ახალი ამბები

საზოგადოება შეცდომაში შეჰყავს – პროკურატურა მელიას გავრცელებულ ვიდეოზე

11 ივლისი, 2019 • 747
საზოგადოება შეცდომაში შეჰყავს – პროკურატურა მელიას გავრცელებულ ვიდეოზე

საქართველოს მთავარი პროკურატურა განცხადებას ავრცელებს 20 ივნისის კადრებზე, რომლებიც “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერმა, ნიკა მელიამ, ხელისუფლების ვერსიის საპირწონედ გამოაქვეყნა. უწყების თქმით, მელიას საზოგადოება შეცდომაში შეჰყავს და ვიდეო არ ასახავს აქციაზე განვითარებული მოვლენების “რეალურ სურათს”.

“…ბრალდებულმა ნიკანორ მელიამ გაავრცელა ბრალდების მხარის მიერ ადვოკატისთვის გადაცემული ვიდეოჩანაწერების ნაწილი, რაც საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ემსახურება. ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ გავრცელებული ჩანაწერი არ შეიცავს სრულ კონტექსტს და არ ასახავს იმ დროს აქციაზე განვითარებული მოვლენების რეალურ სურათს.

აღსანიშნავია ასევე, რომ გამოძიების მიერ ბრალდებულის ადვოკატისთვის გადაცემული სხვა ვიდეომასალის მიხედვით, იმ მომენტში, როდესაც ნიკანორ მელია მეგაფონით მიმართავს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე შეკრებილ საზოგადოებას, აქციის მონაწილეთა ნაწილი კვლავ განაგრძობს სამართალდამცველებზე თავდასხმას, ართმევენ მათ სპეციალურ საშუალებებს (ხელკეტებს, ჩაფხუტებს, ფარებს), კორდონიდან იტაცებენ პოლიციელებს და აყენებენ მათ ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას”, – აცხადებს პროკურატურა.

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა მელიამ, 20 ივნისის ღამეს გადაღებული ვიდეო გუშინ, 10 ივლისს გაავრცელა. კადრების დიდი ნაწილი პარლამენტის წინ ცრემლსადენი გაზის გაშვებამდე ოპოზიციის წარმომადგენელთა განცხადებებს მოიცავს. მელიას თქმით, კადრებით მტკიცდება, რომ აქციის დაშლა სწორედ იმ დროს დაიწყო, როცა ოპოზიცია ხელისუფლების მიერ შეთავაზებულ შეხვედრას ათანხმებდა.

ხელისუფლების ვერსიის საპირწონედ მელია 20 ივნისის ღამეს გადაღებულ ვიდეოს ავრცელებს

მასალების გადაბეჭდვის წესი