ლევან იზორიას თქმით, კანონპროექტი შეეხება იმ პრაქტიკას, რომელიც დამკვიდრებულია მოწინავე ევროპულ ქვეყნებში და ძირითადად მისი მიზანი არის ის, რომ არ იყოს რელიგიურ ნიადაგზე შუღლი გაღვივებული და საზოგადოებაში მშვიდობა იყოს უზრუნველყოფილი.
იზორიას თქმით, საუბარია ძირითადად ძალადობრივი ხასიათის მოწოდებებზე, რომლებმაც შეიძლება ძალადობრივი შედეგი გამოიწვიოს.
“აქედან გამომდინარე, არავითარი რისკის შემცველი იმ თვალსაზრისით, რომ სიტყვის თავისუფლება შეიზღუდება, მით უფრო, მასმედიის თავისუფლება შეიზღუდება, გამორიცხულია. კატეგორიულად ვამბობ, რომ მიზანი არის ერთადერთი, როგორც სიტყვის გამოხატვისა, ისე საზოგადოებრივი უსაფრთხოების, ანუ საზოგადოებაში მშვიდობის უზრუნველყოფა. და კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ბალანსის მოძებნა არის დასავლეთის მთავარი პრიორიტეტი, დასავლური ცივილიზაციის. დასავლური ცივილიზაცია არ ამბობს ცალსახად, რომ იყოს უზრუნველყოფილი მხოლოდ ერთი უფლება სუბიექტის, მათ შორის, სიტყვის გამოხატვის უფლება, დასავლეთი ამბობს მეორე სიკეთეზე, ეს არის უსაფრთხოების, მშვიდობის სიკეთე. და აი, ამ ბალანსის მოძებნა არის ყველა თაობის ამოცანა. მათ შორის, ეს უწყვეტი პროცესია, პროცესი არ ჩერდება. ამ პროცესის თანამონაწილენი ვართ ჩვენ, იმ გამოწვევებისა და იმ საფრთხეების ადეკვატურად, რომელშიც ვცხოვრობთ და რომელიც არის თანამედროვე ცივილიზებული სამყაროს და არა მხოლოდ საქართველოს პრობლემა. აქედან გამომდინარე ის ტონი, რომ რაღაც მით უფრო მასმედიისთვის საფრთხის შემცველია, ჩემთვის ყოვლად გასაკვირია”, -ამბობს ლევან იზორია.
მინისტრის მოადგილის თქმით, თუ კანონპროექტის ფორმულირებებში არსებობს გარკვეული დაზუსტებების აუცილებლობა, იგი გამოიყენებს საპარლამენტო განხილვებისა და დისკუსიის შესაძლებლობას.
ძალადობრივი მოწოდების შესახებ კანონპროექტის ავტორია შიგანგან საქმეთა სამინისტრო. კანონპროექტის მიხედვით, სისხლის სამართლის კოდექსში შედის რამდნეიემე ცვლილება. კოდექსს ემატება 129-ე პრიმა მუხლი “მოწოდება შუღლის გაღვივების მიზნით”:
“მოწოდება შუღლის გაღვივების მიზნით, ესე იგი ზეპირად, წერილობით ან გამოხატვის რომელიმე სხვა საშუალებით საჯაროდ მოწოდება ძალადობრივი ქმედებისკენ რასობრივი, რელიგიური, ეროვნული, კუთხური, ეთნიკური, სოცილაური, ენობრივი ან/და სხვა ნიშნების მქონე პირთა ჯგუფებს შორის მტრობის ამ განხეთქილების ჩამოგდების მიზნით. ისჯება თავისუფლების აღკვეთით ორიდან ხუთ წლამდე”.
კანონპროექტი გააკრიტიკეს იურისტებმა და მიაჩნიათ, რომ მან შესაძლოა სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება შეზღუდოს.