ახალი ამბები

ლომჯარია გამოძიებას მელიას მიერ გასაჯაროებული კადრების შესწავლას სთხოვს

11 ივლისი, 2019 • 846
ლომჯარია გამოძიებას მელიას მიერ გასაჯაროებული კადრების შესწავლას სთხოვს

სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია მიიჩნევს, რომ ნიკა მელიას მიერ 10 ივლისს გასაჯაროებული ვიდეოთი გამოძიება უნდა დაინტერესდეს. მისივე თქმით, აპარატი მოითხოვს, გამოძიების პროცესში ეს ვიდეომასალაც შეისწავლონ.

9.5-წუთიანი ვიდეო 20 ივნისის ღამეს არის გადაღებული და დიდი ნაწილი პარლამენტის წინ ცრემლსადენი გაზის გაშვებამდე ოპოზიციის წარმომადგენელთა განცხადებებს მოიცავს. კადრებში ჩანს, რომ ოპოზიციის ლიდერები გახარიასთან შეხვედრაზე საუბრობენ და ემზადებიან, ამ დროს კი პოლიცია ცრემლსადენ გაზს უშვებს.

“იქიდან გამომდინარე, რომ სახალხო დამცველი ჩართულია გამოძიების პროცესში, საზედამხედველო ფუნქციით, ჩვენ ვეცნობით ყველა მასალასა და დაკითხვის ოქმებს. ბუნებრივია, კომენტარს გავაკეთებ მას შემდეგ, რაც გამოძიების მიმდინარეობის პირველადი შეფასებები იქნება. რა თქმა უნდა, ის ვიდეოკადრი, რაც გავრცელდა, ძალიან მნიშვნელოვანი იქნება და მოვითხოვთ, ეს მასალა შეისწავლონ გამოძიების პროცესში და დადგინდეს, რა კონტექსტში და როდის ჰქონდა ამ საუბარს ადგილი. ვფიქრობ, ეს ალბათ მნიშვნელოვანი მტკიცებულება იქნება”,-აცხადებს ლომჯარია.

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა მელიას მტკიცებით, კადრებით მტკიცდება, რომ აქციის დაშლა სწორედ იმ დროს დაიწყო, როცა ოპოზიცია ხელისუფლების მიერ შეთავაზებულ შეხვედრას ხალხთან ათანხმებდა. კადრებში ენმ-ის ლიდერები, მათ შორის, თავად ნიკა მელია, ასევე გრიგოლ ვაშაძე და გია ბარამიძე ჩანან. ისინი აქციის მონაწილეებს მიმართავენ და ეკითხებიან, დათანხმდნენ თუ არა ხელისუფლების შეთავაზებას შეხვედრის შესახებ. ვიდეოს ბოლო, სპეცრაზმი ცრემლსადენი გაზის კაფსულების სროლას იწყებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი