ახალი ამბები

ხვალიდან უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრება იწყება

16 ივლისი, 2019 • 1259
ხვალიდან უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრება იწყება

17 და 18 ივლისს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ასარჩევად საქართველოს პარლამენტისათვის წარსადგენ კანდიდატებს მოუსმენენ.

გასაუბრების პროცესი 11:00 საათზე დაიწყება და კანდიდატები იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ანბანური თანმიმდევრობით გამოცხადდებიან.

17 ივლისს ზურაბ აზნაურაშვილს, თამარ ალანიას, დიანა ბერეკაშვილს, თამარ ბურჯანაძესა და მერაბ გაბინაშვილს მოუსმენენ, 18 ივლისს კი შოთა გეწაძის, გრიგოლ გიორგაძის, გიორგი გოგიაშვილის, მირანდა ერემაძის და მამუკა ვასაძის მოსმენა იგეგმება.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლის შერჩევის წესის თანახმად, კანდიდატების მოსმენა საჯაროდ ტარდება, თუმცა იუსტიციის უმაღლეს საბჭოში გასაუბრებაზე დასწრებას ან საბჭოს შენობის ფოეში განთავსებულ მონიტორზე სხდომისთვის თვალყურის დევნებას მხოლოდ რამდენიმე ათეული ადამიანი შეძლებს, პირდაპირი ტრანსლირება კი არ იგეგმება.

“ჩვენ ყველა ფორმით უზრუნველვყოფთ, რომ გასაუბრების პროცესი წარიმართოს მაქისმალურად გამჭვირვალედ, ისე, რომ არავის დარჩეს შეკითხვა საჯაროობასთან დაკავშირებით და მოსმენის სამართლიანად წარმართვასთან დაკავშირებით. სამწუხაროდ, იუსტიციის უმაღლეს საბჭოს არ აქვს უფრო დიდი დარბაზი და მეტი ინფრასტრუქტურული შესაძლებლობა, რომ ყველა დაინტერესებულ პირს მისცემოდა შესაძლებლობა, უშუალოდ დარბაზში დასწრებით ედევნებინა თვალყური კანდიდატებთან გასაუბრებისთვის. ვიფიქრეთ, ხომ არ ჩაგვეტარებინა გასვლითი სხდომა საქალაქო სასამართლოში, მაგრამ ჩავთვალეთ, რომ ეს კანდიდატებისთვის შემზღუდველი იქნება, დაკითხვას დაემსგავსება”, – განაცხადა გვრიტიშვილმა.

მისი თქმით, საბჭო შეთანხმდა, შეზღუდული ადგილების გათვალისწინებით, თითო ორგანიზაციიდან თითო წარმომადგენელი იყოს დარბაზში.

რაც შეეხება პირდაპირ ტრანსლაციას, გვრიტიშვილის თქმით, ამას პარლამენტის მიერ დადგენილი კანონი არ ითვალისწინებს.

ამავე თემაზე:

იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უზენაესის მოსამართლეობის 50 კანდიდატი შეარჩია

 

მასალების გადაბეჭდვის წესი