ახალი ამბები

რატომ აკრიტიკებს ოპოზიცია სოფო ვერძეულს და როგორ აფასებს EMC 20 ივნისის მოვლენებს

14 ივლისი, 2019 • 1629
რატომ აკრიტიკებს ოპოზიცია სოფო ვერძეულს და როგორ აფასებს EMC 20 ივნისის მოვლენებს

 ოპოზიცია აკრიტიკებს  EMC-ის დირექტორთა საბჭოს წევრს სოფო ვერძეულს 20 ივნისის შესახებ გამოთქმული მოსაზრების გამო და მის მიუკერძოებლობას ეჭვის ქვეშ აყენებს, ამავე დროს ნიკა მელიას მოწოდებებზე მისი განცხადება ენმ-ს და “ევროპული საქართველოს” ლიდერებს შორის დაპირისპირების საბაბი გახდა. 

რას წერს სოფო ვერძეული? 

თავის მოსაზრება 20 ივნისის მოვლენებზე ვერძეულმა 13 ივლისს, ფეისბუკზე გამოაქვეყნა, რომელშიც ის წერს როგორც შს მინისტრ გიორგი გახარიას პასუხისმგებლობაზე, ასევე პოლიტიკოსებზე, რომლებმაც, მისი შეფასებით, სიტუაციის დეესკალაციისთვის არაფერი გააკეთეს და პირიქით, საშიშად გამოიყენეს შეკრებილი ხალხის ემოცია: 

“დიდი ხანია, ცხოვრებას საშინლად მირთულებს სიმართლის მიკროსკოპული სიზუსტით დადგენის მოთხოვნილება და სამართლიანობის ხაზების უზუსტესად გავლების სურვილი, მაგრამ ეს ღირსეული ბრძოლისთვის საჭირო და აუცილებელი მგონია.

20 ივნისი უმძიმე დღე იყო ამ ქვეყნისთვის, რომელმაც ძველი ტრავმების და მეხსიერების გაცოცხლებასთან ერთად, ამ ქვეყანაში ახალი მსხვერპლები და უმძიმესი ისტორიები შექმნა. შინაგან საქმეთა მინისტრს, დღეს თუ არა ხვალ, მოუწევს პასუხისმგებლობის აღება აქციის დაშლის მძიმე შედეგებზე. 

თუმცა, შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობიდან გადადგომის სამართლიანი მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად, არ არის საჭირო ნახევარი სიმართლით ილაპარაკო. თვალი დახუჭო პოლიციელებზე თავდასხმის ფაქტებზე, რომელიც მოხდა და მოხდა არაერთხელ 20-21 ივნისს. არ გჭირდება თვალი დახუჭო და ენა ვერ მოიბრუნო იმ უპასუხისმგებლო პოლიტიკოსებზე, რომლებმაც სიტუაციის დეესკალაციისთვის არაფერი გააკეთეს და პირიქით, საშიშად გამოიყენეს შეკრებილი ხალხის ემოცია. 

– დიახ, აქცია დაახლოებით 10 საათიდან გახდა ძალადობრივი და ამას არ სჭირდება უკლებლივ ყველა დემონსტრანტის ჩართვა კრიმინალურ ქმედებებში. დემონსტრანტთა საკმაოდ დიდი ჯგუფი, 10 საათიდან 12 საათამდე მონაკვეთში, პრაქტიკულად უწყვეტად, ფიზიკურად უტევდა პოლიციას, ართმევდა აღჭურვილობას, იტაცებდა კორდონიდან პოლიციელებს;  

– პოლიტიკოსების ნაწილის როლი 20 ივნისის აქციაზე იყო დესტრუქციული, უპასუხისმგებლო და სამარცხვინო. ნიკა მელიას გავრცელებული ვიდეო, რომელშიც თითქოს შოკისმომგვრელი სიმშვიდე ჩანს, ჯერ ერთი, არ ფარავს იმ პერიმეტრს, სადაც ზუსტად ამ დროს პოლიციასთან შეტაკება გრძელდება და მეორე, არ ცვლის იმ როლს, რომელიც ნიკა მელიამ ამ აქციაზე მანამდე ითამაშა.

არცერთი მნიშვნელობის და სიმძიმის ბრძოლაში არ არის ზედმეტი დარჩე ადეკვატური და სამართლიანი”, – წერს ვერძეული. 

