ახალი ამბები

რუსეთის საგარეო კმაყოფილია ოფიციალური თბილისის რეაქციით გაბუნიაზე

8 ივლისი, 2019 • 2063
რუსეთის საგარეო კმაყოფილია ოფიციალური თბილისის რეაქციით გაბუნიაზე

რუსეთის საგარეო უწყება რ2-ის წამყვან გიორგი გაბუნიას მიერ ვლადიმირ პუტინის გინებას “ქართველი რადიკალების მხრიდან მოწყობილ კიდევ ერთ პროვოკაციას უწოდებს”. ოფიციალური მოსკოვის განცხადებით, ამ ძალების მიზანი “რუსულ-ქართული ურთიერთობების გაუარესებაა”.

რუსეთის საგარეო უწყება ხაზს უსვამს, რომ ამჟამად, განსხვავებით 20 ივნისის [გავრილოვის ინციდენტი] შემთხვევისგან, საქართველოს ხელისუფლებას “რადიკალების გამართლება” არ დაუწყია.

“საქართველოს ხელისუფლებამ საკუთარ თავში იპოვა ძალა, გაემიჯნა პროვოკრატორებს და შეაფასა მათი ქმედებები. ვხედავთ სამართლიან აღშფოთებასაც, რომლითაც ქართულმა საზოგადოებამ მომხდარი მიიღო”, – აცხადებენ რუსეთის საგარეოში.

ოფიციალური მოსკოვი მომხდარზე ადეკვატურ რეაქციას ელის შესაბამისი პროფილის მქონე ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების, ასევე, ჟურნალისტური კორპუსის მხრიდან.

მოსკოვის განცხადებით, ასეთ რამ ცივილიზებულ ქვეყანაში არ უნდა ხდებოდეს.


ტელეკომპანია რუსთავი 2-ის წამყვანმა გიორგი გაბუნიამ 7 ივლისის გადაცემა რუსულ ენაზე დაიწყო და  რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს აგინა, მათ შორის- გარდაცვლილი დედა და მამა. არხის დირექტორმა ნიკა გვარამიამ მალევე განაცხადა, რომ მისთვის მიუღებელია გამოხატვის ამგვარი ფორმა. ბოდიში მოიხადა “კვირის აქცენტების” წამყვანმა ეკა კვესიტაძემაც.

რუსთავი 2-ის წამყვანის მიერ პუტინის გინებას მყისიერად გამოეხმაურნენ ქვეყნის პრემიერ-მინისტრი, პრეზიდენტი, პარლამენტის თავმჯდომარე და თბილისის მერი და შეაფასეს როგორც პროვოკაცია და დესტაბილიზაციის მცდელობა. კახა კალაძემ ისიც განაცხადა, რომ ჩვენი ქვეყანა ისეთი გამოწვევების წინაშე დგას, დაუშვებელია “პატრიოტიზმით” შენიღბული ამ მასშტაბის პროვოკაცია მკაცრი რეაგირების გარეშე დავტოვონ, ხოლო საგარეო საქმეთა სამინისტრომ საერთაშორისო საზოგადოებას მოუწოდა, ჟურნალისტის საქციელი შეაფასონ.

ტელეკომპანია “რუსთავი 2”-მა ბოდიში მოიხადა გაბუნიას გინების გამო, ამასთანავე, განაცხადა, რომ “კატეგორიულად დაუშვებლად მიიჩნევს საქართველოს ხელისუფლების მხრიდან თავდასხმებს და მუქარებს საპასუხო მკაცრი რეაგირების თაობაზე”.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი