ახალი ამბები

პუტინის განცხადება სანქციებზე ავიამიმოსვლას არ ეხება

9 ივლისი, 2019 •
პუტინის განცხადება სანქციებზე ავიამიმოსვლას არ ეხება

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა დღეს განაცხადა, რომ საქართველოსთვის სანქციების დაწესებას მხარს არ უჭერს.

თუმცა ეს არ ეხება ფრენებზე დაწესებულ შეზღუდვებს, რომელიც ვლადიმერ პუტინის ბრძანებით, 8 ივლისიდან დროებით აიკრძალა.

“როსტურიზმის” ინფორმაციით, რუსი ტურისტების ყველა ორგანიზებულმა ჯგუფმა უკვე დატოვა საქართველო. ამასთან, 1 359-მა ტურისტმა გააუქმა ტური და მიიღო კომპენსაცია, ხოლო 2 854-მა საქართველოს ტური სხვა მიმართულებაზე გადაცვალა.

პრეზიდენტ პუტინის დღევანდელი კომენტარი შეეხებოდა რუსეთის დუმის რეკომენდაციას, საქართველოდან ღვინისა და მინერალური წყლების იმპორტისა და ორ ქვეყანას შორის ფულადი გადარიცხვების აკრძალვის შესახებ.

“მე ამას არ გავაკეთებდი, ქართველი ხალხის პატივისცემის გამო, – “რია ნოვოსტის” ინფორმაციით, ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა საქართველოსთვის სანქციების დაწესების საკითხზე განაცხადა.

რუსეთის დუმამ საქართველოს მიმართ სანქციების შესახებ განცხადება მიიღო. სახელმწიფო დუმამ ხელისუფლებას რეკომენდაციით მიმართა, განიხილოს საქართველოს წინააღმდეგ სანქციების გამოყენების მიზანშეწონილობა. პუტინის განცხადების შემდეგ, რუსეთის სათათბიროში განაცხადეს, რომ საკუთარი რეკომენდაციების უკან გაწვევას არ აპირებენ.

“ვლადიმერ პუტინისთვის, ცხადია, უხერხულია საკუთარი თავი დაიცვას, მაგრამ ჩვენ ხომ არ ვსაუბრობთ კონკრეტულად პუტინზე განცხადების შესახებ. ჩვენ ვსაუბრობთ იმაზე, რომ თუ ასე გაგრძელდა [საქართველოში], ხელისუფლებამ აუცილებლად უნდა მიიღოს ზომები”, – განაცხადა რუსეთის დუმის დსთ-ის ქვეყნებთან ურთიერთობის კომიტეტის თავმჯდომარემ ლეონიდ კალაშნიკოვმა.

განცხადებაში ნათქვამია, რომ სანქციები შეიძლება ეხებოდეს ღვინისა და გაზიანი წყლის მიწოდების, ასევე ფინანსური და საგარეო ვაჭრობის ოპერაციებს, ტურისტულ საქმიანობას და სხვას. სააგენტოს ცნობით, ამ განცხადების მიღების მიზეზი “ანტირუსული პროვოკაციები” გახდა, რამაც ორმხრივი ურთიერთობების გაურესება გამოიწვია.

ამავე თემაზე:

პუტინის თქმით, საქართველოსთვის სანქციების დაწესების წინააღმდეგია

მასალების გადაბეჭდვის წესი