ახალი ამბები

მელია მოლაპარაკების მოჩვენებითი მზაობით დანაშაულებრივ განზრახვას ნიღბავდა – პროკურატურა 20 ივნისზე

13 ივლისი, 2019 • 856
მელია მოლაპარაკების მოჩვენებითი მზაობით დანაშაულებრივ განზრახვას ნიღბავდა – პროკურატურა 20 ივნისზე

“ინტერპრეტაცია” და “საზოგადოების შეცდომაში შეყვანა ბრალდებულისთვის პასუხისმგენლობის არიდების მიზნით”, – ასე შეაფასეს მთავარ პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა მელიას 20 ივნისის ღამით გადაღებული ვიდეომასალის გავრცელება, ხელისუფლების ვერსიის საპირწონედ.

პროკურატურაში აღნიშნეს, რომ აღნიშნული ვიდეო ნაწილია იმ კადრებისა, რომლებიც “ნიკა მელიას ბრალეულობას ადასტურებს” და რომელიც “ბრალდების მხარემ კანონით დადგენილი წესით გადასცა დაცვის მხარეს”.

“დაცვის მხარემ მასზე დაყრდნობით შექმნა ვიდეომასალის საკუთარი ვერსია და მცდარი საზოგადოებრივი აზრის შესაქმნელად განსხვავებული ინტერპრეტაციით მიაწოდა საზოგადოებას”, – აცხადებენ უწყებაში.

პროკურატურის თქმით, ვიდეომასალის ანალიზით ჩანს, რომ ნიკა მელია პარლამენტში შეჭრის მცდელობას მშვიდობიანი მოწოდებებით “ნიღბავდა”. უწყების აზრით, ერთ-ერთი ასეთი იყო ოპოზიციის მზაობა მოლარაპეკების შესახებ.

” ნიკანორ მელია დანაშაულებრივი განზრახვის შესანიღბად ხშირად იყენებდა ისეთ მოწოდებებს, როგორიცაა, “ჩვენ უნდა შევიდეთ მშვიდობიანად, ხელებაწეულები პარლამენტის შენობაში” და ა.შ. ამავე მიზანს ემსახურებოდა ნიკანორ მელიას მოჩვენებითი მზაობა, მოლაპარაკების გზით ამოეწურა კონფლიქტი, რადგან ამ მშვიდობიანი მოწოდებების პარალელურად, მოძალადეებმა რამდენიმე ადგილას მოახერხეს კორდონის გარღვევა, რასაც მოჰყვა კიდეც პოლიციის მხრიდან მოძალადეთა მოგერიების მიზნით სპეციალური საშუალებებია გამოყენება”, – ამბობს პროკურატურა.

მთავარმა პროკურატურამ მელიას გავრცელებულ ვიდეოზე განცხადება 11 ივლისსაც გაახმიანა და აღნიშნულ ქმედებას მაშინაც საზოგადოების შეცდომაში შეყვანა უწოდა.

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა მელიამ, 20 ივნისის ღამეს გადაღებული ვიდეო 10 ივლისს გაავრცელა. კადრების დიდი ნაწილი პარლამენტის წინ ცრემლსადენი გაზის გაშვებამდე ოპოზიციის წარმომადგენელთა განცხადებებს მოიცავს. მელიას თქმით, კადრებით მტკიცდება, რომ აქციის დაშლა სწორედ იმ დროს დაიწყო, როცა ოპოზიცია ხელისუფლების მიერ შეთავაზებულ შეხვედრას ათანხმებდა.

ხელისუფლების ვერსიის საპირწონედ მელია 20 ივნისის ღამეს გადაღებულ ვიდეოს ავრცელებს

მასალების გადაბეჭდვის წესი