ახალი ამბები

აქცია, ლაშქრობა კარვებით და სხვა აქტივობები დიღმის პარკში დაგეგმილი მშენებლობის წინააღმდეგ

11 ივლისი, 2019 • 2427
აქცია, ლაშქრობა კარვებით და სხვა აქტივობები დიღმის პარკში დაგეგმილი მშენებლობის წინააღმდეგ

მოქალაქეები დიღმის ტყეში დაგეგმილ მშენებლობას 13 და 14 ივლისს საპროტესტო აქციით, კარვებით ლაშქრობითა და სხვა ღონისძიებებით შეეწინააღმდეგებიან. აქტივობების ორგანიზატორები, მათ შორის “ახალგაზრდა მწვანეები” და მოძრაობა “ვინ’მე”, მიიჩნევენ, რომ მშენებლობა ტყის იერსახეს მნიშვნელოვნად შეცვლის და ქალაქში არსებულ ისედაც მძიმე ეკოლოგიურ მდგომარეობას გააუარესებს.

“დაგეგმილი მშენებლობა ტყე-პარკს რეალურად რესტორნად და სავაჭრო ცენტრად გადააქცევს. კომერციული ობიექტებით, საერთო ფართობით – 6 476.26 კვ.მ. პროექტით საფრთხე ექმნება სახალხო სივრცესა და არსებულ ეკოსისტემას”, – აცხადებენ ისინი.

ორგანიზატორები 13 ივლისს, 20:00-დან აპირებენ ადგილზე შეკრებას და დიღმის ტყე-პარკში კარვებით ლაშქრობის მოწყობას, სადაც ნებისმიერ მსურველს ექნება შესაძლებლობა, პროტესტს ამ ფორმით შეუერთდეს. კვირას, 14 ივლისს კი, ტერიტორიაზე საპროტესტო აქცია გაიმართება. ამასთანავე, იქნება სხვადასხვა აქტივობა, მათ შორის, ცოცხალი შესრულება, თამაშები და საბავშვო ღონისძიებები, რომლებიც, ორგანიზატორთა თქმით, “რეალურად შეესაბამება საჯარო სივრცისა და ტყე-პარკის დანიშნულებას”.

ისინი კიდევ ერთხელ უსვამენ ხაზს თავიანთ მიზნებსა და მოთხოვნებს, რომლებიც ასე გამოიყურება:

” 1. არ დავუშვათ ახალი მშენებლობა და გადავარჩინოთ დედაქალაქში, ფაქტობრივად, ერთადერთი მცირე ტყე;
2. დაუბრუნდეს დიღმის ტყე-პარკის სრულ ტერიტორიას (20.5 ჰა -ს, რომელიც ახლა მოქცეულია დ. აღმაშენებლის ხეივანს, გ. ჭოხონელიძის, ლუბლიანის და ს. ახმეტელის ქუჩებს შორის) სტატუსი და მთელი ფართობი განისაზღვროს როგორც ლანდშაფტურ-სარეკრეაციო ზონა;
3. დაუბრუნდეს დიღმის ტყე-პარკის სრული ტერიტორია თვითმმართველ ერთეულს და მუდმივად არ არსებობდეს ახალი მშენებლობის დაწყების საფრთხე. ამისათვის აუცილებელია, თბილისის მერიამ დაუყოვნებლივ დაიწყოს მოლაპარაკება შპს „ანაგთან” მათ მფლობელობაში არსებული ტერიტორიის სანაცვლოდ კომპენსაციის ან ადგილმონაცვლეობის თაობაზე”.

შენობას, რომელსაც კომპანია “ანაგი“ აშენებს, “ორანჟერეა“ ჰქვია, სინამდვილეში კი მულტიფუნცქიური ცენტრია და დიღმის ტყე-პარკის საზღვრებთან, ამჟამად არსებული “კია მოტორსის“ ადგილას უნდა აშენდეს. ნებართვა უკვე გაცემულია, თუმცა მშენებლობა ჯერ არ დაწყებულა.

ამ მშენებლობას აქტივისტები და იქ მცხოვრები მოსახლეობა უკვე დიდი ხანია აპროტესტებენ. მათ მიაჩნიათ, რომ ტყის კიდეში აშენებული ცენტრი, რომელიც არაერთ რესტორანსა თუ გასართობ სივრცეს მოიცავს, ადრე თუ გვიან, ტყეს გაანადგურებს.

ნეტგაზეთმა “ანაგსა” და თბილისის მერიას ჰკითხა, ეხებოდა თუ არა ტყე-პარკში კერძო მიწების გამოსყიდვის პროცესი “ორანჟერეის“ შენობასაც, რაზეც უარყოფითი პასუხი მივიღეთ. მერიაში გვითხრეს, რომ გამოსყიდვა უშუალოდ ტყე-პარკის ტერიტორიას შეეხება, “კია მოტორსის“ შენობა კი გზის პირასაა. რაც შეეხება “ანაგს”, კომპანიაში გვითხრეს, რომ “ანაგსა“ და მერიას შორის მიწის გამოსყიდვასთან დაკავშირებით არანაირი მოლაპარაკება არ მიმდინარეობს. მათივე თქმით, მშენებლობის დაწყება ერთ თვეში იგეგმება.

“ტყე რესტორნის ეზო გახდება“ – პროტესტი დიღმის ტყე-პარკში მშენებლობის წინააღმდეგ

მასალების გადაბეჭდვის წესი