ახალი ამბებიკომენტარი

კორნელი კაკაჩია: საგარეო უწყება არ უნდა იყოს ჩართული მმართველი პარტიის პოლიტიკურ აქციებში

8 ივლისი, 2019 • 6036
კორნელი კაკაჩია: საგარეო უწყება არ უნდა იყოს ჩართული მმართველი პარტიის პოლიტიკურ აქციებში

„ეს შემთხვევა კიდევ ერთხელ ადასტურებს იმ ფაქტს, რომ სახელმწიფო ინტერესებსა და მმართველი პარტიის ინტერესებს შორის ზღვარი წაშლილია“, – ასე გამოეხმაურა პოლიტოლოგი კორნელი კაკაჩია ფეისბუქზე საგარეო საქმეთა სამინისტროს გუშინ ღამით გავრცელებულ განცხადებას – ამ უწყებამ საერთაშორისო თანამეგობრობას მიმართა და გიორგი გაბუნიას სატელევიზიო მონოლოგის შეფასება სთხოვა. რას ნიშნავს ზღვარი სახელმწიფო და პარტიულ ინტერესებს შორის? – ამ თემაზე და ბოლოდროინდელ პოლიტიკურ პროცესზე საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის ხელმძღვანელს, პოლიტოლოგ კორნელი კაკაჩიას ვესაუბრეთ.

  • ბატონო კორნელი, თავდაპირველად ფეისბუქპოსტზე მინდა გკითხოთ, სადაც წერთ, რომ საგარეო საქმეთა სამინისტროს გუშინდელმა განცხადებამ აჩვენა, თუ როგორ არის წაშლილი ზღვარი სახელმწიფო და მმართველი პარტიის ინტერესებს შორის. 

„რუსთავი 2“-მა რაც გააკეთა, ეს ყოველგვარ ზღვარს სცდება და ამას ადეკვატური შეფასება მისცა საზოგადოებამ. ძალიან არაადეკვატური იყო ხელისუფლების შეფასება, განსაკუთრებით კი, საგარეო საქმეთა სამინისტროს მხრიდან, რომელსაც არც ევალებოდა ამის გაკეთება. სხვა დროს არ მიუღია ასეთი სწრაფი გადაწყვეტილება ამ უწყებას და უცებ გამოაქვეყნა წერილი, სადაც მოსთხოვეს საერთაშორისო თანამეგობრობას კონკრეტული, კერძო ტელევიზიის ჟურნალისტის საქციელის შეფასება. ეს, ცოტა არ იყოს, არაადეკვატურია. საერთაშორისო საზოგადოებას სთხოვდე კონკრეტული მედიის დასჯას, ეს მხოლოდ ვიწროპარტიულ დონემდე დადის. საგარეო საქმეთა სამინისტრო არის სახელმწიფო უწყება და ის არ უნდა იყოს ჩართული მმართველი პარტიის პოლიტიკურ აქციებში. მმართველ პარტიას და სახელმწიფო ინტერესებს შორის განსხვავებაა და, სამწუხაროდ, ჩვენს ქვეყანაში ვერასდროს ვერ მივაღწიეთ ამას. იგივე პრობლემა ჰქონდა წინა ხელისუფლებასაც.

  • ფეისბუქში ასევე წერთ, რომ გუშინ ხელისუფლებამ ფაქტიურად მოუხადა ბოდიში რუსეთს და ამის გაკეთება აქამდეც სურდა. 

კი, ხელისუფლებას დასჭირდა ეს მოცემულობა. როგორც ჩანს, ამ პათოსზე ზოგიერთი მათგანი სხვა დროსაც არ იტყოდა უარს, მაგრამ ამის შესაძლებლობა არ ჰქონდათ. იციან, რომ საქართველოში ამას მარტივად არ მიიღებდნენ… დღეს არსებობს საფრთხე, რომ მოხდეს მედიის და კონკრეტული მედიასაშუალების დემონიზება. ეს კონკრეტული მმართველი პოლიტიკური პარტიის ინტერესია. დანარჩენი, ვის რა პოზიცია აქვს, უკვე ვნახეთ – საზოგადოებას ჰქონდა ერთიანი პოზიცია, რაც გიორგი გაბუნიას ეხებოდა.

  • რა გამოჩნდა ამ პროცესში მმართველი პოლიტიკური ძალის რუსეთთან დამოკიდებულების კუთხით? 

