“მაკნატუნაში” ვარაუდობენ, რომ შემოსავლების სამსახურის გააქტიურება ანტისაოკუპაციო კამპანიას უკავშირდება

მზესუმზირის მწარმოებელი კომპანიის,”მაკნატუნას” დამფუძნებელი დავით ფხაკაძე ამბობს, რომ კომპანიაში შემოსავლების სამსახურის შესვლა, შესაძლოა, მათ მიერ ანტისაოკუპაციო შეფუთვით გამოშვებულ პროდუქციას უკავშირდებოდეს, რომელიც გახარიას გადადგომის მოთხოვნით მიმდინარე აქციებზეც დარიგდა.

მისივე თქმით, ამ შეფუთვით გამოშვებული მზესუმზირა რუსთაველზე, პარლამენტის შენობის წინ მიმდინარე აქციაზე მისმა ძმამ დაარიგა.

როგორც ბიზნესმენმა ნეტგაზეთს უთხრა, შემოსავლების სამსახური მათთან რამდენიმე თვის წინ შევიდა, თუმცა კომპანიიდან ყველა დოკუმენტის ამოღება რამდენიმე დღის წინ მოხდა, რაც, როგორც ფხაკაძე ამბობს, 2012 წლის შემდეგ არ მომხდარა. მისივე თქმით, კომპანიას ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მიმართ რაიმე დავალიანება არასდროს ჰქონია. საჯარო რეესტრში კომპანიის ქონებას არც ყადაღა და არც გირავნობა ადევს.

“რამდენიმე თვის წინ შემოსავლების სამსახურმა კომპანიის შემოწმება დაიწყო, თუმცა ახლა აუდიტი [კომპანიის დოკუმენტაცია] მოითხოვეს. თავიდან ინვენტარიზაცია რომ  გააკეთეს, ის შეიძლება გეგმური იყო, თუმცა ახლა ოკუპაციის წინააღმდეგ შეფუთვა რომ გავაკეთეთ, სავარაუდოდ, ამის შემდეგ მოითხოვეს [დოკუმენტაცია]. დანამდვილებით ვერაფერს ვიტყვი. 26 ნოემბერს შემოვიდა [შემოსავლების სამსახური], ამის შემდეგ დაახლოებით ორი კვირის განმავლობაში ინვენტარიზაციას აკეთებდნენ. მას შემდეგ არაფერი მომხდარა. კომპანიის აუდიტი მოითხოვეს იმ დღის შემდეგ, რაც მზესუმზირის შეფუთვები რუსთაველის გამზირზე დარიგდა”, – ამბობს კომპანიის დამფუძნებელი.

„მაკნატუნაში“ საგადასახადო შემოწმების პოლიტიკური პროცესებთან დაკავშირებას მოსახლეობისთვის “შეგნებულად არასწორი ინფორმაციის მიწოდებად” აფასებს შემოსავლების სამსახური.  უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია, რომ „მაკნატუნას“ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაცია 2018 წლის 26 ნოემბერს დაიწყო და ამჟამად შპს „მაკნატუნას“ მიერ წარმოდგენილი მასალების შესწავლა მიმდინარეობს.

“საგადასახადო კანონმდებლობით, გადასახადის გადამხდელის შესახებ ინფორმაცია წარმოადგენს საგადასახადო საიდუმლოებას, თუმცა, მაღალი საჯარო ინტერესიდან გამომდინარე და მოსახლეობისთვის ობიექტური ინფორმაციის მიწოდების მიზნით, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ შპს „მაკნატუნას“ მიმართ  სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის საფუძველზე მიმდინარე საგადასახადო შემოწმების პროცესი მიმდინარეობს.

აღსანიშნავია, რომ ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტმა შპს „მაკნატუნას“ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაცია დაიწყო გასული წლის 26 ნოემბერს, ამჟამად კი მიმდინარეობს შპს „მაკნატუნას“ მიერ წარმოდგენილი მასალების დამუშავება და შესწავლა.

ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ, საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად, ყოველდღიურად ხდება ათეულობით კომპანიის შემოწმება და ეს ჩვეულებრივი პროცესია. შესაბამისად, შპს „მაკნატუნაში“ მიმდინარე საგადასახადო შემოწმების მიბმა პოლიტიკური პროცესებისათვის არის მოსახლეობისთვის შეგნებულად არასწორი ინფორმაციის მიწოდებისა და ცალკეული ჯგუფების მიერ ამ ინფორმაციის პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენების მორიგი მცდელობა”,-წერია განცხადებაში.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
მარიამ ვარადაშვილი არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2017 წლის სექტემბრიდან.