ახალი ამბები

ქუჩურად მიაყენა შეურაცხყოფა ჩემი ქვეყნის პრეზიდენტს – თინა კანდელაკი გაბუნიაზე

8 ივლისი, 2019 • 4171
ქუჩურად მიაყენა შეურაცხყოფა ჩემი ქვეყნის პრეზიდენტს – თინა კანდელაკი გაბუნიაზე

რუსეთში მცხოვრები ქართველი ჟურნალისტი თინა კანდელაკი “რუსთავი 2″-ის წამყვან გიორგი გაბუნიას მიერ პირდაპირ ეთერში რუსეთის პრეზიდენტ პუტინის გინებას ეხმაურება. კანდელაკი წერს, რომ გაბუნიამ მის პრეზიდენტს შეურაცხყოფა “ქუჩურად“ მიაყენა.

“ტელეკომპანია “რუსთავი 2”-მა , რომლის რეალური ბენეფიციარიც მიხეილ სააკაშვილია, ბუკვალურად ახლახან მიაღწია ფსკერს და ამიერიდან უკვე აღარ შეეძლება უფრო ქვემოთ დაშვება.

ერთ-ერთი გადაცემის დასაწყისში ტელეწამყვანი დიდხანს, ჭუჭყიანად და ქუჩურად აყენებდა შეურაცხყოფას ჩემი ქვეყნის პრეზიდენტს, ისე როგორც ამას აკეთებენ მდაბიო რადიკალები, რომლებიც საქართველოში ყველაზე სასტიკი დანაშაულების უკან დგანან.

მე მიმაჩნია, რომ არამხოლოდ ტელეკომპანია “რუსთავი 2“, რომელიც 18 ივლისს უნდა დაუბრუნდეს თავის კანონიერ მფლობელს, ვალდებულია მოიხადოს ბოდიში, ბოდიში უნდა მოიხადოს საქართველოს ხელისუფლებამაც,“ – წერს კანდელაკი.

მისივე თქმით, ვლადიმერ პუტინს ეს მობოდიშება არ სჭირდება, თუმცა ამგვარი ნაბიჯი ქვეყნის რეპუტაციისთვის აუცილებელია. ამასთანავე, კანდელაკი მომხდარს კიდევ ერთხელ უკავშირებს მიხეილ სააკაშვილს და ამბობს, რომ მისი ადგილი ციხეშია.


ტელეკომპანია რუსთავი 2-ის წამყვანმა გიორგი გაბუნიამ 7 ივლისის გადაცემა რუსულ ენაზე დაიწყო და  რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს აგინა, მათ შორის -გარდაცვლილი დედა და მამა. არხის დირექტორმა ნიკა გვარამიამ მალევე განაცხადა, რომ მისთვის მიუღებელია გამოხატვის ამგვარი ფორმა. ბოდიში მოიხადა “კვირის აქცენტების” წამყვანმა ეკა კვესიტაძემაც.

რუსთავი 2-ის წამყვანის მიერ პუტინის გინებას მყისიერად გამოეხმაურნენ ქვეყნის პრემიერ-მინისტრი, პრეზიდენტი, პარლამენტის თავმჯდომარე და თბილისის მერი და შეაფასეს როგორც პროვოკაცია და დესტაბილიზაციის მცდელობა. კახა კალაძემ ისიც განაცხადა, რომ ჩვენი ქვეყანა ისეთი გამოწვევების წინაშე დგას, დაუშვებელია “პატრიოტიზმით” შენიღბული ამ მასშტაბის პროვოკაცია მკაცრი რეაგირების გარეშე დატოვონ, ხოლო საგარეო საქმეთა სამინისტრომ საერთაშორისო საზოგადოებას მოუწოდა, ჟურნალისტის საქციელი შეაფასონ.

ტელეკომპანია “რუსთავი 2”-მა ბოდიში მოიხადა გაბუნიას გინების გამო, ამასთანავე, განაცხადა, რომ “კატეგორიულად დაუშვებლად მიიჩნევს საქართველოს ხელისუფლების მხრიდან თავდასხმებს და მუქარებს საპასუხო მკაცრი რეაგირების თაობაზე”.

მასალების გადაბეჭდვის წესი