ახალი ამბები

რუსი ბლოგერი გაბუნიას პუტინის შეურაცხყოფის გამო ემუქრება

9 ივლისი, 2019 • 2493
რუსი ბლოგერი  გაბუნიას პუტინის შეურაცხყოფის გამო ემუქრება

რუსი ბლოგერი ალექსანდრ გორნი ამბობს, რომ გიორგი გაბუნიას საჩხუბრად იწვევს. გორნი წერს, რომ გაბუნიამ პუტინის გინებით რუს ერს მიაყენა შეურაცხყოფა, თავად კი  მზად არის, ქვეყნისა და მისი მოქალაქეების ღირსება დაიცვას.

“ჩვენ გავიგონეთ საშინელი შეურაცხყოფები, რომლებიც უბრალოდ დაუშვებელია. კავკასიაში და არამხოლოდ, სიტყვები – დედა, მამა, წინაპრების საფლავები – წმინდაა. სასიკვდილო, სასიხლო წყენა იყო და კავკასიის წესის მიხედვით,  მე, როგორც “პუტინის მონა“, და მან სწორედ ასეთებად მოგვიხსენია, ამ არსებას ბრძოლაში ვიწვევ. ნებისმიერ ადგილასა და დროს.

მე მზად ვარ ყირიმიდან საქართველოში ჩავიდე (თუ ჩამიშვებენ) და ამ არსებას ღირსეული პასუხი გავცე სამართლიან ბრძოლაში“, – წერს ალექსანდრ გორნი ბლოგპოსტში, რომელიც “ეხო მასკვი-ზე“ გამოქვეყნდა.

ბლოგში გორნი ამბობს, რომ ამგვარი ნაბიჯით არა მხოლოდ პუტინისა და მისი თანამოქალაქეების, არამედ ქართველების ღირსებასაც დაიცავს.

“მე მიდა, ამ არსებამ იცოდეს, რომ ჩვენ, რუსები, რომლებიც მზად ვართ დავიცვათ ქვეყნისა და პრეზიდენტის ღირსება – მილიონობით ვართ. მე/ჩვენ პუტინი ვარ/ვართ“, – წერს გორნი.

[ავტორის შენიშვნა: მსგავსი ფრაზა გამოიყენებოდა რუსი ჟურნალისტის, ივან გოლუნოვის მხარდამჭერი აქციების დროს. “მე/ჩვენ ივან გოლუნოვი ვარ/ვართ“- ასე აპროტესტებდნენ მისი მხარდამჭერები ჟურნალისტის დაკავებას, რომელსაც ხელისუფლებისგან რეპრესიად აფასებდნენ].

გარეკანი ფოტო:  echo.msk.


ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის წამყვანმა გიორგი გაბუნიამ 7 ივლისის გადაცემა რუსულ ენაზე დაიწყო და  რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს აგინა, მათ შორის, გარდაცვლილი დედა და მამა. არხის დირექტორმა ნიკა გვარამიამ მალევე განაცხადა, რომ მისთვის მიუღებელია გამოხატვის ამგვარი ფორმა. ბოდიში მოიხადა “კვირის აქცენტების” წამყვანმა ეკა კვესიტაძემაც.

“რუსთავი 2”-ის წამყვანის მიერ პუტინის გინებას მყისიერად გამოეხმაურნენ ქვეყნის პრემიერ-მინისტრი, პრეზიდენტი, პარლამენტის თავმჯდომარე და თბილისის მერი და შეაფასეს როგორც პროვოკაცია და დესტაბილიზაციის მცდელობა. კახა კალაძემ ისიც განაცხადა, რომ საქართველო ისეთი გამოწვევების წინაშე დგას, დაუშვებელია “პატრიოტიზმით” შენიღბული ამ მასშტაბის პროვოკაცია მკაცრი რეაგირების გარეშე დატოვონ.

ტელეკომპანია “რუსთავი 2”-მა ბოდიში მოიხადა გაბუნიას გინების გამო, ამასთანავე, განაცხადა, რომ “კატეგორიულად დაუშვებლად მიიჩნევს საქართველოს ხელისუფლების მხრიდან თავდასხმებს და მუქარებს საპასუხო მკაცრი რეაგირების თაობაზე”.

მასალების გადაბეჭდვის წესი