ახალი ამბები

სამადაშვილის თქმით, დონალდ ტუსკს ივანიშვილისთვის სანქციების დაწესებაზე ესაუბრა

11 ივლისი, 2019 • 2044
სამადაშვილის თქმით, დონალდ ტუსკს ივანიშვილისთვის სანქციების დაწესებაზე ესაუბრა

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრი, დეპუტატი სალომე სამადაშვილი ამბობს, რომ ბათუმში მიმდინარე საერთაშორისო კონფერენციაზე ევროპული საბჭოს პრეზიდენტ დონალდ ტუსკს ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ შესაძლო სანქციების დაწესების შესახებ ესაუბრა.

სამადაშვილი ჟურნალისტებთან განმარტავს, რომ ბიძინა ივანიშვილი საფრთხეს უქმნის ქვეყნის დემოკრატიულ პროცესებს. სამადაშვილის თქმით, ტუსკს ინიციატივით მიმართა – თუ საქართველოს მხრიდან შესაბამისი გამოძახილი არ იქნება, ევროკავშირმა ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციების დაწესებაზე იფიქროს.

“ეს არის ის უზარმაზარი საფრთხე, რომლის წინაშეც დღეს დგას ჩვენს ქვეყანაში დემოკრატია – როდესაც ბიძინა ივანიშვილმა დააანონსა პოლიტიკური დევნა ოპოზიციის წინააღმდეგ. მრავალი კვირის მანძილზე გრძელდება სახალხო პროტესტი, რომელსაც ხელისუფლება არ პასუხობს ადეკვატურად. ამიტომ ჩვენი გზავნილი უკავშირდებოდა იმას, რომ ივანიშვილი საკუთარი გადაწყვეტილებებით საფრთხეს უქმნის ჩვენი ქვეყნის მომავალს ევროპაში და შესაძლოა, ჩიხში შეიყვანოს ჩვენი ურთიერთობები ევროკავშირთან.

სწორედ ამიტომ, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ტუსკმა პირადად გადასცეს ივანიშვილს გზავნილი იმის თაობაზე, თუ რა შედეგები მოჰყვება მისი მხრიდან ოპოზიციის დევნასა და დემოკრატიული სივრცის შეზღუდვას ჩვენს ქვეყანაში.

მე პირადად დავაყენე საკითხი ბატონ ტუსკთან იმის თაობაზე, რომ თუ არ იქნება შესაბამისი გამოძახილი საქართველოსა და ივანიშვილის მხრიდან, დაიწყოს უკვე განხილვა იმ სანქციების, რომელიც უნდა დაწესდეს ივანიშვილთან მიმართებით, თუ ის ღიად და აშკარად გააგრძელებს ქვეყანაში დემოკრატიული სივრცის შევიწროებასა და ოპოზციის დევნას. ეს იყო ჩემი მთავარი გზავნილი“, – ამბობს სამადაშვილი ჟურნალისტებთან.

სამადაშვილის თქმით, ტუსკს თავადაც კარგად ესმის ის გამოწვევები, რომლებიც უკავშირდება დემოკრატიასა და ოლიგარქების როლს დემოკრატიულ პროცესში.

“… ამიტომ ვფიქრობ, რომ ევროკავშირი შესაბამის გზავნილებს გადასცემს საქართველოს ხელისუფლებას, თუ რა უნდა გაკეთდეს უახლოეს მომავალში იმისთვის, რომ ჩვენ დავიცვათ ჩვენი ქვეყნის დემოკრატია ოლიგარქიული ინტერესებისგან და ოლიგარქის გეგმისგან, რომ წაგვართვეს ჩვენს ქვეყნაში ნორმალური დემოკრატიული პროცესი“, – აცხადებს სამადაშვილი.


“ღირებული პარტნიორობის 10 წელი – განვლილი გზა და პერსპექტივები” – წელს კონფერენცია ამ სლოგანით იმართება. ევროსაბჭოს პრეზიდენტის გარდა, კონფერენციას დაესწრებიან: ევროკომისარი ჰუმანიტარული დახმარებისა და კრიზისების მართვის საკითხებში – ქრისტოს სტილიანიდესი, აღმოსავლეთ პარტნიორების ინიციატორი ქვეყნების – პოლონეთის და შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრები – იაცეკ ჩაპუტოვიჩი და მარგოტ ვალსტრომი, ბულგარეთის ვიცე-პრემიერი ეკატერინა ზაჰარიევა, გერმანიის ევროპულ საქმეთა სახელმწიფო მინისტრი მიხაელ როტი და სხვები.

მასალების გადაბეჭდვის წესი