ახალი ამბები

ქიბარ ხალვაშს მიეკუთვნება რ2-ის მიწა და შენობა, რომელიც მას არასდროს ჰქონია – ადვოკატი

18 ივლისი, 2019 • 1819
ქიბარ ხალვაშს მიეკუთვნება რ2-ის მიწა და შენობა, რომელიც მას არასდროს ჰქონია – ადვოკატი

ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის ადვოკატის, თამთა მურადაშვილის თქმით, “რუსთავი 2”-ის ბალანსზეა ქონება, რომელიც ქიბარ ხალვაშის მესაკუთრეობის დროს არ ჰქონია.

“რუსთავი 2”-ის ქონება, მათ შორის, მიწა და შენობა, რაც ქიბარ ხალვაშს არასდროს ჰქონია და ამ დამფუძნებლების ფარგლებში ამხელა ტერიტორია აქვს, ახლა მიეკუთვნება ქიბარ ხალვაშს. “რუსთავი 2″-ის ბალანსზე რაც არის- ტექნიკა, ავეჯი და ა.შ. ეკუთვნის კომპანიას და, შესაბამისად, თუ მესაკუთრედ ქიბარ ხალვაში გაფორმდა, მას მიეკუთნება”, – განუცხადა “ნეტგაზეთს” მურადაშვილმა.

18 ივლისს გამოქვეყნებულ გადაწყვეტილებაში ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ „რუსთავი 2“-ის საქმეზე ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის არცერთი მუხლის დარღვევა არ დაადგინა.

ამ გადაწყვეტილებით სტრასბურგის სასამართლომ თქვა, რომ კანონიერია საქართველოს სამი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება და „რუსთავი 2“ ქიბარ ხალვაშს ეკუთვნის. „რუსთავი 2“-ს შეუძლია, საქმე სტრასბურგის სასამართლოს დიდ პალატაში გაასაჩივროს.

ამასთან, სტრასბურგის სასამართლომ აღარ დატოვა ძალაში დროებითი ღონისძიება — საქართველოს უზენაესი სასამართლოს აღსრულების შემჩერებელი მექანიზმი, რის გამოც არხი 2017 წლიდან არ გადაფორმებია ქიბარ ხალვაშს. როგორც იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა განაცხადა, ეს გადაწყვეტილება არ ექვემდებარება გასაჩივრებას.

“რუსთავი 2-ის” გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია მოუწოდებს საქართველოს იუსტიციის მინისტრს, ერთპიროვნულად არ აღასრულოს ქიბარ ხალვაშისთვის რუსთავი 2-ის გადაცემის გადაწყვეტილება. მისი თქმით, იუსტიციის მინისტრი სტრასბურგის გადაწყვეტილებას არასწორ ინტერპრეტირებას უკეთებს და თუ ამას მაინც გააკეთებს, ეს კონსტიტუციის დარღევად და თანამდებობრივ დანაშაულად ჩაითვლება.

მასალების გადაბეჭდვის წესი