ახალი ამბები

ცქიტიშვილი იმედოვნებს, რომ ხაზარაძის მოძრაობა ანაკლიის პორტს ხელს არ შეუშლის

12 ივლისი, 2019 • 1501
ცქიტიშვილი იმედოვნებს, რომ ხაზარაძის მოძრაობა ანაკლიის პორტს ხელს არ შეუშლის

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი იმედოვნებს, რომ თიბისი ბანკის დამფუძნებლის, მამუკა ხაზარაძის საქმიანობა საზოგადოებრივ მოძრაობაში ხელს არ შეუშლის ანაკლიის პორტის მშენებლობის პროცესს.

მინისტრი ასევე ამბობს, რომ პრექტის განხორციელებაზე ანაკლიის განვითარების კონსორციუმის საკმაოდ კარგი გუნდი მუშაობს.

“რა თქმა უნდა, საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს აქვს შესაძლებლობა, საზოგადოებრივი მოძრაობა წამოიწყოს, ასევე, ჩაებას პოლიტიკაში. იმედი მაქვს, რომ ეს ანაკლიის პორტის განცოხრციელებას ხელს არ შეუშლის. საკმაოდ კარგი გუნდი ჰყავს იმისთვის, რომ პროექტის განხორციელებაზე იმუშაოს”, – აცხადებს ცქიტიშვილი.

9 ივლისს მამუკა ხაზარაძემ განაცხადა, რომ „საზოგადოებრივ მოძრაობას“ აფუძნებს. ფეისბუკის პოსტში მან „საგანგაშო“ უწოდა ქვეყანაში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებს და დაწერა, რომ „20 ივნისის ღამე იყო ის წყალგამყოფი, როდესაც ჩვენმა ღირსეულმა და თავისუფალმა ახალგაზრდობამ გულწრფელი და მტკიცე პროტესტი გამოხატა ოკუპაციისა და ძალადობის წინააღმდეგ“.

„სწორედ დღეს არის საჭირო ჯანმრთელი, პროგრესული და პროდასავლური საზოგადოების კონსოლიდაცია და გაერთიანება“, — დაწერა მან, — „რადგან ცხადია, რომ არსებული ვითარების დეესკალაცია და სამოქალაქო მშვიდობის მიღწევა მხოლოდ ხელისუფლების ან პოლიტიკური პარტიების ძალისხმევით პრაქტიკულად შეუძლებელი ხდება“.

ხაზარაძემ განაცხადა, რომ მისი გაერთიანება „პროდასავლურ“ ნიშას დაიკავებს: „აუცილებელია მიმდინარე პროცესებში საზოგადოების აქტიური ჩართვა და ამიტომ მიზანშეწონილად მივიჩნევ ახალი საზოგადოებრივი მოძრაობის დაფუძნებას“.

მასალების გადაბეჭდვის წესი