ახალი ამბები

ბათუმში ახალი მეჩეთის აშენება აღარ განიხილება

16 იანვარი, 2015 • 2776
ბათუმში ახალი მეჩეთის აშენება აღარ განიხილება

 

არსებული ინფორმაციით, იანვრის ბოლომდე  აჭარის მთავრობამ საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს დასავლეთ საქართველოს სამუფთო რეზიდენციისთვის შენობა უნდა შეისყიდოს,  რომელიც მუსლიმ თემს გადაეცემა. 

 

 

„აღნიშნული გადაწყვეტილება ბათუმის „ორთა ჯამეში” გამოათავისუფლებს დამატებით ფართს, რომლის რეორგანიზაციის შედეგად ბათუმის მეჩეთში ღია ცის ქვეშ ლოცვის პრობლემა მოიხსნება,“ – ნათქვამია ვებგვერდზე განთავსებულ ინფორმაციაში.

 

სრულიად საქართველოს მუფთი რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარესთან შეხვედრაზე. თბილისი, 15.01.2015

 

რას ნიშნავს მიღებული გადაწყვეტილება და აშენდება თუ არა ახალი მეჩეთი ბათუმში, როგორც ამას აქამდე მუსლიმი თემი ითხოვდა, „ბათუმელები“ ამ საკითხზე სრულიად საქართველოს მუფთს, ბეგლარ ქამაშიძეს ესაუბრა.

 

– არსებული ინფორმაციით, უნდა  გაფართოვდეს მეჩეთი იქ არსებული ფართობის  ხარჯზე. ეს ნიშნავს, რომ ახალი მეჩეთი აღარ აშენდება?


ჩვენ საუბარი გვაქვს იმაზე, რომ  მრევლი უნდა დავატიოთ მეჩეთში, მრევლმა გარეთ რომ არ ილოცოს. ჩვენი პირველი სამუშაო ეს არის. თუ  კიდევ ვერ დაეტევა მრევლი ამ მეჩეთში და კიდევ პრობლემები იქნება, რა თქმა უნდა, სახელმწიფო გვიდგას გვერდით და კიდევ გააკეთებს იმას, რაც იქნება საჭირო მომავალში.

 

დაზუსტებისათვის, ამ ეტაპზე მეჩეთის მშენებლობა აღარ განიხილება და გაფართოვდება არსებული მეჩეთი?


დიახ, ამ ეტაპზე გაფართოვდება, დაემატება ფართი, რომ მრევლმა თოვლსა და წვიმაში არ ილოცოს გარეთ.  გარდა მედრესესი მანდ არის მაღაზიები, შესაძლოა ისიც გაფართოვდეს. რეკონსტრუქცია ყველა კუთხეს მოიცავს. მიიღებს მეჩეთის ფორმას და იქნება გამოთავისუფლებული და მშვენიერი ადგილი მრევლისათვის. მომავალში თუ მლოცველებს ისევ ვერ დაიტევს, სახელმწიფო გვაქცევს ყურადღებას, აქვს კარგი ურთიერთობა მუსლიმ თემთან, როგორც საჭირო იქნება სახელმწიფო, ისევ დაგვეხმარება ჩვენ.

 

მუსლიმი თემი ითხოვდა ახალ მეჩეთს. როგორ ფიქრობთ, ეს გადაწყვეტილება ერთგვარ იმედგაცრუებას ხომ არ გამოიწვევს მათში?


ჩვენ იმედი გვაქვს  ჩვენი მორწმუნე ადამიანების. ისინი ითხოვდნენ, რომ არ ელოცათ ღია ცის ქვეშ და ელოცათ მეჩეთში. მე ვამბობ, თუ კიდევ საჭირო იქნება და  ვერ დაეტევა მრევლი მეჩეთში, ამ შემთხვევაში სახელმწიფო გვიდგას გვერდით. აუცილებლად კიდევ შევიმუშავებთ და მივიღებთ იმ ზომებს, რომელი ზომებიც იქნება მისაღები მომავალში მუსლიმი თემისთვის.

 

რა დრო დასჭირდება ახალი მედრესეს აშენებას და როდის გაფართოვდება მეჩეთი?

რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი უცებ არ ხდება. როცა გადავა მედრესე, იქედან დავიწყებთ ნელ-ნელა მუშაობას, რომ მრევლი არ ჩადგეს კიდევ უხერხულ მდგომარეობაში ლოცვის დროს. უახლოეს დროში გაკეთდება.

 

პრემიერ-მინისტრმა ამ გადაწყვეტილებით ჩვენ გვაჩვენა, რომ სახელმწიფო თანამშრომლობს მუსლიმ თემთან, აფასებს და გვერდში უდგას ყველა აღმსარებლობას. ბატონი პრემიერის გადაწყვეტილება, რომელმაც გადმოსცა საჩუქარი მუსლიმ თემს, არის უაღესად ძვირფასი  საქმე. ჩვენ  მივესალმებით და პრემიერს მადლობას ვუხდით, რომ არ ანსხვავებს რელიგიებს და ყველას უდგას გვერდით.

 

პარასკევის ლოცვა ბათუმის ორთა ჯამეში ფოტო: მანანა ქველიაშვილი

 

ბაირამზე მლოცველები ბათუმის მეჩეთთან მდებარე ქუჩაში ლოცულობენ 4.10. 2014 ფოტო: მანანა ქველიაშვილი

მასალების გადაბეჭდვის წესი