ახალი ამბები

თბილისის თოჯინების თეატრის პროტესტი სიჩუმით [ფოტო/ვიდეო]

23 იანვარი, 2015 •
თბილისის თოჯინების თეატრის პროტესტი სიჩუმით [ფოტო/ვიდეო]

უკვე ოთხი წელია აღმაშენებლის გამზირზე მდებარე შენობა, რომელიც თბილისის თოჯინების სახელმწიფო პროფესიული თეატრის სარგებლობაში იყო, აღმაშენებლის გამზირის რეაბილიტაციის დროს თეატრს ჩამოერთვა. იქ ახლა მხოლოდ კედლებია დარჩენილი.

 

თოჯინების თეატრის შენობა დავით აღმაშენებლის გამზირზე
თოჯინების თეატრის შენობა დავით აღმაშენებლის გამზირზე

თოჯინების თეატრი ამ დროის განმავლობაში თბილისში ქალაქპროექტის შენობაში 20 კვადრატული მეტრის ფართობის ოთახში მუშაობს, ხოლო დარბაზს კულტურის ცენტრ “მუზაში” მხოლოდ იმ დღეს ქირაობს, როცა სპექტაკლი უნდა ითამაშოს. თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი ელენე მაცხონაშვილი ამბობს, რომ 400 ლარი დღიურად, რასაც თეატრი კულტურის ცენტრ მუზას უხდის მათთვის დიდი ფუფუნებაა.

 

ელენე მაცხონაშვილის თქმით, თეატრს, სადაც 67 თანამშრომელი მუშაობს ხელფასს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო უფინანსებს, ხოლო დანარჩენ ხარჯებს თეატრი საკუთარი შემოსავლებით სწევს. საკუთარი შემოსავლების 70% სწორედ დარბაზის ქირაში იხდის, ამბობს ელენე მაცხონაშვილი.   

თეატრის დასში სულ 21 მსახიობია, რომელთაგან 5 გასულ წელს დაასაქმეს. ელენე მაცხონაშვილი ამბობს, რომ თეატრი წარმოდგენებს ხშირად მარტავს, რადგან ჰყავს ერთგული მაყურებელი – მოზარდები. ისინი სკოლებთან მუშაობენ სააბონენტო სისტემით, ხოლო კვირა დღეს ღია სალაროს წესით. ელენე მაცხონაშვილი და თეატრის თანამშრომლები საუბრობენ შეუსაბამო სამუშაო პირობებზე.

“სამუშაო პირობები არის ძალიან რთული. 20 კვადრატულის ფართის ოთახში ვამზადებთ სპექტაკლებს, მერე გადაგვაქვს მუზაში და იმის გამო, რომ იქაური ტერიტორია ფახსიანია, მხოლოდ გენერალურ რეპეტიციას გავდივართ და ვთამაშობთ. მიუხედავად ამისა, ყოველ თვე გვაქვს თითო პრემიერა. ვმუშაობთ ძალიან აქტიურად, მაგრამ ძალიან მძიმე პრიობებში”, – ამბობს მაცხონაშვილი.

თოჯინების თეატრის მსახიომაი თამთა ბაქრაძემ ნეტგაზეთს უთხრა, რომ მათი სამუშაო ოთახში არ არის სპექტაკლის დადგმისთვის საჭირო განათება, აკუსტიკა, სცენა.

“ჩვენი პროფესია არის სპეციფიკური, გვჭირდება თეჯირი, სადაც უშუალოდ გაკეთდება სპექტაკლები, ამიტომ გვიწევს შავ კაბინეტში მუშაობა. 22 კვადრატულ ოთახში გვიწევს მუშაობა, სადაც არანაირი პირობა არ გაგვაჩნია, შემოქმედებითი გარემოსთვის არაფერი არ არის, რომ მსახიობმა როლზე იმუშაოს, გახსნას როლი. ამიტომ ძალიან რთულია ამ ყველაფრის გაკეთება”, – ამბობს თამთა ბაქრაძე.

მსახიობის თქმით, შენობის არქონამ მათი მუშაობის სპეციფიკაზეც გავლენა მოახდინა, რადგან შენობის ქონის დროს თამაშობდნენ თეჯირის პრინციპის სპექტაკლებს, ბაქრაძის თქმით, “მუზის” საკონცერტო დარბაზიც არ არის შესაფერისი მათი თეატრისთვის:   

“ხმის აკუსტკა, ხმის სწორი გადაცემა არ ხდება, ანუ არ აქვს აკუსტიკა იმ დარბაზს, სადაც ვმუშაობთ, არ მიდის ის ემოცა სწორად, იკარგება ბგერები. ჩვენს თეატრს სხვა პრინციპის დარბაზი ჰქონდა, სცენაც სულ სხვა პრინციპით ისე იყო განლაგებული, რომ როგორც ბოლო რიგის მაყურებელს იგივე თვაკთახედვით ენახა სპექტაკლი, როგორც პირველი რიგის მაყურებელს. ამ შემთხვევაში ბოლო რიგებში ისე არ არის გაკეთებული დარბაზი, რომ ზუსტად იგივე მხედველობა იყოს”.

 

თოჯინების თეატრის თანამშრომლები მუშაობის დროს
თოჯინების თეატრის თანამშრომლები მუშაობის დროს

მსახიობის თქმით, თეატრს ძალიან ბევრი ბევრი ტექნიკური ნივთი სჭირდება: განათება, აპარატურა, რომელიც ძალიან მწირი აქვს თეატრს, “იმის გამო ამხელა თანხას ვიხდით, იჯარაში და ელემენტარული საშუალება არ გვაქვს განათება დაემატოს, აპარატურა, რომ ხმა ჩიაწეროს, მუსიკალურად გაფორმდეს სპექტაკლები”.

თამთა ბაქრაძესაც და ელენა მაცხონაშვილსაც იმედი აქვთ, რომ თეატრს ძველი შენობა დაუბუნდება, თუმცა არც ალტერნატიულ ფართზე ამბობენ უარს. მანამდე კი მათ კიდევ ერთხელ გააპროტესტეს შენობის არქონა და კლიპი გადაიღეს სახელწოდებით “სიჩუმის ხმა”.

ნეტგაზეთი კულტურის სამინისტროსა და თბილისის მერიას დაუკავშირდა, თუ რას აპირებენ ისინი. კულტურის სამინისტრომ განაცხადა, რომ უნდა შეიქმნას უწყებათაშორისი კომისია, რომლიც თოჯინების თეატრის საკითხს შეისწავლის და მოაგვარებს.

ნეტგაზეთი ასევე დაუკავშირდა, თბილისის მერიას, რადგან თეატრის ძველი შენობა მერიის საკუთრებაშია, თუმცა მერიის წარმომადგენლებს ვერ შევხვდით, რადგან სტატიის მომზადების პერიოდში მათ არ ეცლაათ. 

მასალების გადაბეჭდვის წესი