და შიმშილობის დაწყებას.

“მდივანსაც არ ვეტყვი, ყავა მოგიდუღოთ”, – მიმართა გვარამიამ პაატა სალიას.

პაატა სალიას უთხრეს, რომ მენეჯმენტიდან ტელევიზიაში სხვა არავინ არის და ადგილზე მხოლოდ ჟურნალისტები არიან, რომლებიც გადაცემაზე მუშაობენ, რის შემდეგაც ის ნიუსრუმში ჩავიდა, სადაც ჟურნალისტებს შეხვდა.

“რუსთავი 2”-ის ჟურნალისტებმა, კერძოდ ნანუკა ჟორჟოლიანმა, სალიასგან მოითხოვეს გარანტიები სარედაქციო პოლიტიკაში ჩაურევლობის შესახებ და შესთავაზეს, ხვალვე მიიტანოს შესაბამისი გრძელვადიანი კონტრაქტები ჟურნალისტებისთვის, რომლებიც ხელისუფლებისთვის მიუღებელ კონტენტს ქმნიან, საუბარია ნოდარ მელაძეზე, ეკა კვესიტაძეზე და ა.შ. რაზეც სალიამ აღნიშნა, რომ კონტრაქტი 5 წუთში არ იწერება. სალიას თქმით, დღეს პირველ რიგში ვითარების გასაცნობად მივიდა.

“ჟურნალისტებისთვის იქნება სტატუს-კვო”, – თქვა სალიამ.

“რამდენი ხანი?”, – ჰკითხა მას ეკა კვესიტაძემ.

სალიამ საპასუხოდ განაცხადა, რომ ამაზე სხვა დროს ილაპარაკონ “კამერებით ან მის გარეშე”.

მასალების გადაბეჭდვის წესი