ახალი ამბები

არ მივიღებ არათუ კრიტიკას, შენიშვნასაც კი – ზალკალიანი საგარეოს განცხადების კრიტიკაზე

9 ივლისი, 2019 • 1626
არ მივიღებ არათუ კრიტიკას, შენიშვნასაც კი – ზალკალიანი საგარეოს განცხადების კრიტიკაზე

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი მიიჩნევს, რომ ჟურნალისტ გიორგი გაბუნიასთან დაკავშირებით საგარეო უწყების განცხადება ადეკვატური იყო და ამ თემაზე ოპონენტების, მათ შორის, ყოფილი დიპლომატების კრიტიკას არ იზიარებს.

“არა მარტო ჩვენი უწყების, არამედ მთლიანად ხელისუფლების რეაგირება იყო ძალიან დროული, ზუსტი და ადეკვატური. ის, რაც ჩვენ მოვისმინეთ, იყო კატეგორიულად მიუღებელი, დესტრუქციული და პროვოკაციული, არანაირ ჟურნალისტური ქცევის ნორმებში არ ჯდებოდა და ამის მიღება კატეგორიულად წარმოუდგენელი იყო ხელისუფლების მხრიდან. ჩვენი რეაგირება იყო დროული, ისევე როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება, და მე არცერთ შემთხვევაში არ მივიღებ არათუ კრიტიკას, შენიშვნებსაც კი ოპონენტების მხრიდან.  ძალიან გამიკვირდა, რომ ამ ოპონენტებს შორის იყვნენ ყოფილი დიპლომატები, რომლებსაც თავი წარმოუდგენიათ დიპლომატიაში საკმაოდ გათვიცნობიერებულ ადამიანებად, ყოფილი ჩემი კოლეგები არიან”, – განაცხადა ზალკალიანმა.

მინისტრის თქმით, არ უყვარს წარსულზე ლაპარაკი, მაგრამ ამ შემთხვევაში ეს აუცილებელია.

“სამწუხარდ, მე არ მახსოვს არცერთი მათი შენიშვნაც კი თუნდაც მათი ლიდერის და პრეზიდენტობის კანდიდატის და მაშინდელი საგარეო საქმეთა მინისტრის მიმართ, როდესაც ოფიციალური წერილით მიმართავდა მოსკოვს, აქ კონცერტი ჩაეტარებინათ”, – განაცხადა ზალკალიანმა.

მან ასევე თქვა, რომ გრიგოლ ვაშაძე კრიტიკის ქარცეცხლში ატარებდა ჟურნალისტებს ფოტოგრაფების საქმეზე ადეკვატური კითხვების გამო და ამისთვის არ გაუკრიტიკებიათ, ამიტომ ოპონენტების ობიექტურობაში და სამართლიანობაში ეჭვი ეპარება.

“ეს უპასუხისმგებლო ადამიანები, რომლებიც ხელს საგარეო საქმეთა სამინისტროსკენ იშვერენ, რა დღის წესრიგს გვთავაზობენ დღეს? – მათი დღის წესრიგი არის დესტრუქცია. არაფერი გაუკეთებიათ, გარდა პოლარიზაციისა და საზოგადოების დაყოფისა”, – აღნიშნა ზალკალიანმა.

განცხადებაში, რომელიც კრიტიკის საფუძველი გახდა, საგარეო საქმეთა სამინისტრო საერთაშორისო საზოგადოებას და პრესის თავისუფლების საკითხებზე მომუშავე ყველა საერთაშორისო ორგანიზაციას მოუწოდებდა, სათანადო შეფასება მიეცათ “რუსთავი 2”-ის და ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას მიერ საერთაშორისო პროფესიული ნორმებისა და სტანდარტების უგულებელყოფისთვის.

ამავე თემაზე:

საგარეო უწყების განცხადება ისტორიაში შევა – ყოფილი დიპლომატები გაბუნიაზე რეაქციას აფასებენ

 

მასალების გადაბეჭდვის წესი