ახალი ამბები

ხალვაშმა რ2-ის წილების გადასაფორმებლად რეესტრს მიმართა

18 ივლისი, 2019 • 1334
ხალვაშმა რ2-ის წილების გადასაფორმებლად რეესტრს მიმართა

ბიზნესმენ ქიბარ ხალვაშის ადვოკატმა პაატა სალიამ საჯარო რეესტრს მიმართა დღეს, 18 ივლისს, რათა ტელეკომპანია რუსთავი 2-ის რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლილებები დაარეგისტრიროს.

განცხადების თანახმად შესაცვლელი რეკვიზიტებია:

  • პარტნიორის ცვლილება
  • წილის ცვლილება

განცხადება სალიამ რეესტრში დაახლოებით 14 საათზე დაარეგისტრირა. მის განცხადებას თან ერთვის მინდობილობა ქიბარ ხალვაშისგან და  უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება.

18 ივლისს გამოქვეყნებულ გადაწყვეტილებაში ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ „რუსთავი 2“-ის საქმეზე ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის არცერთი მუხლის დარღვევა არ დაადგინა.

ამ გადაწყვეტილებით სტრასბურგის სასამართლომ თქვა, რომ კანონიერია საქართველოს სამი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება და „რუსთავი 2“ ქიბარ ხალვაშს ეკუთვნის. „რუსთავი 2“-ს შეუძლია, საქმე სტრასბურგის სასამართლოს დიდ პალატაში გაასაჩივროს.

ამასთან, სტრასბურგის სასამართლომ აღარ დატოვა ძალაში დროებითი ღონისძიება — საქართველოს უზენაესი სასამართლოს აღსრულების შემჩერებელი მექანიზმი, რის გამოც არხი 2017 წლიდან არ გადაფორმებია ქიბარ ხალვაშს. როგორც იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა განაცხადა, ეს გადაწყვეტილება არ ექვემდებარება გასაჩივრებას.

“რუსთავი 2-ის” გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია მოუწოდებს საქართველოს იუსტიციის მინისტრს, ერთპიროვნულად არ აღასრულოს ქიბარ ხალვაშისთვის რუსთავი 2-ის გადაცემის გადაწყვეტილება. მისი თქმით, იუსტიციის მინისტრი სტრასბურგის გადაწყვეტილებას არასწორ ინტერპრეტაციას უკეთებს და თუ ამას მაინც გააკეთებს, ეს კონსტიტუციის დარღევად და თანამდებობრივ დანაშაულად ჩაითვლება.

მასალების გადაბეჭდვის წესი