ახალი ამბები

ვერ მივცემ გარანტიებს, სანამ ხალვაშს არ გავესაუბრები – სალია რ2-ის ჟურნალისტების კონტრაქტებზე

18 ივლისი, 2019 • 1150
ვერ მივცემ გარანტიებს, სანამ ხალვაშს არ გავესაუბრები – სალია რ2-ის ჟურნალისტების კონტრაქტებზე

“რუსთავი 2”-ის ახალი გენერალური დირექტორი პაატა სალია აცხადებს, რომ ტელეკომპანიის ჟურნალისტების მოთხოვნასთან დაკავშირებით, რომელიც გარანტიებს შეეხება, ქიბარ ხალვაშთან კონსულტაციებს გაივლის.

“რუსთავი 2”-ის ჟურნალისტებმა, კერძოდ, ნანუკა ჟორჟოლიანმა, სალიასგან მოითხოვეს გარანტიები სარედაქციო პოლიტიკაში ჩაურევლობის შესახებ და შესთავაზეს, ხვალვე მიიტანოს შესაბამისი გრძელვადიანი კონტრაქტები ჟურნალისტებისთვის, რომლებიც ხელისუფლებისთვის მიუღებელ კონტენტს ქმნიან, საუბარია ნოდარ მელაძეზე, ეკა კვესიტაძეზე და ა.შ. რაზეც სალიამ აღნიშნა, რომ კონტრაქტი 5 წუთში არ იწერება. სალიას თქმით, ის დღეს პირველ რიგში ვითარების გასაცნობად მივიდა.

“მე მოვისმინე კონკრეტული შეკითხვები ჟურნალისტებისგან. მათ აინტერესებთ, როგორ იქნება გარანტირებული მათი დამოუკიდებლობა. ამასთნ დაკავშირებით აუცილებლად კონკრეტული პასუხებით დავბრუნდებით. რა სახის იქნება ეს გარანტია, რა სახის კონტრაქტები იქნება… ჯერ უნდა ვიცოდეთ, რა კონტრაქტეი აქვთ ამ ადამიანებთან გაფორმებული, რომ მათ გაგრძელებაზე ვისაუბროთ. დღეს არ დამხვდა სამუშაო ვითარება”, – განაცხადა პაატა სალიამ მას შემდეგ, რაც “რუსთავი 2” დატოვა.

სალიას თქმით, არის გარკვეული შეკითხვები, რაც მის უფლებამოსილებაში არ შედის და ის ვერ მისცემს ჟურნალისტებს გარანტიებს, სანამ ქიბარ ხალვაშისგან პასუხს არ მიიღებს.

ქიბარ ხალვაში დღეს გავრცელებულ განცხადებაში წერდა, რომ არ აპირებს, არხის სარედაქციო პოლიტიკას შეეხოს.

“გამოხატვისა და სიტყვის თავისუფლება იქნება გარანტირებული. არ ჩავერევი „რუსთავი2”-ის ჟურნალიტების პროფესიულ საქმიანობაში. ეს ყველაფერი უზრუნველყოფილი იქნება მაქსიმალური გამჭვირვალობით”, – ნათქვამია ხალვაშის განცხადებაში.

ამავე თემაზე:

თუ გგონიათ, რომ აქ შიმშილობას მოვაწყობ, ცდებით – გვარამია სალიას

 

მასალების გადაბეჭდვის წესი