ახალი ამბები

გავრილოვის არა, ჭიჭიკოს ღამე – ქუცნაშვილის აზრით, საზოგადოება ობიექტურობას მოწყვეტილია

15 ივლისი, 2019 • 2563
გავრილოვის არა, ჭიჭიკოს ღამე – ქუცნაშვილის აზრით, საზოგადოება ობიექტურობას მოწყვეტილია

“ქართული ოცნების” დეპუტატი ზაქარია ქუცნაშვილი აცხადებს, რომ საზოგადოება ობიექტურობას მოწყვეტილია და 20 ივნისს ძალაუფლების ხელში ჩაგდების მცდელობა იყო.

“გავრილოვის ღამე კი არა – ჭიჭიკოს ღამე… გავრილოვის ღამე კი არა, ეს იყო ძალაუფლების ხელში ჩაგდების მცდელობის ღამე და გავრილოვის ღამით გინდათ გაამართლოთ “ნაციონალების” ძალადობა?” – განუცხადა ზაქარია ქუცნაშვილმა BM.GE-ს.

მისი თქმით, 20 ივნისის ღამეს რუსი დეპუტატი საქართველოში აღარ იყო.

“თუ ჩვენ ფაქტები და სიზუსტე გვინდა, გავრილოვი თბილისში იმ დროს არ ყოფილა. ის გაფრინდა 5 სააათსა და 30 წუთზე… იმ ღამეს თუ ვარქმევთ ვინმეს სახელს, სულ მცირე იმ ღამეს იქ უნდა იყოს. აქედან გამომდინარე, ის იყო ძალადობის ღამე, რომელიც მოტივირებული იყო ძალაუფლების ხელში ჩაგდების სურვილით, ვიდრე – გავრილოვის ღამე“, – განაცხადა ზაქარია ქუცნაშვილმა.

ქუცნაშვილის თქმით, პატრიოტიზმის თემა ძალაუფლების მოპოვებისთვის გამოიყენეს.

“ეს იყო უზარმაზარი ქაჯობა, რაც გააკეთეს იმ დღეს. ამან დააზარალა ქვეყანა”, – აღნიშნა დეპუტატმა.

ჟურნალისტის კითხვაზე, რას დაარქმევდა გავრილოვის ჯდომას პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში, ქუცნაშვილი პასუხობს, რომ სპიკერის სკამი წმინდანის არაა.

“წმინდანის სკამია პარლამენტის თავმჯდომარის სკამი თუ რა არის, ვერ გავიგე? როდის გახდა წმინდანის სკამი – ნინო ბურჯანაძე რომ იჯდა მაშინ, თუ კაკო ასათიანი რომ იჯდა, მაშინ?…  უბრალოდ, საზოგადოება ახლა კლიშეების ქვეშაა და ობიექტურობას მოწყვეტილია, რადგან რეალურად, მანდ რაც იყო გადაცდომა, გადაცდომა იყო ის, რომ საზოგადოებამ ვერ მიიღო სიმართლე მტრის თაობაზეც კი. საზოგადოებას მიაწოდეს ინფორმაცია, რომ ვითომ ეს გავრილოვი იყო საქართველოს დამბობმბავი, აფხაზეთში ნაომარი, ქართველების სისხლის მსმელი – აი, ასე იყო გაყალბებული ფაქტები”, – განაცხადა ზაქარია ქუცნაშვილმა.


ზაქარია ქუცნაშვილი, როგორც მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეაში საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელი, დაკავშირებულია გენერალური ასამბლეის თბილისში ჩატარებასთან და შესაბამისად, რუსეთის დელეგაციის ვიზიტთნა. მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეას რუსეთის დუმის დეპუტატი სერგეი გავრილოვი ხელმძღვანელობს. ის თბილისში სესიას რუსულ ენაზე უძღვებოდა და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში იჯდა.

ამ მოვლენამ გამოიწვია საპროტესტო აქციის დაწყება, რომელიც დღემდე გრძელდება. 20-21 ივნისის ღამეს ხელისუფლებამ აქცია ცრემლსადენი გაზის, რეზინის ტყვიებისა და წყლის ჭავლის გამოყენებით დაშალა, რა დროსაც 200-ზე მეტი ადამიანი დაშავდა, მათ შორის, ორმა დაკარგა თვალი.

გადადგა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, ზაქარია ქუცნაშვილმა კი დეპუტატის მანდატის დატოვების შესახებ განაცხადა. მისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტი ხვალ, 16 ივლისს განიხილავს.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი