ახალი ამბები

რუსეთში რამდენიმე გაზეთმა გოლუნოვის მხარდასაჭერად იდენტური თავფურცელი დაბეჭდა

10 ივნისი, 2019 • 927
რუსეთში რამდენიმე გაზეთმა გოლუნოვის მხარდასაჭერად იდენტური თავფურცელი დაბეჭდა

რუსეთში სამმა გაზეთმა- “კომერსანტმა“; “ვედომოსტი-მ“ და “რბკ-მ“- გოლუნოვის მხარდასაჭერად იდენტური თავფურცლები დაბეჭდა. ყდაზე წერია “Я/Мы Иван Голунов“ – “მე/ჩვენ ივან გოლუნოვი ვარ/ვართ“.

Meduza წერს, რომ გამოსვლისთანავე გაზეთების უდიდესი ნაწილი მოსკოვსა და პეტერბურგში გაიყიდა და პრესის ბევრ ჯიხურში გაზეთების მარაგი ამოეწურათ.

სამივე გაზეთის არსებობის ისტორიაში ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ჟურნალისტის მხარდასაჭერად ერთნაირი თავფურცლები დაბეჭდეს.

ივან გოლუნოვის საქმე – მოკლედ

ივან გოლუნოვი, რომელიც “მედუზას“ საგამოძიებო ჟურნალისტია, მოსკოვში, 6 ივნისს დააკავეს. გოლუნოვის ადვოკატის, დიმიტრი ჯულაის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფს დაკავების შემდეგ ზურგჩანთიდან უცნობი ნივთიერების პაკეტი ამოუღეს. გოლუნოვმა განაცხადა, რომ პაკეტი მას არ ეკუთვნის. კიდევ ერთი შეკვრა და სასწორი გოლუნოვის ბინის ჩხრეკისას ამოიღეს.

გოლუნოვს“დიდი ოდენობით” ნარკოტიკული საშუალების გასაღებას ედავებიან, რასაც ის უარყოფს. ჟურნალისტები და სამოქალაქო აქტივისტები გოლუნოვის დაკავებას მის საქმიანობას უკავშირებენ.

Meduza წერს, რომ დაკავების შემდეგ ჟურნალისტს არ მისცეს ადვოკატთან დაკავშირების უფლება. შემდეგ კი განყოფილებაში სცემეს.

დაკავებიდან რამდენიმე საათში რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა ფოტოები, რომლებიც, მათი თქმით, გოლუნოვის კუთვნილ ბინაში იყო გადაღებული. თუმცა უწყებამ შემდგომ აღიარა, რომ გამოქვეყნებული ფოტოებიდან გოლუნოვის ბინის ამსახველი მხოლოდ ერთი კადრი იყო, დანარჩენი კი , მათი თქმით, ნარკოდანაშაულთან ბრძოლის ფარგლებში ჩატარებული “ოპერატიული საგამოძიებო მოქმედებების“ დროსაა გადაღებული.

გოლუნოვის დაკავებიდან მალე ჟურნალისტის მხარდამჭერებმა საპროტესტო აქციები დაიწყეს. მოქალაქეები შსს-ს შენობებთან საპროტესტო პლაკატებით რიგრიგობით დგებოდნენ და გოლუნოვის გაათავისუფლებას ითხოვდნენ. პროტესტის პირველ დღეს პოლიციამ რამდენიმე დემონსტრანტი დააკავა.

აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ ამგვარი პროტესტი მანამდე გაგრძელდება, სანამ გოლუნოვს არ გაათავისუფლებენ, 12 ივნისს კი მოსკოვში გოლუნოვის თავისუფლებისთვის საპროტესტო მარში გაიმართება.

ამჟამად გოლუნოვი შინაპატიმრობაში იმყოფება. ეს გადაწყვეტილება სასამართლომ 8 ივნისს მიიღო. Meduza იუწყება, რომ სასამართლომ გოლუნოვს საკომუნიკაციო საშუალებების გამოყენება აუკრძალა.

სხდომამდე ჟურნალისტი საავადმყოფოში გადაიყვანეს. Meduza-ს თანახმად, გოლუნოვი პოლიციის ზედამხედველობის დროს შეუძლოდ გახდა, რის შემდეგაც ადგილზე სასწრაფო დახმარების რამდენიმე ეკიპაჟი მივიდა. გამოცემისვე ცნობით, ექიმებმა ჟურნალისტს ტვინის შერყევა, ჰემატომა და ნეკნების სავარაუდო მოტეხილობა დაუდგინეს.

რაც შეეხება ნარკოტიკების გასაღების ბრალდებას, პირველადმა ექსპერტიზამ დაადგინა, რომ ჟურნალისტისგან აღებულ ბიოლოგიურ ნიმუშებში ნარკოტიკების კვალი ვერ აღმოაჩინეს.

გარეკანი ფოტო: Meduza

მასალების გადაბეჭდვის წესი