ახალი ამბები

იმედია, ძალადობრივი ჯგუფის მიმართ ზომები გატარდება – ლომჯარია

8 ივლისი, 2019 • 864
იმედია, ძალადობრივი ჯგუფის მიმართ ზომები გატარდება – ლომჯარია

სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია გამოეხმაურა პარლამენტის წინ მიმდებარე აქციაზე, სავარაუდოდ, ქამრით მომხდარ ძალადობრივ ინციდენეტს. ლომჯარია რუსთაველის გამზირზე იმყოფება, სადაც ორი აქცია მიმდინარეობს.

“მთავარია, რომ ორივე აქციაზე დაცული იყოს მშვიდობიანი გამოხატვა. როგორც ვნახეთ, პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე ადგილი უკვე ჰქონდა სავარაუდო ძალადობას. ყოველ შემთხვევაში, ის კომენტარები, რაც მოვისმინეთ, ნამდვილად შემაშფოთებელია. იმედი გვაქვს, რომ ამ ფაქტის დროული გამოძიება მოხდება.

როგორც მოწმეები ამბობენ, სავარაუდოდ, ქამრით მოხდა ადამიანის ცემა და ჩვენ გვახსოვს ძალადობრივი მოწოდებები სწორედ ქამრით ანგარიშსწორებასთან დაკავშირებით და იმედია, რომ მოხდება ამ ორგანიზებული ძალადობრივი ჯგუფის მიმართ შესაბამისი ზომების გატარება”, – განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, რომ მშვიდობიანად ჩაიაროს ორივე აქციამ.

პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე მყოფი ერთ-ერთი პირი ამბობს, რომ თავში ქამრის ბალთა ჩაარტყეს. ის ამჟამად სასწრაფო დახმარების მანქანაში იმყოფება.

მისი და ტვ პირველთან საუბარში ამბობს, რომ 20 ივნისიდან მოყოლებული ანტისაოკუპაციო აქციების მონაწილეა ძმასთან და დედასთან ერთად. მისი თქმით, ის, მისი ძმა და დედა ერთად იდგნენ, როდესაც მოულოდნელად დაუდგენელმა პირმა მის ძმას თავში ქამრის ბალთა ჩაარტყა.

რუსთაველის გამზირზე დემონსტრანტების ორ ჯგუფს შორის პოლიციამ კორდონი ჩააყენა.

სამართალდამცველებმა კინო “რუსთაველთან” გზა ყვითელი ავტობუსებით ჩაკეტეს და ცოცხალი კორდონიც გააკეთეს. სამართალდამცველების თქმით, აღნიშნული ზომები აქციის მონაწილეების უსაფრთხოების მიზნით არის მიღებული.

პარლამენტის წინ ჰომოფობიური აქცია მიმდინარეობს, ხოლო კინო რუსთაველთან – ანტისაოკუპაციო, გიორგი გახარიას გადადგომის მოთხოვნით. ანტისაოკუპაციო აქციის ორგანიზატორებისა და მონაწილეების ნაწილი ჰომოფობიური აქციის ტერიტორიაზეა დარჩენილი.

ვასაძის მუქარა: სახალხო რაზმებით ვიპატრულირებთ, ქამრებით შევუკრავთ ხელებს

მასალების გადაბეჭდვის წესი