“ფორუმზე განხილული იქნება ისტორიული აბრეშუმის გზის აღდგენასთან, ასევე, თანამშრომლობის ოთხ სფეროში (ტრანსპორტი, ენერგეტიკა, ვაჭრობა და ადამიანებს შორის კონტაქტი) პარტნიორობის გაღრმავების სარგებელსა და პრაქტიკულ განხორციელებადობასთან დაკავშირებული საკითხები. დარწმუნებული ვარ, რომ თბილისის ფორუმი მოგვცემს დიდ პოტენციალს (სხვა საკითხებთან ერთად) ღია საზღვრების პოლიტიკის განმტკიცებისთვის. გამოვთქვამ იმედს, რომ თქვენ მხარს დაუჭერთ ამ ფორუმს და დაინტერესებას გამოთქვამთ მის მიმართ,” – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
სიტყვით გამოსვლისას ღარიბაშვილმა ღია საზღვრების პოლიტიკაზე და ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერის შედეგად მიღებულ ახალ შესაძლებლობებზეც ისაუბრა.
“დღევანდელ მსოფლიოში თავისუფალი და ღია საზღვრების პოლიტიკა, როგორც ასეთი, არის ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობის, მდგრადი ეკონომიკური განვითარებისა და კეთილდღეობის უზრუნველყოფის წინაპირობა. ღია საზღვრებს შეუძლია არსებითი სარგებლის მოტანა. ევროკავშირში ადამიანები მოგზაურობენ თავისუფლად, ასევე დაუბრკოლებლად ხდება პროდუქციის ტრანსპორტირება და მომსახურების მიწოდება. ვაჭრობის ლიბერალიზაცია და მსოფლიოს წამყვან ბაზრებში ინტეგრაცია არის საქართველოს საგარეო პოლიტიკის მთავარი პრიორიტეტი. ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერის შედეგად (ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის ჩათვლით), საქართველომ გადადგა უდიდესი ნაბიჯი წინ. ეს ხელშეკრულება იძლევა ევროკავშირთან სავაჭრო ურთიერთობებში სატარიფო და არასატარიფო დაბრკოლებების მოხსნის შესაძლებლობას. გარდა ამისა, ის არეგულირებს ვაჭრობასთან დაკავშირებული საკითხების ფართო სპექტრს,” – აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი დავოსში, მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმის რიგით 45-ე სესიაზე დასასწრებად 20 იანვარს გაემგზავრა.