ახალი ამბები

19.00 საათზე ანტისაოკუპაციო აქცია კვლავ პარლამენტთან გაიმართება

9 ივლისი, 2019 • 919
19.00 საათზე ანტისაოკუპაციო აქცია კვლავ პარლამენტთან გაიმართება

დღეს, პროტესტის დაწყებიდან მე-20 დღეს, ანტისაოკუპაციო აქცია კვლავ პარლამენტის შენობასთან განახლდება – იქ, სადაც დემონსტრანტებს გუშინ აქციის გამართვის შესაძლებლობა არ მიეცათ. 

ამის შესახებ “ნეტგაზეთს” აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა შოთა დიღმელაშვილმა განუცხადა. 

მისი თქმით, პოლიციისგან მიიღეს პირობა, რომ დღეს სწორედ იმ ადგილას შეძლებენ აქციის გამართვას, სადაც მანამდე აპროტესტებდნენ, ვიდრე იქ პრაიდის მოწინააღმდეგეები მივიდოდნენ. 

8 ივლისს, 19.00 საათზე, პარლამენტთან ანტისაოკუპაციო აქცია იყო დაგეგმილი, თუმცა მანამდე იქ თბილისი პრაიდის მოწინააღმდეგენი მივიდნენ და დაიკავეს ტერიტორია. ამის შემდეგ ანტისაოკუპაციო აქციის მონაწილეებმა ვეღარ შეძლეს ჩვეულ ტერიტორიაზე აქციის გამართვა – ორი აქციის მონაწილეებს ერთმანეთისგან კორდონი ჰყოფდათ.

მათ მთელი ღამე პარლამენტის შენობასთან გაათენეს. ჰომოფობიური აქციის მონაწილეები არ იშლებოდნენ, რადგანაც ითხოვდნენ პარლამენტის თავმჯდომარისგან პირობას, რომ გაუქმდება ანტიდისკრიმინაციული კანონი. მათი დაშლა ვერც მამა დავით ისაკაძემ შეძლო. ამის გამო არც ანტისაოკუპაციო აქციის წარმომადგენლებმა არ დატოვეს რუსთაველის გამზირი, რადგანაც პარლამენტთან დარჩენილ რამდენიმე მონაწილესთან და მოშიმშილეებთან შეერთება სურდათ.

ორივე აქცია დილით, დაახლოებით 11.00 საათისთვის დაიშალა.

მასალების გადაბეჭდვის წესი