ახალი ამბები

დუმის სპიკერი გიორგი გაბუნიას რუსეთში ექსტრადირებას ითხოვს

8 ივლისი, 2019 • 7333
დუმის სპიკერი გიორგი გაბუნიას რუსეთში ექსტრადირებას ითხოვს

რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო სათათბიროს სპიკერი ვიაჩესლავ ვოლოდინი მიიჩნევს, რომ ქართველი ჟურნალისტის, გიორგი გაბუნიას რუსეთში ექსტრადირება უნდა მოხდეს და მან პასუხი რუსული კანონმდებლობის მიხედვით აგოს.

ვოლოდინის განცხადებას “ინტერფაქსი” ავრცელებს.

“ეს მოსაზრება ისმოდა სახელმწიფო დუმის საბჭოს სხდომაზე და ყველა მივედით აზრამდე, რომ საჭიროა, სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცეს საქართველოს წარმომადგენელი, რომელიც მოიქცა შეუფერებლად, დაამცირა სახელმწიფოს მეთაური. საჭიროა მისი ექსტრადირება, რომ ჩვენმა სასამართლომ განსაზღვროს მისი პასუხისმგებლობის საკითხი რუსეთის კანონმდებლობის მიხედვით, შემდეგ კი გადაწყვეტონ, სად მოიხდის სასჯელს – საქართველოს თუ რუსეთის ტერიტორიაზე”, – განაცხადა ვოლოდინმა.


ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის წამყვანმა გიორგი გაბუნიამ 7 ივლისის გადაცემა რუსულ ენაზე დაიწყო და  რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს აგინა, მათ შორის, გარდაცვლილი დედა და მამა. არხის დირექტორმა ნიკა გვარამიამ მალევე განაცხადა, რომ მისთვის მიუღებელია გამოხატვის ამგვარი ფორმა. ბოდიში მოიხადა “კვირის აქცენტების” წამყვანმა ეკა კვესიტაძემაც.

“რუსთავი 2”-ის წამყვანის მიერ პუტინის გინებას მყისიერად გამოეხმაურნენ ქვეყნის პრემიერ-მინისტრი, პრეზიდენტი, პარლამენტის თავმჯდომარე და თბილისის მერი და შეაფასეს როგორც პროვოკაცია და დესტაბილიზაციის მცდელობა. კახა კალაძემ ისიც განაცხადა, რომ საქართველო ისეთი გამოწვევების წინაშე დგას, დაუშვებელია “პატრიოტიზმით” შენიღბული ამ მასშტაბის პროვოკაცია მკაცრი რეაგირების გარეშე დატოვონ.

ტელეკომპანია “რუსთავი 2”-მა ბოდიში მოიხადა გაბუნიას გინების გამო, ამასთანავე, განაცხადა, რომ “კატეგორიულად დაუშვებლად მიიჩნევს საქართველოს ხელისუფლების მხრიდან თავდასხმებს და მუქარებს საპასუხო მკაცრი რეაგირების თაობაზე”.

მასალების გადაბეჭდვის წესი