ოპოზიციის ლიდერების კრიტიკა 

ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი, “ევროპული საქართველოს”  წევრი ოთო კახიძე ეთანხმება ვერძეულს ნიკა მელიას შეფასებაში და  მიიჩნევს, რომ ნაცმოძრაობის პოლიტსაბჭოს თავმჯდომარეს, ნიკა მელიას არ უნდა გაეკეთებინა პროვოკაციული და სრულიად უპასუხისმგებლო მოწოდება პარლამენტის ეზოში “მშვიდობიანად შესვლის” თაობაზე. ამავე დროს კახიძე  არ იზიარებს მოსაზრებას, რომ “აქცია დაახლოებით 10 საათიდან გახდა ძალადობრივი” და და დასძენს, რომ “ობიექტურობის” საბურველში სახელისუფლო პროპაგანდის მესიჯბოქსი ვერ შეინიღბება”: 

“სოფო ვერძეული აანალიზებს 20 ივნისის ღამეს და “მიუკერძოებელი დამკვირვებლის” სტატუსით სიმართლედ გვასაღებს მთავარ სახელისუფლო ჰედლაინს, რომ “აქცია დაახლოებით 10 საათიდან გახდა ძალადობრივი”, – აცხადებს კახიძე. 

“პრინციპულად არასწორია ქალბატონი ვერძეულის შეფასება, რომ რამდენიმე ათეული პირის ძალადობრივი ქმედება, ათიათას კაციან მიტინგს აქცევდა ძალადობრივად”, – განაცხადა “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამაც 14 ივლისს. 

“როდესაც “ცხოვრებას ძალიან გირთულებს სიმართლის მიკროსკოპული სიზუსტით დადგენის მოთხოვნილება” ადამიანის უფლებებს არ უნდა იცავდე, სხვანაირად ალბათ იმის დანახვა შეიძლება, რომ გაუფრთხილებლად სპეციალური საშუალებების გამოყენება საერთოდ აქრობს პოლიციის მხრიდან ძალადობისა და ამ მხრივ, უფლებათა დამცველის მოსაზრებების ლეგიტიმურობას, მით უფრო დაკარგული თვალებისა და გახვრეტილი თავის ქალის შემდეგ. ისე, ამ ამბავში ყველაზე უფრო ამოუცნობი ის არის, რომ ადამიანის უფლებების დამცველის გუშინდელი შეშფოთება კამერების მიერ გვერდითი პერიმეტრის დაფიქსირების შესახებ დღეს ამაყად გაიმეორა მეზღაპრე პროკურორმა”, – ასე აკრიტიკებს ენმ-ს ერთ-ერთი ლიდერი უფლებადამცველს. 

როგორ შეაფასა EMC-მ 20 ივნისის მოვლენები

EMC  20 ივნისის მოვლენების პირველადი სამართლებრივი შეფასება 4 ივლისს გამოაქვეყნა, რომლის ერთ-ერთი ავტორი სოფო ვერზეულია.  ორგანიზაციამ ჩატარებულ ღონისძიებასა და მის შედეგებზე პოლიტიკური პასუხისმგებლობა შინაგან საქმეთა მინისტრს დააკისრა და განაცხადა, რომ გახარიამ თანამდებობა უნდა დატოვოს. EMC-ის ანგარისში ასევე აღნიშნულია, რომ “რუსთაველზე გამართული საპროტესტო აქციის მონაწილეების გარკვეული ჯგუფის ქცევამ უკონტროლო ძალადობრივი ხასიათი შეიძინა და პოლიციას შეკრების თავისუფლებაში ჩარევის და აქციის შეწყვეტის სამართლებრივი საფუძველი მისცა”. 

EMC -ის ანგარიში: 

ამ ანგარიშით EMC წარმოადგენს 20 ივნისს, პოლიციის მოქმედების პირველად სამართლებრივ შეფასებას, რომელიც ამ ეტაპზე ორგანიზაციისთვის ხელმისაწვდომ ინფორმაციას ეყრდნობა. ცხადია, რომ მოვლენების დეტალური ანალიზის პირობებში, ადამიანის უფლების დარღვევის პრაქტიკა და ინდივიდუალური შემთხვევები კიდევ უფრო დიდ მასშტაბს მიაღწევს და ის კიდევ უფრო დეტალურ და ზედმიწევნით ანალიზს საჭიროებს.

ჩვენს ხელთ არსებული საჯარო მასალებისა და ანალიზის შეზღუდული მეთოდოლოგიური ინსტრუმენტების გათვალისწინებით, EMC-ს მიაჩნია, რომ 20 ივნისს რუსთაველზე გამართული საპროტესტო აქციის მონაწილეების გარკვეული ჯგუფის ქცევამ უკონტროლო ძალადობრივი ხასიათი შეიძინა და პოლიციას შეკრების თავისუფლებაში ჩარევის და აქციის შეწყვეტის სამართლებრივი საფუძველი მისცა. თუმცა, აქციის შეწყვეტის დროს პოლიციამ უგულებელყო აქციის დაშლისთვის კანონით დადგენილი მოთხოვნები, მათ შორის, სათანადოდ არ გამოიყენა მოლაპარაკებების რესურსი. პოლიციას არ გააჩნდა ადამიანის უფლებების სტანდარტების დაცვით აქციის დაშლისა და ადამიანების მასების მართვის ეფექტიანი, გონივრული და ზედმიწევნითი გეგმა, მან მასობრივად და განურჩევლად გამოიყენა ჭარბი საპოლიციო ძალა და აშკრად დაარღვია სპეციალური საშუალებების გამოყენების თანმიმდევრობა და წესები, რამაც შედეგად დემონსტრანტთა მძიმედ დაშავება და ზოგიერთ შემთხვევაში, გამოუსწორებელი დაზიანება გამოიწვია. შუა ღამით, აქციის პირველი დაშლის შემდეგ, პოლიციის ქცევამ აშკარად თვითნებური ხასიათი მიიღო და უკვე ბუნდოვანი გახდა, რა ლეგიტიმურ მიზანს ემსახურებოდა მათ მიერ პარლამენტის შენობიდან უკვე მოშორებით მყოფი შეკრების მონაწილეების რამდენიმე საათის განმავლობაში დევნა, დაკავება და ძალადობა.

პოლიციის მხრიდან გამოვლენილი ძალადობის მასშტაბი და ინტენსივობა, ადამიანის უფლებების აშკარა და მასობრივი დარღვევის ფაქტების ეფექტიანი მონიტორინგისა და პრევენციის სისტემის არარსებობა, შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი თანამდებობის პირებისა და მენეჯმენტის სამართლებრივ და პოლიტიკურ პასუხისმგებლობას ცალსახად აყენებს.

ანგარიში დეტალურად აღწერს აქციის განვითარების დინამიკას, მათ შორის, აქციის მონაწილეთა ნაწილის მხრიდან პარლამენტში შეღწევის მცდელობას და ამ მიზნით, პარლამენტის წინ მყოფ პოლიციის კორდონზე თავდასხმის ეპიზოდებს. სწორედ აქციის მონაწილეთა მხრიდან განგრძობადად გამოხატულმა აგრესიულმა ქცევამ და პარლამენტის ეზოში შეღწევის მცდელობებმა მისცა პოლიციას აქციის დაშლის სამართლებრივი საფუძველი. სამწუხაროა, რომ ამ კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებში ჩართულები იყვნენ ოპოზიციური პოლიტიკური ლიდერებიც. მეტიც, სიტუაციის ესკალაციის პირობებში აქციის ორგანიზატორებმა არც კი სცადეს შეკრების მონაწილეების ძალადობრივი ქცევების შეკავება და დეესკალაციისკენ მიმართული ნაბიჯების გადაგმა. დემოკრატიული პროცესების ამგვარი ტაქტიკით წარმართვა უპირისპირდება დემოკრატიის იდეას და ამგვარი უპასუხისმგებლობა სათანადო სამართლებრივ და პოლიტიკურ შეფასებას მოითხოვს.

მიუხედავად აქციის დაშლის გადაწყვეტილების კანონიერებისა, შემდგომ ეტაპებზე პოლიციის ქმედებებში არაერთი პრობლემური, მძიმე ეპიზოდი გამოიკვეთა. პირველ რიგში, პოლიციამ არ უზრუნველყო აქციის მონაწილეთა სათანადო ფორმით გაფრთხილება აქციის დაშლის დაწყებამდე, რაც შეკრებისა და მანიფესტაციის მარეგულირებელი კანონმდებლობის ცალსახა დარღვევას წარმოადგენს.

