ახალი ამბები

პარლამენტთან განახლდა აქცია გახარიას გადადგომის მოთხოვნით

12 ივლისი, 2019 • 820
პარლამენტთან განახლდა აქცია გახარიას გადადგომის მოთხოვნით

თბილისში, პარლამენტის შენობასთან, უკვე 23-ე დღეა მიმდინარეობს საპროტესტო აქცია შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას მოთხოვნით.

აქციის მონაწილეების თქმით, მათი პროტესტი გაგრძელდება მანამდე, სანამ გახარია თანამდებობას არ დატოვებს.

საქართველოში რუსეთის დუმის დეპუტატის ოფიციალური ვიზიტის გასაპროტესტებლად თბილისში გამართული აქცია ხელისუფლებამ დაარბია. მოტივად კი დაასახელა პარლამენტში აქციის მონაწილეთა შეჭრის მცდელობა. შედეგად დაშავდა 240-დე ადამიანი, მათ შორის, 80-მდე სამართალდამცავი. აქციაზე დაშავებულმა ორმა ადამიანმა დაკარგა თვალი. ვიდეოკადრებში ჩანს, პოლიციელთა ნაწილი მიზანმიმართულად როგორ ესვრის რეზინის ტყვიებს მოქალაქეებს. ადმინისტრაციული წესით სულ დააკავეს 300-ზე მეტი ადამიანი, რომელიც რამდენიმე დღეში გაათავისუფლეს. ომბუდსმენის ცნობით, დაკავებულები ვერ სარგებლობდნენ სამართლიანი სასამართლოს უფლებით.

დარბევის შემდეგ გადადგა პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, ზაქარია ქუცნაშვილმა კი თქვა, რომ ტოვებს დეპუტატის მანდატს. “ოცნებამ” ასევე დააკმაყოფილა აქციის კიდევ ერთი მოთხოვნა, რომლის მიხედვითაც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები პროპორციული სისტემით უნდა ჩატარდეს. აქციის მონაწილეებს ეს საკმარისად არ მიაჩნიათ და პროტესტს აგრძელებენ გახარიას გადადგომის მოთხოვნით, რისი მთავარი მიზეზიც აქციის დარბევაა.

მასალების გადაბეჭდვის წესი