ახალი ამბები

ლიტერატურის ფონდს მწერალი ზაზა კოშკაძეც უცხადებს ბოიკოტს

16 ივლისი, 2019 • 1408
ლიტერატურის ფონდს მწერალი ზაზა კოშკაძეც უცხადებს ბოიკოტს

მწერალი ზაზა კოშკაძე მწერლების ბოიკოტის ფარგლებში უარს აცხადებს „ლიტერატურის ეროვნული ფონდისგან“ სამეცნიერო ფანტასტიკის მსოფლიო კონგრესზე გამგზავრებისთვის დაფინანსებაზე, ასევე, ამ ახლად შექმნილი ფონდის ხელმძღვანელთან სამომავლო მოლაპარაკებებზე.

კოშკაძის თანახმად, ის მიწვეული იყო სამეცნიერო ფანტასტიკის მსოფლიო კონგრესზე დუბლინში. მის თანახმადვე, უკვე დაგეგმილი და შეთანხმებული იყო, რომ ფინანსურად დაეხმარებოდა ქართული წიგნის ეროვნული ცენტრი (დეა მეტრეველის თაოსნობით) და ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა.

„კონკრეტულად წიგნის ცენტრი იღებდა ვალდებულებას, დაეფინანსებინა ჩემი გზა, თვითმფრინავის ბილეთი თბილისი-დუბლინი-თბილისი. დეას ბრძანება უკვე არსებობდა და ველოდით ვიზას, რასაც მიაქვს საკმაოდ დიდ დრო, რადგან საქართვეოს მოქალაქეები ირლანდიის ვიზებს მხოლოდ ბულგარეთში იღებენ და საბუთებისთვის ჩასვლა-ჩამოსვლას საშუალოდ ერთი თვე მიაქვს“, — ამბობს მწერალი.

თუმცა ახლა წიგნის ცენტრი აღარ არსებობს. სტრუქტურული ცვლილებების შედეგად “მწერალთა სახლისა” და “ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის” სამართალმემკვიდრედ “ქართული ლიტერატურის ეროვნული ფონდი” განისაზღვრა. შედეგად, თანამდებობიდან გათავისუფლდნენ წიგნის ცენტრის დირექტორი დეა მეტრეველი და მწერალთა სახლის  ხელმძღვანელი ნატა ლომოური.

როგორც კოშკაძემ დაწერა, 16 ივლისს ელ-ფოსტით მიიღო წერილი, რომლის მიხედვითაც ლიტერატურის ფონდის ხელმძღვანელი ირმა რატიანი იბარებდა აღნიშნულ „ხელშეკრულებასა და სამომავლო თანამშრომლობაზე სასაუბროდ“ მწერალთა სახლში.

„გამომდინარე იქიდან, რომ ამ საქმეში პირადად ჩაერთო ქალბატონი ირმა და ორგანიზაცია, რომელთანაც ბოიკოტის რეჟიმში ვართ, გადავწყვიტე არ მივიდე და უარი ვთქვა ამ ფონდის ფინანსურ მხარდაჭერაზე. უბრალოდ, ემოციურად ვერ შევძლებდი მწერალთა სახლში მისვლას იმ ყველაფრის შემდეგ, რაც იქ მომუშავე, ჩემთვის უძვირფასეს ადამიანებს დამართეს“, — დაწერა მან ფეისბუკზე.


ფონდისთვის გამოცხადებული ბოიკოტის კიდევ ერთი მაგალითია ჟურნალი „ახალი საუნჯის“ „ლიტერატურის ეროვნული ფონდის“ ეგიდით გამოცემაზე უარი. ამბის დეტალებისთვის გირჩევთ:

მწერლების ბოიკოტი “სახელმწიფოს ბოიკოტს”

მასალების გადაბეჭდვის წესი