“მან მომმართა განცხადებით, რომ დავაკმაყოფილო მისი გადადგომის თაობაზე, მე მინდა გითხრათ, რომ ლექსომ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ის ღირსეული ადამიანია, ის მოიქცა ისე, როგორ ღირსეული პოლიციელი მოიქცეოდა. მე ადრეც ვთქვი, რომ ის გაიზარდა პოლიციელის ოჯახში, ღირსეული მამის შვილია და მოიქცა ისე, როგორც მას ეკადრებოდა. ჩვენ სხვა სტანდარტები დავამკვიდრეთ ქართულ პოლიტიკაში. სწორი მმართველობაა მთავარი ამოცანა და ლექსომ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ მისთვის თანამდებობა არ ყოფილა არასოდეს და არც არის მთავარი. მისთვის მთავარია, ემსახუროს ხალხს და ქვეყანას, რასაც აკეთებდა წლების განმავლობაში ერთგულად და პირნათლად, და ასე გავაგრძელებთ ჩვენ მანამ, სანამ ვიქნებით ხელისუფლებაში. ეს არის ჩვენი მთავარი პრიორიტეტი და ამოცანა, რომ ვემსახუროთ ჩვენს ხალხს და ქვეყანას. აბსურდია, რომ ლექსო ვიღაცას ლობირებდა, მაგრამ გასაგებია, რომ ვიღაც შეგნებულად ცრუ ინფორმაციას ავრცელებდა და ბატონ იური ვაზაგაშვილს მიაწოდა, დაახლოებით ვიცი ეს ადამიანები, მაგრამ სიმართლე გაირკვევა. ბოლოს მინდა ვთქვა, ის სასტიკი, საზარელი მკვლელობა ვინც ჩაიდინა, ძალიან მკაცრად დაისჯება”,- განაცხადა ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას.
შინაგან საქმეთა მინისტრმა ალექსანდრე ჭიკაიძემ გადადგომის თხოვნით პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს დღეს, 23 იანვარს მიმართა. განცხადებაში ნათქვამია, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება ბოლო დროს გახმიანებულმა ბრალდებებმა განაპირობა, რომლის თანახმადაც ჭიკაიძე აფარებს ხელს ზურა ვაზაგაშვილის მკვლელობაში მონაწილე პირებს.
იური ვაზაგაშვილი 20 იანვარს კასპის რაიონში, სოფელ ყარაფილაში, შვილის ზურაბ ვაზაგაშვილის სასაფლაოსთან მომხდარი აფეთქებისას გარდაიცვალა. ვაზაგაშვილის გარდაცვალების ფაქტზე მთავარმა პროკურატურამ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით [რაც გულისხმობს განზრახ მკვლელობას დამამძიმებელ გარემოებაში] დაიწყო.
2006 წლის 2 მაისს თბილისში, ”დინამოს” ყოფილი კორტების ტერიტორიაზე, იქ, სადაც ამჟამად იუსტიციის სახლი მდებარეობს, სამართალდამცავებმა სპეცოპერაციისას ზურაბ ვაზაგაშვილი და ალექსანდრე ხუბულოვი მოკლეს.
მაშინდელი გამოძიების ცნობით, სპეცოპერაციის დროს ყაჩაღური ჯგუფის წევრები დაიღუპნენ, რასაც მაშინვე მოჰყვა საზოგადოების ნაწილის პროტესტი, რომლებიც მიიჩნევენ, რომ სპეცოპერაციის დროს პოლიციელებმა უდანაშაულო ახალგაზრდები მოკლეს.
ზურაბ ვაზაგაშვილის მამა იური ვაზაგაშვილი 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ახალი ხელისუფლებისგან მისი შვილის მკვლელობის ხელახალ გამოძიებას ითხოვდა, ამ მოთხოვნით 2013 წელს იუსტიციის სახლის წინ აქციაც გაიმართა. იური ვაზაგაშვილმა ბოლო პრესკონფერენცია 15 იანვარს “რეპორტიორის” პრესკლუბში გამართა. პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს სწორედ ამ პრესკონფერენციიდან მიმართა და განაცხადა, რომ შს მინისტრი ალექსანდრე ჭიკაიძე მფარველობდა მისი შვილის მკვლელებს:
“დღეს უშუალოდ მე მივმართავ პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს. ვინაიდან ჩვენ კარგად ვიცით ყველამ, ჭიკაიძე რომ მფარველობს ამ მკვლელებს და სავსეა შინაგან საქმეთა სამინისტრო იმ ზონდერებითა და დამნაშავეებით, ვინც ეს საშინელება ჩაიდინა. ამათი 80% თანამდებობებზეა. […] სხვათა შორის, ეს დამნაშავეები ახლა არ მოსულან, ირაკლი ღარიბაშვილი რომ იყო შინაგან საქმეთა მინისტრი, მაშინაც მუშაობდნენ”,- განაცხადა მან.