აქციის დაშლა პოლიციამ ღამის 12 საათისთვის ცრემლსადენი გაზით დაიწყო, რასაც მცირე დროში რეზინის ტყვიების გამოყენება მოყვა, ისე რომ ჯერ კიდევ არ იყო ამოწურული ნაკლები ინტენსივობის და სიმძიმის სპეციალური საშუალებების გამოყენების რესურსი. ასევე, ადეკვატურად არ იყო შეფასებული, ცრემლსადენი გაზის გამოყენების შემდგომ, პარლამენტის შენობაში შეღწევის ან/და საპოლიციო დანაყოფებთან შეტაკებების განმეორების საფრთხე, მისი რეალურობა და მყისიერება.

აქციის დაშლის ოპერაცია პრაქტიკულად მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა. დემონსტრანტთა გარკვეული ნაწილი პოლიციის მიმართ აგრესიულ ქმედებებს სხვადასხვა ლოკაციაზე, სხვადასხვა საგნის გამოყენებით მიმართავდა. თუმცა, პოლიცია არ მიჯნავდა მშვიდობიანი და არამშვიდობიანი ქცევის მქონე შეკრების მონაწილეებს და მათ მიმართ განურჩეველ ინტენსიურ საპოლიციო ძალას იყენებდა. აღნიშნულს ყველაზე ნათლად ადასტურებს ათეულობით ჟურნალისტის დაზიანების შემთხვევები. პოლიციის მიერ სპეციალური საშუალებების გამოყენებას, თან ახლდა დემონსტრანტთა მძიმე დაზიანება. ზოგიერთ ეპიზოდში, პოლიცია რეზინის ტყვიებს მცირე დისტანციიდან, თავისა და სახის არეში დამიზნებით იყენებდა, რამაც გაზარდა დაზიანებების სიმძიმე. აქციის დაშლის გადაწყვეტილების აღსრულების პროცესში პოლიციამ არ დაიცვა სპეციალური საშუალებების გამოყენების წესები, თანმიმდევრობა და არაპროპორციული საპოლიციო ძალა გამოიყენა.

აქციის დაშლას ათეულობით დემონსტრანტის ადმინისტრაციული დაკავება მოყვა. დაკავების საფუძვლები და სასამართლოში პოლიციელთა მიერ განმარტებები სუსტი, შაბლონური, უკიდურესად იდენტური იყო, რაც არაერთ შემთხვევაში დაკავებების თვითნებურობაზე მიუთითებდა. განსაკუთრებით საგანგაშოა ინფორმაცია, დაკავების პროცესში და შემდგომ, პოლიციის მიერ გამოყენებული ფიზიკური ძალის შესახებ. დაკავებულთა ნაწილი მათ მიმართ დაკავების შემდგომ ცემაზე, ღირსების შემლახავ ან არასათანადო მოპყრობაზე მიუთითებდა.

20 ივნისს გამართული ანტისაოკუპაციო აქცია, რომელიც გარკვეულ ეტაპზე ძალადობრივ ქმედებებში გადაიზარდა, პოლიციის მხრიდან არაპროპორციული ძალის გამოყენებით დაიშალა. მიუხედავად აქციის დაშლის ლეგიტიმური საფუძვლის არსებობისა, პოლიციამ დაშლის დაგეგმვის და მისი აღსრულების პროცესში დაარღვია შეკრებისა და მანიფესტაციის, თავისუფლებისა და ფიზიკური ხელშეუხებლობის, არასათანადო მოპყრობისგან დაცვის ფუნდამენტური უფლებების არაერთი ასპექტი. რა თქმა უნდა, მხედველობაშია მისაღები აქციის მონაწილეთა ნაწილის მკვეთრად აგრესიული ქცევა, პოლიციასთან შეტაკების ეპიზოდები. თუმცა, ნათელია, რომ აქციის დაშლის პროცესში, პოლიციამ ძალის დიფერენცირებული და პროპორციული გამოყენების პრინციპი ვერ დაიცვა.

