ახალი ამბები

20 ივნისის საქმეზე დაკავებულებს შორის “შეაჩერე კორუფციის” დამფუძნებელიცაა

16 ივლისი, 2019 •
20 ივნისის საქმეზე დაკავებულებს შორის “შეაჩერე კორუფციის” დამფუძნებელიცაა

არასამთავრობო ორგანიზაცია “შეაჩერე კორუფციის” ერთ-ერთი დამფუძნებელი ვატო გელაშვილი შსს-მ ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით დააკავა. 

ძალოვანი უწყების ცნობით, გელაშვილი ფიზიკურად და სიტყვიერად უპირისპირდებოდა სამართალდამცველებს და აგრესიულად ცდილობდა პარლამენტის ტერიტორიაზე შეჭრას. 

“შეაჩერე კორუფციის” ხელმძღვანელი ქეთევან ენუქიძე გამორიცხავს გელაშვილის მხრიდან წარდგენილი ბრალის აღიარებას. მისი თქმით, გელაშვილი აქციაზე თავიდან საერთოდ არ იმყოფებოდა და მხოლოდ მას შემდეგ მივიდა პარლამენტთან, რაც დარბევა დაიწყო. 

“როცა დარბევის დროს ადამიანი მიდის და ხედავს სასწრაფოს გავსებულ მანქანას და, სხვათა შორის, ვატო თავადაც დაზარალებულია – შუბლში მოხვდა ტყვია. ბიჭს, რომელიც ამ პროცესშია მონაწილე, როგორ უნდა მოსთხოვო, რომ ყვავილები ესროლოს პოლიციას, რომელიც მომიტინგეებს არბევს”, – უთხრა ენუქიძემ ნეტგაზეთს.

ქეთევან ენუქიძე გელაშვილის დაკავებას პირდაპირ უკავშირებს პირადად მის პოლიტიკურ აქტივობებს – სოციალურ ქსელში დადებულ უამრავ პოსტსა და ვიდეოს, რომლებშიც ხელისუფლებას აკრიტიკებს.  მისი თქმით, ვინაიდან ვერანაირად მოახერხეს “ვატოს მოსყიდვა, მოთაფვლა და გაჩუმება, იგი ასე გააუვნებელყვეს”. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ 20-21 ივნისის ღამეს განვითარებული მოვლენების დროს ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით სულ 9 პირია პასუხისგებაში მიცემული.

მასალების გადაბეჭდვის წესი