ახალი ამბები

გარანტირებული უნდა იყოს სარედაქციო დამოუკიდებლობა — NGO-ები რ2-ზე

18 ივლისი, 2019 • 902
გარანტირებული უნდა იყოს სარედაქციო დამოუკიდებლობა — NGO-ები რ2-ზე

არასამთავრობო ორგანიზაციები აცხადებენ, რომ „რუსთავი 2“-ის გარშემო განვითარებულ პროცესში ახალმა მფლობელმა და მენეჯმენტმა უნდა უზრუნველყონ ჟურნალისტების სარედაქციო დამოუკიდებლობა და დაიცვან მათი შრომითი უფლებები.

18 ივლისის საღამოს რამდენიმე ორგანიზაციამ გაავრცელა განცხადება, რომელსაც ქვემოთ გთავაზობთ:

„ვეხმიანებით ტელეკომპანია „რუსთავი 2“-თან დაკავშირებით ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების შემდგომ წარმოქმნილ ახალ მოცემულობას, რომელიც ქართული მყიფე დემოკრატიისათვის დიდი გამოწვევაა და პლურალისტულ მედიაგარემოს სერიოზულ საფრთხეს უქმნის.

გამოხატვისა და მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების უმნიშვნელოვანესი წინაპირობაა. საქართველოს პოლიტიზირებულ მედიაგარემოში ტელეკომპანია „რუსთავი 2“ დღემდე დიდ როლს ასრულებს ხელისუფლების საქმიანობის მონიტორინგისა და საზოგადოების წინაშე ანგარიშვალდებულების კუთხით.

არსებული რეალობის გათვალისწინებით, მნიშვნელოვანია, რომ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ახალი მფლობელისა და მენეჯმენტის მიერ უზრუნველყოფილი იყოს ჟურნალისტების სარედაქციო დამოუკიდებლობა და მათთვის საკუთარი სინდისის შესაბამისად სარედაქციო გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობა. ასევე, გარანტირებული უნდა იყოს მაუწყებლის თანამშრომლების შრომითი უფლებების დაცვა შესაბამისი ეფექტური მექანიზმების შემოღებით.

ეჭვგარეშეა, რომ „რუსთავი 2“-ის მფლობელების ცვლილება ხელისუფლების ინტერესში შედიოდა, რის შესახებაც მათ ღიად არაერთხელ განუცხადებიათ. მნიშვნელოვანია, რომ არ მოხდეს ქართულ მედიასივრცეში არსებული მანკიერი პრაქტიკის გაგრძელება, როდესაც მფლობელის/მენეჯმენტის ცვლილება პირდაპირ აისახება მაუწყებლის ხელისუფლებისადმი კრიტიკულ სარედაქციო პოლიტიკაზე.

ხელმომწერი ორგანიზაციები ვაგრძელებთ მედიის სფეროში და განსაკუთრებით, „რუსთავი 2“-ის ირგვლივ მიმდინარე პროცესების მონიტორინგს. ამავდროულად, გამოვხატავთ მზადყოფნას ტელეკომპანიის თანამშრომლებს აღმოვუჩინოთ შესაბამისი დახმარება“.

ხელმომწერი ორგანიზაციები

საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო

სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება

საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა

მედიის განვითარების ფონდი

საზოგადოება და ბანკები

საქართველოს ატლანტიკური საბჭო

მწვანე ალტერნატივა

ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი

საქართველოს გაეროს ასოციაცია

ღია საზოგადოების ფონდი

ადამიანის უფლებათა სწავლებისა და მონიტოინგის ცენტრი

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია

ჟურნალისტური ეთიკის ქარტია

სტრატეგიული კვლევების რეგიონული ცენტრი

ნახეთ ასევე:

სტრასბურგის გადაწყვეტილებაზე, რ2-ის წილების რეგისტრაციასა და სარედაქციო დამოუკიდებლობაზე — თამთა მიქელაძე

 

მასალების გადაბეჭდვის წესი