20 ივნისის აქციის დაშლა ასევე აჩვენებს იმ ინსტიტუციურ გამოწვევას, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს არ გააჩნია საკმარისი სტრატეგია, ტექნიკები, სისტემები და ადამიანური რესურსი, რომელიც მასობრივი შეკრებების ადამიანის უფლებების სტანდატებით მართვის შესაძლებლობას მისცემს. შეკრების შეწყვეტის შემთხვევაში გონივრული და ეფექტიანი სამოქმედო გეგმის, საფრთხეების სათანადო გაზომვის და პრევენციის, პროცესის ზედმიწევნით მონიტორინგის, გადამოწმებისა და შეთანხმების სისტემები კვლავ მყიფე, გაუმართავი და სუსტია. საკუთარი მოქალაქეების მიმართ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების ამ ხარისხის ძალადობაში ჩართვა, ასევე არსებითად აზიანებს სამართალდამცავი ორგანოების მიმართ ნდობას.

20 ივნისი, წინა წლების აქციების (მათ შორის, 2007 წლის 7 ნოემბრის, 2011 წლის 26 მაისის) ძალადობრივი დაშლის მძიმე პოლიტიკური და სოციალური გამოცდილების გაგრძელებაა, რომელიც ინსტიტუციონალური ძალადობის პრაქტიკაზე მიუთითებს და სახელმწიფო ინსტიტუტების და დემოკრატიული პროცესების მიმართ ნდობას ასუსტებს.

20 ივნისს ადამიანის უფლებების მძიმე დარღვევებისა და უფრო ფართოდ, პოლიციის მოქმედებებში გამოვლენილი მრავალჯერადი, ხანგრძლივი და მძიმე ხასიათის კანონდარღვევებზე სათანადო რეაგირების მიზნით, მნიშვნელოვანია:

[checklist]

  • ჩატარებულ ღონისძიებასა და მის შედეგებზე პოლიტიკური პასუხისმგებლობა აიღოს და თანამდებობა დატოვოს შინაგან საქმეთა მინისტრმა;
  • პროკურატურამ გონივრულ ვადებში აწარმოოს გამოძიება აქციის დაშლის დაგეგმვაზე პასუხიმგებელი პირებისა და ინდივიდუალური პოლიციელების ქმედებებში დანაშაულის ნიშნების გამოკვეთის და შესაბამისი პასუხისმგებლობის ზომების გამოყენების მიზნით. საზოგადოებას თითოეულ საქმესთან დაკავშირებით უნდა მიეწოდოს ინფორმაცია რეაგირების ფორმების შესახებ;
  • იქ სადაც დაზარალებულებს ჟურნალისტები წარმოადგენენ, გამოძიების მხრიდან ყურადღება უნდა გამახვილდეს ჟურნალისტური საქმიანობის ხელშეშლის ასპექტებზე;
  • ასევე დროულად უნდა იყოს გამოძიებული 20 ივნისს პარლამენტის შენობის წინ და სხვა ტერიტორიებზე მომიტინგეთა ნაწილის მიერ პოლიციელებზე განხორციელებული თავდასხმის ეპიზოდები, ისევე როგორც პარლამენტში შესვლის შესახებ გაკეთებული კანონსაწინააღმდეგო მოწოდებები და მომიტინგეთა შემდგომი ქმედებები;
  • დამოუკიდებელი გამოძიების საგანი უნდა გახდეს თვითნებური და უსაფუძვლო დაკავების, ისევე როგორც დაკავებისას და შემდგომ შესაძლო ძალადობის და არასათანადო მოპყრობის შემთხვევები;
  • არსებითია მიმდინარე გამოძიების პროგრესისა და შედეგების შესახებ საზოგადოებას დროულად ეცნობოს. ამასთან, გამოძიების გამჭირვალობისთვის და ნდობისთვის მნიშვნელოვანია ამ პროცესში დაზარალებული პირებისა და მათი წარმომადგენლების უფლებების მაღალი ხარისხით დაცვა და პროცესში სახალხო დამცველის საზედამხედველო როლის რეალური განხორციელების ხელშეწყობა;
  • მნიშვნელოვანია, შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან სათანადოდ გაანალიზდეს ის სისტემური ხარვეზები, რაც აქციის დაშლის, სპეციალური საშუალებების გამოყენების და დემონსტრანტთა ფართო მასების მართვის მიმართულებით, 20 ივნისის მოვლენებმა გამოკვეთა და მათ ინსტიტუციურ დონეზე უპასუხოს;
  • ხელისუფლებამ აქციის შედეგად დაზარალებულ პირებს სრულფასოვანი მხარდაჭერა უნდა აღმოუჩინოს სამედიცინო და რეაბილიტაციის სერვისების დაფინანსების კუთხით.[/checklist]

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი