ლიტერატურული ჟურნალი “ახალი საუნჯე” მწერლების ბოიკოტის ფარგლებში “ლიტერატურის ეროვნული ფონდის” ეგიდით გამოცემაზე უარს ამბობს და მუშაობას აჩერებს. ინფორმაციას ამის შესახებ ჟურნალის რედაქტორი შოთა იათაშვილი ავრცელებს. ჟურნალი ბიუჯეტიდან მწერალთა სახლის მიერ ჩატარებული ტენდერის ფარგლებში ფინანსდება.
“გამოვიდა ჟურნალის მაისი-ივნისის ნომერი. ესაა ამ სიტუაციაში ბოლო ნომერი, რომელიც მწერალთა სახლის მიერ გამოიცა. დღეს უკვე დამირეკეს და მითხრეს, რომ ივლისიდან ჟურნალზე მწერალთა სახლის ლოგო უნდა მოვხსნა და გამოვცე იმ ლიტერატურის ეროვნული ფონდის ქვეშ, რომელსაც მიზეზთა გამო ქართველმა მწერლებმა ბოიკოტი გამოუცხადეს. ჟურნალი “ახალი საუნჯეც” უერთდება ამ ბოიკოტს და აცხადებს, რომ ამ ფონდის ქვეშ გამოცემაზე ის უარს აცხადებს და აჩერებს თავის მუშაობას”, – წერს იათაშვილი საკუთარ ფეისბუკ გვერდზე.
აღნიშნულ საკითხზე ნეტგაზეთი შოთა იათაშვილს რამდნეიმე დღის წინაც ესაუბრა. იათაშვილი არ გამორიცხავს, რომ შექმნილი ვითარების გამო ფონდმა, შესაძლოა, ალტერნატიული გამოცემა დააფინანსოს.
“რაც შეეხება ალტერნატივის შექმნას, სავარაუდოდ, ასეც შეეცდებიან, მაგრამ წელს იურიდიულად კულტურის სამინისტრო ალბათ ვერ მოახერხებს, მოგებული ტენდერის თანხა სხვა გამოცემებს გადასცეს.
ანუ, ჩემი ვარაუდით, 2020 წლამდე კრიზისი ჟურნალებთან დაკავშირებით ბოლომდე გამწვავდება, რაც ისედაც ხმაურიან კონფლიქტს კიდევ უფრო მძაფრს გახდის, მძაფრი კონფლიქტები კი დიდხანს არ გრძელდება – ისინი რამენაირად უნდა გადაიჭრას. მე კი მწამს, რომ მწერლებისა და ჩინოვნიკების კონფლიქტი მწერლების სასარგებლოდ დასრულდება” ,- ამბობს ჟურნალის რედაქტორი “ნეტგაზეთთან”.
ვრცლად შოთა იათაშვილის და სხვების პოზიციებს შეგიძლიათ გაეცნოთ:
ლანა ღოღობერიძე: რატომ გააუქმეს წიგნის ცენტრი და მწერალთა სახლი?!