ახალი ამბები

გვარამია მთავრობის მიერ სტრასბურგის გადაწყვეტილების არასწორი ინტერპრეტაციის რისკზე საუბრობს

17 ივლისი, 2019 • 2310
გვარამია მთავრობის მიერ სტრასბურგის გადაწყვეტილების არასწორი ინტერპრეტაციის რისკზე საუბრობს

“რას იზამს ხელისუფლება, თუ სტრასბურგის სასამართლომ არ გამოიყენა დროებითი ღონისძიება და ისე უბრალოდ გააუქმა გადაწყვეტილება და თქვა, რომ მე-6 მუხლის დარღვევა იყო, ხელახლა განიხილეთო”, – ეს შეკითხვა რ2-ის დირექტორმა ნიკა გვარამიამ დასვა გადაცემა “არჩევანში”, რომელიც მას გიორგი გაბუნიას ნაცვლად მიჰყავდა სამშაბათს, 16 ივლისს.

საუბარია სტრასბურგის სასამართლოში არსებულ დავაზე რ2-თან დაკავშირებით, რომელზეც გადაწყვეტილება 18 ივლისს ცხადდება.

ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლი, რომელიც გვარამიამ ახსენა, სამართლიანი სასამართლო განხილვის უფლებას ნიშნავს. თუ სტრასბურგის სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს მარლთმსაჯულების სისტემამ არხის მფლობელებს სამართლიანი სასამართლოს უფლებით სარგებლობის საშუალება არ მისცა, ეს იმას ნიშნავს, რომ ქართულ სასამართლოებში ამ საქმის განხილვა თავიდან უნდა დაიწყოს. მაგრამ გვარამიას თქმით, შეიძლება გარკვეული სივრცე დარჩეს ‘არაკეთილსინდისიერი განმარტებისთვის’.

დღეისათვის საქართველოს სამი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების თანახმად, რ2 ქიბარ ხალვაშს ეკუთვნის, თუმცა ეს საჯარო რეესტრში ასახული არ არის, რადგან გადაწყვეტილების აღსრულება სტრასბურგის სასამართლომ დროებითი ღონისძიებით შეაჩერა ისე, რომ ვადები არ დაუსახელებია. თავად გვარამია პირადად ფიქრობს, რომ შეჩერების მექანიზმი 18 ივლისის შემდეგაც გაგრძელდება.

“ჩვენი მოლოდინი გამარჯვებაა და არც ვუშვებთ, რომ მინიმუმ მე-6 მუხლის დარღვევა არ იქნება. რას იზამს ხელისუფლება, თუ არ გამოიყენა დროებითი ღონისძიება სტრასბურგმა და ისე უბრალოდ გააუქმა გადაწყვეტილება და თქვა, რომ მე-6 მუხლის დარღვევა იყო, ხელახლა განიხილეთ.

მე გეტყვით, რას აცირკულირებენ [“ქართულ ოცნებაში”]… აპირებენ, რომ ეს ვითარება განმარტონ იმგვარად, რომ დიახ, განვიხილოთ ხელახლა, მაგრამ მანამდე ქიბარზე დარეგისტრირდეს [რ2 საჯარო რეესტრში], ქიბარი რას გადაწყვეტს მენეჯმენტთან დაკავშირებით, გასაგებია. რაც უკანონო იქნება, რადგან თუ ის გადაწყვეტილება, რომელმაც ქიბარს მიაკუთვნა რ2, აპრიორი დარღვევად ცხადდება, ესე იგი ის უკანონოა და ხელახლა  უნდა იქნეს განხილული, მაგრამ ამ გასაძრომში “ქართულმა ოცნებამ” შეიძლება თავზე ხელი აიღოს და გაძვრეს”, – განაცხადა გვარამიამ.

გადაცემა “არჩევანის” სტუმრები, პოლიტიკოსები სხვადასხვა ოპოზიციური პარტიებიდან, ასევე ჟურნალისტი ნინო ჯანგირაშვილი და ანალიტიკოსი ნოდარ ხარშილაძე ფიქრობენ, რომ 18 ივლისის შემდეგ რ2-ის მფლობელებთან დაკავშირებით სტატუს-კვო არ შეიცვლება.

გიგი უგულავა ფიქრობს, რომ სტრასბურგი აღსრულების შეჩერების დროებით ღონისძიებას გააგრძელებს.

“[ამ გადაწყვეტილების] სულიკვეთებიდან გამომდინარე იქიდან 180-გრადუსიანი მობრუნება შეუძლებელია. რ2-ის წაღების შანსი ივანიშვილმა გაუშვა, მას ამის შესაძლებლობა ჰქონდა მხოლოდ 2013-ში, მაქსიმუმ 2014 წელს”, – თქვა უგულავამ.

მას დაეთანხმა გვარამიაც შეჩერების გაგრძელების ნაწილში, თუმცა თქვა, რომ ივანიშვილმა ტელევიზია უკვე “წაიღო”, ოღონდ ამის შესაძლებლობა სტრასბურგმა არ მისცა. გვარამიას თქმით, ხელისუფლებას სტრასბურგში საქმის მოგების შანსი არ აქვს და ერთადერთი რისკი სწორედ ისაა, რომ ხელისუფლებამ გადაწყვეტილების არასწორი ინტერპრეტირება გააკეთოს.

მეტი რ2-ის საქმეზე, ასევე იმაზე, თუ რა სახის გადაწყვეტილებას (არ) უნდა ველოდოთ სტრასბურგის სასამართლოსგან 18 ივლისს, წაიკითხეთ ნეტგაზეთის სტატიაში:

რ2-ის საქმე სტრასბურგში — მოკლედ და გასაგებად

მასალების გადაბეჭდვის წესი