ფაქტია, რომ მმართველმა პარტიამ  ნორმალიზების პოლიტიკის დაწყებით, რომლის წინააღმდეგიც არავინ არ არის, შორს შეტოპა. მათ ვერ განსაზღვრეს, სად მთავრდება ეს ნორმალიზების პოლიტიკა და სად იწყება მდგომარეობა, როცა ცდილობ, რომ მოერგო რუსეთის ინტერესებს. ქართულ საზოგადოებაში დიდი ხანია გროვდებოდა ეს უკმაყოფილება, გავრილოვის შემთხვევამ, უბრალოდ, ეს პროტესტი გამოაჩინა. საზოგადოება მომხრეა სავაჭრო და ეკონომიკური ურთიერთობების აღდგენის, მაგრამ ეს არ უნდა მოხდეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის ხარჯზე.

ამ ხელისუფლების დროს ხდება ისიც, რომ გარკვეული საზოგადოებრივი და პოლიტიკური მოძრაობები წამოიჩიტა და ისინი სხვადასხვა მანიფესტაციას ატარებენ, სხვადასხვა ლოზუნგით. ხელისუფლება შესაძლოა ხელს არ უწყობს მათ, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ხელს არ უშლის რუსული „რბილი ძალის“ დამკვიდრებას საქართველოში. ეს გამოჩნდა ამ პროცესში ცალსახად.

  • რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლების რეაქციამ რა აჩვენა თქვენთვის? 

პუტინისთვის საქართველოსთან დაახლოება და, ასე ვთქვათ, წარმატებული მოდელის განხორციელება იყო მნიშვნელოვანი. მისთვის მთავარი იყო ეჩვენებინა, მაგალითად, იგივე უკრაინისთვის, რომ საქართველოსთანაც ხდება ურთიერთობების ნორმალიზება, რომ აი, როგორც კი ქართველები გონს მოეგნენ, მოწესრიგდა ეს კონფლიქტი. პუტინი მოდელად იყენებდა საქართველოს. ამ მოვლენების შემდეგ კი გამოჩნდა, რომ  „რბილი ძალის“ პოლიტიკა, რომელიც თითქოს მუშაობდა, რეალურად არ მუშაობს. ამან პუტინის დღის წესრიგსაც დაარტყა. აქედან გამომდინარე იყო ის ხისტი პოზიციები, რაც რუსეთის ხელისუფლებამ გამოავლინა.

  • საპროტესტო აქციები გრძელდება იმის მიუხედავად, რომ პარლამენტთან გამოჩნდნენ სხვა ძალები, ვინც თვლის, რომ გახარია არ უნდა გადადგეს… თქვენ რას ელით ამ აქციებისგან? 

ზუსტად არ ვიცი. ეს ალბათ დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ მოახერხებენ საპროტესტო მუხტის შენარჩუნებას თავად ორგანიზატორები და სამოქალაქო საზოგადოება, რომელიც ამის უკან დგას. რთულია პროგნოზირება, თუ არაფერი არ შეიცვალა, თუ ხელისუფლებამ არ დაუშვა რამე შეცდომა ამ დღეებში, ასე ჩანს, რომ ხელისუფლება არ აპირებს გახარიას გადაყენებას.  მოდის აგვისტო, როცა ყველა შვებულებაში გადის, თუმცა სიტუაცია ისე იცვლება ყოველდღიურად, რომ ხვალ რა იქნება, კაცმა არ იცის.

  • გახარიას წინააღმდეგ საპროტესტო აქციებზე ხშირად ისმის, რომ ისინი არაპარტიულები არიან… თქვენი აზრით, მოახერხეს თუ არა ამის დადასტურება აქციის ორგანიზატორებმა?  

მეტ-ნაკლებად მოახერხეს, კი. ეს მიუთითებს იმაზე, რომ პარტიების მიმართ ნდობა ძალიან დაბალია საზოგადოებაში. პარტიების მიერ დაგეგმილ აქციებზე საზოგადოებას არ უნდა ხშირად მისვლა. ჩვეულებრივი ადამიანები როცა გამოდიან აქციაზე, ეს უფრო დიდ ნდობას იწვევს. ეს მომენტი პარტიებმაც უნდა გაითვალისწინონ და მგონია, რომ ისინი ხედავენ ამას. პარტიები ჩამორჩნენ საზოგადოების განვითარების დონეს. საზოგადოება უფრო წინ წავიდა, ვიდრე პოლიტიკური პარტიები. რეალურად, იმის ნაცვლად, რომ პარტიები ქმნიდნენ დღის წესრიგს, საზოგადოება ქმნის დღის წესრიგს, კონკრეტულად კი, ახალგაზრდები. ეს ალბათ დასაფიქრებელია თავად პარტიებისთვის. პარტიების მიზანი უნდა იყოს ის, რომ პარტიებში იყვნენ ადამიანები, რომლებსაც ექნებათ ნდობა და ის გაუცხოება, რომელიც არსებობს პარტიებსა და საზოგადოებას შორის, აღმოიფხვრას.

მასალების გადაბეჭდვის წესი