ახალი ამბები

ჩემი ლიდერები არიან ჩემი შვილები და სულიერი მოძღვარი, მამაო- მოსამართლეობის კანდიდატი

17 ივლისი, 2019 • 3164
ჩემი ლიდერები არიან ჩემი შვილები და სულიერი მოძღვარი, მამაო- მოსამართლეობის კანდიდატი

ჩემი ლიდერები არიან ჩემი შვილები და სულიერი მოძღვარი, მამაო, – ასე უპასუხა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატმა დიანა ბერეკაშვილმა იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მიმდინარე გასაუბრებაზე, სადაც მას ჰკითხეს, არის თუ არა ლევან მურუსიძე სასამართლო სისტემის ლიდერი, როგორც ეს თავად მურუსიძემ განაცხადა.

“ლევან მურუსიძე არის ძალიან გულისხმიერი, მეგობრული, დადებითი თვისებებით და შეიძლება ამას გულისხმობდა და ამას ვეთანხმები. სხვა შემთხვევაში ჩემი ლიდერები ჩემი შვილები არიან და ჩემი სულიერი მოძღვარი, მამაო”,- განაცხადა ბერეკაშვილმა.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრმა ნაზი ჯანეზაშვილმა კანდიდატს ჰკითხა, ხომ არ არის პრობლემური მოსამართლის მიერ საკუთარი აღმსარებლობის დასახელება, მაშინ როდესაც მას შეუძლია მოუწიოს სხვადასხვა კონფესიების წარმომადგენლების საქმის განხილვა.

ბერეკაშვილი აღნიშნულში პრპბლემას ვერ ხედავს და გერმანიის მაგალითს იხსენებს, სადაც, მისი თქმით, მოსამართლეს თავთან ჯვარი აქვს დაკიდებული.

ნაზი ჯანეზაშვილის კითხვაზე, უნდა ატარებდეს თუ არა მოსამართლე ჯვარს მანტიის ზემოდან, ბერეკაშვილმა უპასუხა, რომ არა. მისივე თქმით, საქართველოს კონსტიტუციით არცერთ რელიგიას არ აქვს პრივილეგიები.

რაც შეეხება პოლიტიკურ დისკუსიებს, დიანა ბერეკაშვილის აზრით, მოსამართლე ასეთ დისკუსიებში არ უნდა ერთვებოდეს, თუ საქმე მის მიერ გამოტანილი გადაწყვეტილების უსამართლო კრიტიკას არ ეხება.

ნაზი ჯანეზაშვილმა ბერეკაშვილს ასევე ჰკითხა, უწესებს თუ არა საკუთარ თავს შეზღუდვებს მოსამართლის მანდატიდან გამომდინარე, რაზეც დადებითი პასუხი მიიღო.

“ხშირად მიფიქრია, ახლა მოსამართლე რომ არ ვიყო, ამას ვუჩვენებ სეირს-თქო”,- განაცხადა ბერეკაშვილმა.

დიანა ბერეკაშვილის თქმით, არ იცნობს მოსამართლეს, რომელიც ეთიკის ნორმებს არღვევს.

მასალების გადაბეჭდვის წესი